დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
ეს არის პირველი სტატია Carnegie Europe-სა და ლევან მიქელაძის ფონდის ერთიბლივი პროექტის “The Future of Georgia” სერიიდან, რომელიც საქართველოს საზოგადოებაში აქტუალური საკამათო და სადისკუსიო საკითების ანალიზს ითვალისწინებს.
ნინო ლეჟავა არის იურისტი და დამფუძნებელია გამომცემლობა „მელანის“, რომელიც დაარსდა გაბედული მიზნებით – გააძლიეროს კრიტიკული ხმები, გაავრცელოს ფემინისტური შეხედულებები და აღმოაჩინოს ახალი ან უსამართლოდ მივიწყებული მნიშვნელოვანი ავტორები. 2003-2019 წლებში ის მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში და ხელმძღვანელობდა ფონდის თბილისისა და პრაღის ოფისებს.
„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ეს ფრაზა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ თავის გამოსვლაში 1999 წელს, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს მეორმოცე წევრად მიიღეს. ამით ჟვანიამ გააერთიანა სურვილიც, რომ საქართველო მიჩნეული უნდა ყოფილიყო ევროპის ნაწილად და ფაქტიც, რომ მისი ქვეყანა უკვე ჩართული იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკურ პროექტში. წინადადება, რომლითაც გათანაბრდა ქართველობა ევროპელობასთან, მოგვიანებით იქცა საქართველოს ევროპასთან ტორტმანით დაახლოების მეტაფორად, რომელიც სურვილსაც შეიცავდა, მტკიცებასაც და იმავდროულად, თავიდანვე იძლეოდა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას საქართველოს იდენტობის შესახებ. ახლა, როცა ბევრი ქართველი დასავლეთთან დაახლოების დადებით მხარეებს მკაფიოდ ხედავს, ამ ლტოლვას და მაძიებლობას ხშირად ამბივალენტური ქვეტექსტიც ახლავს.
- ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესის გამო
- IRI-ის კვლევა: რას ფიქრობს ხალხი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
- შეუჩერებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს დახმარებას და რა იქნება შემდეგ. ქართველი და უცხოელი ექსპერტების ანალიზი
კვლევა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში ჩაატარა კავკასიის რეგიონული კვლევების ცენტრმა კარნეგის ევროპული ფონდისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ერთობლივი პროექტისათვის „საქართველოს მომავალი“, ადასტურებს, რომ ქართველების უმრავლესობა კვლავაც იზიარებს ჟვანიას გეზს. ბევრი მათგანი საკუთარ თავს განსაზღვრავს, როგორც ევროპელს და სურვილი აქვს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. ამავე დროს, ევროპის შესახებ მათი ხედვა კომპლექსურია.
რას ნიშნავს ქართული საზოგადოებისათვის – იყო ევროპელი? მოიცავს თუ არა ის დასავლეთ ევროპელების სოციალურ დღის წესრიგსა და ღირებულებებსაც? თუ ევროპა მოიაზრება მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების მფარველად ან რეგიონში რუსეთისა და თურქეთის საპირწონედ? გამოკითხული მოქალაქეების პასუხები ამ კითხვებზე ზოგჯერ წინააღმდეგობრივია, რამდენადაც ისინი ცდილობენ მოიპოვონ განსაკუთრებული ალაგი ევროპის განაპირას.
ევროპისაკენ საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ელიტის „ტკბილ-მწარე“ ლტოლვა ძირითადად მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა ქართველებმა რუსეთის იმპერიის ფარგლებში წამოიწყეს თვითგამორკვევის პროექტი. 1918 წელს, ოქტომბრის რევოლუციიდან ცოტა ხანში, დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი ნოე ჟორდანია ახალი ქართული სახელმწიფოს იდენტობისა და საგარეო პოლიტიკის არჩევანს ბოლშევიზმისა და „აზიისგან“ დეკლარაციული გამიჯვნით შეეცადა: „ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება… – ეს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს სამუდამოთ დასამარებაა, ეს ევროპისაგან სამუდამოთ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნაა. … ევროპა თუ აზია – დღეს ჩვენს წინაშე კონკრეტულად ისმის და ვიმეორებ დღეს კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო მედგრათ იმას, რაც 14 იანვარს აქ ამ ტრიბუნიდან ვთქვი – ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ევროპის დემოკრატიას“. მიუხედავად ამისა, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ დაასამარა საქართველოს ახალგაზრდა და ხანმოკლე რესპუბლიკა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა საქართველოსთვის უფრო ხანგრძლივი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახელმწიფოს საშინაო-პოლიტიკური პარადიგმა ხშირად ირყეოდა, მისი საგარეო-პოლიტიკური კომპასის ისარი მაინც განუხრელად იყო მიმართული დასავლეთისკენ. ქვეყნის მმართველებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების შესახებ და ამ პროცესს საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს საქართველოს გაწევრიანებით ევროპის საბჭოში, სადაც ზურაბ ჟვანიამ თავისი ისტორიული ფრაზა წარმოთქვა. თუმცა, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, საქართველოს მეორე რესპუბლიკასაც უწევს საკუთარი ევროპული ბედისწერის სახელდება უფრო ფართო და ამავე დროს, უმეტესად გამმიჯნავი განსაზღვრებებით, რათა ხაზი გაესვას არჩევანს ევროპის განაპირიდან; განსხვავებით გეზისაგან, რომელიც აღებული აქვთ მეზობელ რუსეთს, თურქეთსა თუ ირანს.
