პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე: ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტი იქნება რობოტები
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, სადაც პატრიარქი ამბობს, რომ მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს. ასევე, პატრიარქის ეპისტოლეში წერია, რომ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტი იქნება რობოტები და ადამიანის არასრულფასოვნება. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქი ხაზს უსვამს იმას, რომ წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: მამაკაცი და ქალი.
“ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”, – წერია ეპისტოლეში.
ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტ-ჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; “კრიზისული წესრიგის” ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა.
სააღდგომო ეპისტოლეში საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა ტრადიციული იდენტობების – მამაკაცის და ქალის განხილვას:
“ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს, ცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი,აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.
წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: “მამაკაცი” და “ქალი”, “ოჯახური ფასეულობები”…“
პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს.
“ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;
ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და, კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედია-საშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.”
ეპისტოლეში ასევე ვკითხულობთ, რომ თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
პატრიარქის თქმით, ხელისუფლება რამდენადაც ხელს შეუწყობს სულიერების აღორძინებას, განმტკიცდება ქვეყანა.
___________________________________
● სააღდგომო ტრადიციები საქართველოში და რა შეზღუდვები იმოქმედებს წელს პანდემიის გამო
● აღდგომა და ებრაული პასექი – რა აქვთ საერთო და რა განასხვავებთ
● ქართული ქელეხი უწინ და დღეს
● კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
● ლელო – ქართული რაგბი უჩვეულო წესებით
___________________________________
დღეს საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
არის რამდენიმე ტრადიცია და წეს-ჩვეულება, რომლის გარეშეც აღდგომას თითქმის არცერთი ქართული ოჯახი (მათ შორის, ნაკლებად რელიგიურიც) არ აღნიშნავს.
თუმცა, წელს, პანდემიის გამო, ბევრი წესი შეიცვალა:
● ლიტურგია ეკლესიებში ახალი წესების შესაბამისად ჩატარდა – მორწმუნეებმა დაიცვეს დისტანცია და ეკეთათ ნიღბები;
● აღდგომის ღამეს, 1 მაისიდან 2 მაისამდე, კომენდანტის საათი მხოლოდ ნაწილობრივ გაუქმდა. ნაცვლად 21: 00-05: 00 საათების, მოძრაობა 23:00 საათიდან 4:00 საათამდე შეიზღუდა;
● 3 მაისიდან 12 მაისამდე არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
● და ყველაზე მნიშვნელოვანი აკრძალვა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია – სააღდგომოდ სასაფლაოები ჩაიკეტა.
ეს მეორე აღდგომაა პანდემიის პირობებში. გასულ წელს, საქართველო აღდგომის დღესასწაულს მკაცრი შეზღუდვების და კარანტინის პირობებში შეხვდა, მაგრამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აკრძალული მაინც არ ყოფილა. არ შეცვლილა ერთი ჭურჭლიდან ზიარების წესიც. შარშანაც მორწმუნეები ნიღბებს ატარებდნენ და დისტანციას იცავდნენ.