„ორ ადამიანს დავიტოვებ, ჭამა-სმა ჩემზე იყოს“. თბილისი ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქციისთვის ემზადება
„თბილისი არის თანადგომა“ ასე ჰქვია ფეისბუკის ქართულ სეგმენტში შექმნილ ახალ ჯგუფს, რომელიც მიზანია ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს დაეხმაროს.
ნახევარ წელზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს. 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
_____________________________________________________________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
_____________________________________________________________________________
აპრილში რიონის ხეობის მცველების კარვები პოლიციამ მდინარის ადიდების მიზეზით დაშალა, თუმცა პროტესტმა სხვა სოფელში გადაინაცვლა.
23 მაისს პროტესტის მონაწილეები მასშტაბურ აქციას თბილისში გეგმავენ. მასშტაბური აქცია თბილისში კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მთავრობასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
აქციაზე ბევრი რეგიონებიდან აპირებს ჩამოსვლას, ამიტომ თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შექმნეს ფეისბუკ ჯგუფი, სადაც მათ ღამის გასათევად საკუთარ სახლს, ჰოსტელს, ჰოსტელში თანხის გადახდას, საკვებს, ცხელ აბაზანას და მანქანით მომსახურებას სთავაზობენ. ჯგუფი 5 მაისს შეიქმნა და 7 მაისის მონაცემებით, მასში უკვე 1500-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
„დავაფინანსებთ ჰოსტელს 10 ადამიანისთვის, სასურველი ლოკაცია ვორონცოვისკენ, რომ მერე ‘შავ ლომში’ გადმოირბინონ საჭმელად“
„ორ ქალს/გოგონას დავაძინებ (საწოლი ერთიანია, ოღონდ) საჭმელს, სასმელს და ცხელ შხაპს გავუნაწილებ. ვაკეში“
„შემიძლია 4 დღე საუზმე მივაწოდო ჰოსტელში 5 ადამიანს“
„2 ადამიანს დავიტოვებ, ჭამა, სმა და პატივისცემა ჩემზე იყოს“
„მზად ვარ დედაქალაქის ნებისმიერ წერტილში დავხვდე ავტომობილით, მივიყვანო აქციაზე, გამოვკვებო, ღამე გავათენებინო და კვლავ მანქანით მოვემსახურო მეორე დღეს ორ რეგიონიდან ჩამოსულ აქციის მონაწილეს“
„2 ადამიანი მშვიდად დაეტევა, თაბუკაშვილის 31-ში, ოპერის უკან, თავისუფალ ბინაში. საწოლი მესამისთვისაც არის.“
ჯგუფის ადმინისტრატორები წერენ, რომ თავადაც აწარმოებენ თბილისში არსებული ჰოსტელების მეპატრონეებთან მოლაპარაკებებს, შეღავათების მისაღებად.
„არ აქვს მნიშვნელობა თქვენ კონსერვატორი ხართ თუ ლიბერალი, მემარჯვენე თუ მემარცხენე, ქრისტიანი თუ ბუდისტი, რიონის ხეობის გაყიდვა და იქ ჰესის აშენება ნებისმიერ გაგებასა თუ მსოფლმხედველობაში დანაშაულია,“ – წერენ ჯგუფის ორგანიზატორები და ყველას მოუწოდებენ სოლიდარობისკენ:
„ამ ჯგუფში შეგიძლიათ განათავსოთ განცხადებები რომ მზად ხართ უმასპინძლოთ ადამიანს, მიუთითოთ რამდენი ხნით, შეგიძლიათ უბრალოდ სადილზე დაპატიჟოთ ან აბაზანის გამოყენება შესთავაზოთ, ნებისმიერი ფორმით რითაც შეგიძლიათ ადამიანებს დახმარება გაუწიოთ… ჯგუფში ჩამომსვლელებმაც უნდა დადოთ განცხადებები, რომ ეძებთ ღამის გასათევს ან უბრალოდ თბილისელს რომელიც რამე კრიზის დროს ყურადღებას მოგაქცევთ“.
რიონის ხეობის მცველები
„ნამახვანჰესის“ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მლნ აშშ დოლარია და მაც თურქული კომპანია შპს „ენკა რინიუებლზ“ ააშენებს.
ჰესის მშენებლობა დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში იგეგმება.
ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს – ტვიში-ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომლის სიმაღლე 60 მეტრი იქნება და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 111 მეტრი იქნება. საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი. წლიური გამომუშავება 1500 გგვტ.სთ.
”ეს არის სიკვდილის კაშხალი”, – ასე უწოდებენ ადგილობრივები ამ პროექტს და მის საწინააღმდეგოდ საკუთარი არგუმენტები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ჰიდროელექტროსადგური სრულად დატბორავს რიონის ხეობას და საფრთხეს შეუქმნის 18 სოფლის არსებობას.
პროექტის დიდი მხარდამჭერია ხელისუფლება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “გაზვიადებულს” უწოდებს ადგილობრივების და ეკოლოგების შიშებს და ამბობს, რომ „ეს მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, დიდი კონტრიბუცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში”.