თანამედროვე საქართველო, მიუხედავად სურვილისა, ჯერ კიდევ ელოდება ევროპასთან სრულად დაკავშირებას, ქვეყნის ევროპისაკენ მისწრაფება კი მისი მოქალაქეებისათვის დროში უსასრულოდ გაიწელა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციის პროექტი დროდადრო უკეთესი მომავლის იმედს უსახავდა ქართველებს, ის მაინც უფრო დაპირებული და განუხორციელებელი კომუნიზმის ნათელი მომავალივით მოუხელთებელი აღმოჩნდა.
მფარველის ძიება
ქართველების უმრავლესობა ევროპელობას განიხილავს, როგორც დადებით მახასიათებელს. კარნეგისა და მიქელაძის ფონდების კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კარგია, რადგან „საქართველო უფრო ევროპული გახდება“. თუმცა, უდავოა, რომ ეს მტკიცება სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. სამოქალაქო და ტერიტორიული ომებგადატანილი საქართველოსთვის, რომელიც რუსეთის ზეწოლით გაერთიანდა დსთ-ში (1993), დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებოდა, როგორც გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი, განსაკუთრებით – რუსეთთან მიმართებით.
ამგვარად, ქართველებს სჯერათ, რომ მოცემულობა – ქვეყანა დასავლეთს მოდერნიზაციის სტანდარტით ჩამორჩება, კომპენსირდება მისი მიკუთვნილობით ანტიკურ და ქრისტიანულ ტრადიციასთან. ეს პოზიცია წარმოადგენს შედარებით კონსერვატიულ, წარსულისკენ მიმართულ თვალსაზრისს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსხვავებით იმისგან, თუ რას ნიშნავს ეს დასავლეთ ევროპელთათვის, მათი, უმეტესად სეკულარული, ღირებულებებით. ამგვარად, საქართველოს ასეთი უპირობოდ ქრისტიანული და ევროპული კონცეფცია გულისხმობს ქვეყნის გამიჯვნას რეგიონის სამეზობლოსგანაც. საქართველოს დასავლური მისწრაფება ეფუძნება არა მხოლოდ დესტრუქციული რუსეთის ზეგავლენისგან გაქცევას, არამედ როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მეზობელი (ძირითადად, ისლამური) ეთნიკური ჯგუფებისაგან, ისე აზერბაიჯანისა და თურქეთის შედარებით უფრო სეკულარული ისლამური ტრადიციული კულტურისაგან დისტანცირებასაც.
ქართულ დისკურსში დასავლეთი ძირითადად ამ ორი აქტორის – ევროპის ზეეროვნული (სუპრანაციონალური) კავშირისა და ევროატლანტიკური სამხედრო ალიანსის – სახით მოიაზრება და ისტორიკოს ადრიან ბრისკუს თქმით, ერთდროულად განიხილება, როგორც განვითარებული ცივილიზაციის სივრცეც, მოდერნულობის მოდელიცა და გეოპოლიტიკური ქოლგაც. ვინაიდან ქართულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტებისა და რუსეთისგან მუდმივად მომავალი მუქარის ხანაში მოიპოვა, მან უპირველეს მიზნად დაისახა ნატოში გაწევრიანება, ანუ პოტენციურ მფარველთან მაქსიმალური დაახლოება. 2002 წელს, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პირველად განაცხადა ნატოს წევრობის მაძიებლობის შესახებ. მისმა მემკვიდრემ მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა ეს გეზი და ნატოში გაწევრიანება აქცია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ მისწრაფების რეალისტურობაში, განსაკუთრებით კი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. მაგალითად, 2016 წლის სოციოლოგიური კვლევით, გამოკითხულთა 43%-ს არ ჰქონდა პასუხი კითხვაზე „როგორ ფიქრობთ, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში?“, ხოლო 15% მიიჩნევდა, რომ საქართველო არასდროს გაწევრიანდება ნატოში.
