ლელო - ქართული რაგბი უჩვეულო წესებით
წელიწადში ერთხელ გურიის ერთი ჩვეულებრივი სოფელი შუხუთი მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ექცევა. ზემო და ქვემო შუხუთელები ძველ ქართულ თამაშს – ლელობურთს თამაშობენ. ეს სანახაობა აღდგომა დღეს იმართება და მასზე დასასწრებად ხალხი მთელი საქართველოდან იკრიბება. ამ შანსს ხელიდან არ უშვებენ ადგილობრივები და თავის წარმოჩენას მაქსიმალურად ცდილობენ. ლელობურთის დაწყებამდე იმართება ჭიდაობის, ძალოსნობის შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები, საჩვენებელი წარმოდგენები და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ლელობურთს ბევრი სპორტის ეროვნულ სახეობას უწოდებს და საქართველოში თანამედროვე რაგბის წინაპრად მიიჩნევს. არსებობს ასეთი ლეგენდა: 1854 წელს სოფელ შუხუთის მიდამოებში გურულთა მცირერიცხოვანმა ჯარმა ოსმალეთის იმპერიის ჯარი დაამარცხა. მას შემდეგ ლელობურთის ყოველი თამაში ამ ბრძოლის გახსენებად და იმიტაციად ითვლება.
ტრადიციისამებრ, შუხუთელები ორად იყოფიან და ზემოურები ქვემოურებს ერკინებიან.
ლელოს ბურთი ტყავისგან იკერება, ნახერხითა და მიწით ივსება და ალადასტურით იჟღინთება. ბურთი ერთ ფუთს, ანუ დაახლოებით 16 კილოგრამს მაინც უნდა იწონიდეს. თამაშის წინ სოფლის ეკლესიაში ბურთს აკურთხებენ და შემდეგ წინამძღვარი მას სოფლის შუაგულში ააგდებს, რითაც ლელობურთი იწყება. სათამაშო არეალი ცენტრიდან ორივე მხარეს 400-400 მეტრით განისაზღვრება, სადაც ღელეები ჩამოედინება. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ბურთს მოწინააღმდეგის მხარეს ღელეს იქეთ გადაიტანს. არც სათამაშო დრო და არც მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. შერკინებაში ხშირად ასობით შუხუთელია ჩართული, რის გამოც ბურთის დანახვა თამაშის მსვლელობისას პრაქტიკულად შეუძლებელია. თამაშის დროს შუხუთზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალი გაურკვეველი დროით, ლელობურთის დასრულებამდე იკეტება. მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო და სასწრაფოს ბრიგადები.
ლელობურთს მხოლოდ ერთი წესი აქვს – თამაშისას თუ ვინმე წაიქცა ან ცუდად გახდა, მოთამაშეები ხელებს ზემოთ წევენ და მიწოლა წამით ჩერდება, სანამ დაშავებულს ზედახორადან არ გამოიყვანენ. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმები და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც ხდება. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2015 წელს მოხდა – თამაშს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა (თუმცა თამაში გაგრძელდა).
2017 წელს ლელობურთი უჩვეულოდ მცირე დროში – 20 წუთში, უმსხვერპლოდ დასრულდა. ზედახორადან მოულოდნელად გამოვარდნილი ბურთი ზემოურებმა აიტაცეს და მნიშვნელოვანი მანძილი სირბილით მოიგეს, რამაც თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ამჯერად ზემო შუხუთელებმა იმარჯვეს. ტრადიციისამებრ, გამარჯვებულმა გუნდმა ლელოს ბურთი იმ წელს გარდაცვლილი თავისიანის საფლავზე უნდა მიიტანოს. ბურთი სამუდამოდ იქ, საფლავზე დარჩება. შუხუთში არაერთ საფლავზე ნახავთ ასე სამუდამოდ დატოვებულ ლელოს ბურთებს.
ჭიდაობის შეჯიბრი ლელობურთის დაწყებამდე