აზერბაიჯანში ინიციატივით გამოდიან, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
აზერბაიჯანის პარლამენტში წინადადებით გამოვიდნენ, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ამ დასკვნამდე პარლამენტარები ვაქცინაციის მიმდინარეობის გაანალიზების შემდეგ მივიდნენ – ადამიანები დიდი ენთუზიაზმით არ იცრებიან. ზოგიერთ დღეს, ვაქცინირებულთა რიცხვი ათასამდეც არ აღწევს.
- აღდგომის დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც
- ხმაურიანი დაკავებები ბაქოში: რა ღირს პაციენტის კოვიდკლინიკაში განთავსება?
- სომხეთში “Sputnik V” და „AstraZeneca“ ჩაიტანეს
განხილვა პარლამენტში
„გუშინ, პრესაში წავიკითხე, რომ დღე-ღამეში, სულ რაღაც 365 ადამიანი აიცრა. მათგან მხოლოდ სამი აიცრა მეორე დოზით. რატომ ასე ცოტა? ვაქცინები არ არის თუ ადამიანებს არ სურთ აცრა?“, – ასეთი კითხვებით აზერბაიჯანის პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატი ჰუდრათ ჰასანგულიევი გამოვიდა.
მისი აზრით, ასაცრელი ხალხის ასაკობრივი ცენზი უნდა დაიწიოს. „ჩვენ რომ დროულად მიგვეღო სწორი გადაწყვეტილებები, შეიძლება სხვანაირი სიტუაცია ყოფილიყო“, – დასძინა მან.
დეპუტატის კითხვას, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, აჰლიმან ამირასლანოვმა უპასუხა. მან თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არის: „ძალიან ცოტა ადამიანი იტარებს ვაქცინაციის პროცედურას ნებაყოფლობით. თუკი ასე გაგრძელდება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, ასაცრელების ასაკობრივი ცენზი შევამციროთ“.
რადიკალური წინადადებით გამოვიდა დეპუტატი ფაზაილ აგამალი. „ისე უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი სავალდებულო გახდეს. ამავდროულად, უნდა გააქტიურდეს საგანმანათლებლო მუშაობა. ადამიანები ვაქცინაციით უნდა დაინტერესდნენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ამირასლანოვმა სავალდებულო ვაქცინაციის წინადადების საპასუხოდ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი პრაქტიკა ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის.
ვაქცინაციასთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში
აზერბაიჯანში, ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 18 იანვარს დაიწყო. ქვეყანა ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინას იყენებს. ხელისუფლების განცხადებების თანახმად, ხელმოწერილია შეთანხმება 8 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებაზე. ეს 4 მილიონი ადამიანის ასაცრელად უნდა იყოს საკმარისი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის მთელი მოსახლეობის 40 პროცენტის.
დღეისათვის, ქვეყანაში სულ 1 423 660 დოზა ვაქცინაა გამოყენებული. პირველი დოზა მიიღო 939 460-მა ადამიანმა, მეორე – 484 200-მა.
ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ვაქცინაციის პროცესი სრულად გაიარა, დაახლოებით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, რაც მთელი მოსახლეობის 5 პროცენტია.
ექსპერტის მოსაზრება
ექიმ აზერ ისლამოვის აზრით, ვაქცინაციის პროცესი მარტივად შეიძლება იქცეს ნებაყოფლობით-სავალდებულოდ.
„არსებობს ისრაელის შესანიშნავი გამოცდილება. პირველად, უკანასკნელი ათი თვის განმავლობაში, ამ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორ მიაღწიეს ამას?
ისრაელში, ვაქცინაცია ნებაყოფლობით-სავალდებულო ხასიათს ატარებს. იქ სპეციალური „მწვანე პასპორტები“ შემოიღეს, რომლის გარეშეც ფაქტობრივად ვერსად წახვალ. არცერთი რესტორანი, თეატრი, სტადიონი ან საზოგადოების დიდი თავშეყრის სხვა ადგილი არ შეუშვებს შიგნით ადამიანს ამ დოკუმენტის გარეშე. ის კი მხოლოდ ვაქცინირებულებს გადაეცემათ“, – განმარტა ისლამოვმა JAMnews-ის კორესპონდენტთან საუბრისას.
„რაც შეეხება მიზეზებს, რატომაც ადამიანები დიდი სურვილის გარეშე არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ, მართებული იქნება, გავიხსენოთ ცნობილი ანდაზა: როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო. აზროვნების ჩვეული ტიპი: ცოცხალი ვარ, ჯანმრთელი, ვაქცინის გარეშეც იოლად გავალ“, – დაამატა ექსპერტმა.
კომენტარები
ვაქცინაცია განხილვის მთავარი თემაა სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში. აი, რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„თუ ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ერთადერთი ხალხი ვართ, ვინც შეიძლება გულგრილი ვიყოთ ყველაფრისადმი, რაც არა მხოლოდ სხვებს, არამედ პირადადაც გვეხება“.
„არ მესმის მათი, ვინც არ ენდობა ვაქცინას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩინურია. თავად ვირუსიც არ არის ევროპული“.
„მთავარია არა თავად ვაქცინაცია, არამედ ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების გამოჩენა. იმედია, მალე გავიგებთ, რამდენად ეფექტიანია ეს ჩინური ვაქცინა“.