უფრო ადრეული, 2015 წლის, სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროევროპული განწყობა არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გადაიბარა ხელისუფლება: მოსახლეობის უმრავლესობა (61%) კვლავ მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მიუხედავად იმისა, რომ თვით ევროპაში გაფართოების ტალღის ენთუზიაზმი „გაფართოებით გადაღლამ“, ევროზონისა და მიგრაციულმა კრიზისებმა (2015) ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაითავისა ეს მისწრაფება და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში.
კარნეგისა და მიქელაძის ფონდების კვლევის მონაცემები ადასტურებს ზემოთ აღნიშნული მისწრაფებების საზოგადოებრივ მხარდაჭერას. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წელს დადებითი მოვლენა იყო საქართველოსთვის. 1988-1991 წლებში ქართველებისთვის სსრკ-დან გასვლა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვება იყო უპირატესი პოლიტიკური პროექტი. ოცდაათწლიანი ეკონომიკური და სოციალური რყევებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, როცა მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობამ შეძლო შეენარჩუნებინა ან მოეპოვებინა ეკონომიკური კეთილდღეობა, მათი უმრავლესობა მაინც ერთგული დარჩა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეის – სუვერენიტეტის პროექტისა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ეს პროექტი პოლიტიკურ კლასს დეკლარირებულად ჰქონდა მიბმული დასავლეთის მხარდაჭერასა და მასთან ინტეგრაციაზე. ამგვარად, ლოგიკურია, რომ მოსახლეობის 63% დასავლეთს (39% – ევროკავშირს, 24% – აშშ-ს) მიიჩნევს საუკეთესო მხარდამჭერად, ხოლო 13% – რუსეთს (იხ. გრაფიკი 1 უფრო დეტალური მონაცემებისთვის).
2021 წელს საქართველო ჯერ კიდევ ჩაფლულია ღრმა საშინაო-პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც გამოიწვია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა. მრავალი მოქალაქე თავგაბეზრებული ადევნებს თვალს გაჯანჯლებულ კრიზისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მაშინ, როცა საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ითავეს საშინაო-პოლიტიკური კონფლიქტის მომრიგებლობა, ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობის ხისტმა ქცევამ შესაძლოა ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს.
გრაფიკი 1
საქართველოს ყველაზე ახლო მოკავშირეები
საყურადღებოა, რომ ამ კითხვაზე პასუხების განშლა აქაც ლოგიკურად კორელირებს ასაკის, საცხოვრებელი ადგილის, განათლების, ეთნიკურობისა და კეთილდღეობის ცენზთან.
მიზიდულობის ზღვარი
გამოკითხული მოსახლეობის შეხედულებები ევროპასთან უფრო მჭიდრო დაახლოების შესახებ არაა ცალსახა. გამოკითხვის შედეგებში აისახა დასავლეთის მიმართ მძაფრი ამბივალენტურობის ნიშნები ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
პირველი გრაფიკის მონაცემებში არეკლილია საქართველოს საზოგადოების ოცდაათწლიანი ტრანსფორმაციის სურათიც: ეთნიკური, ეკონომიკური და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჩანს, თუ ვინ არის „მოგებული“ და ვინ – „წაგებული“დასავლეთთან ინტეგრაციის პროექტის შედეგად; აგრეთვე ისიც, თუ ვისკენ იყო მიმართული პოლიტიკური ელიტის ინფორმაცია დასავლური სიკეთეების შესახებ. ლოგიკურია, რომ ისინი, ვისაც განათლების ცენზი ან/და ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებლობას აძლევს, იცხოვრონ დიდ ქალაქებში და ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია და შეხება დასავლეთის სიკეთეებთან, ანაც იმოგზაურონ დასავლეთში, უფრო მეტად არიან კეთილგანწყობილი მის მიმართ.
საქართველოს ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფები უფრო ამბივალენტურად არიან განწყობილი ევროპის მიმართ. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილები, აგრეთვე ისინი, ვინც უფრო ხელმოკლე და/ან ხანშიშესულია, უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი.
გამოკითხვის შედეგებში ირეკლება ის იზოლაციური და დისკრიმინაციული ატმოსფეროც, რომელშიც დღემდე ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, სომხური და აზერბაიჯანული თემები. ეს ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენენ, განიცდიან „ღრმა და სტრუქტურულ უთანასწორობას“, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ქართულად (სახელმწიფო ენაზე) არ ლაპარაკობენ და შესაბამისად, ენობრივი ბარიერი მათ საკუთარი უფლებების სრულფასოვან განხორციელებაშიც უშლის ხელს. პერიფერიებში სახელმწიფო ენის შესწავლის სუსტი შესაძლებლობა და აგრეთვე, ზოგადად, უცხო ენის სწავლების მოძველებული მეთოდოლოგია ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობს, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები უყურებდნენ/უსმენდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის სატელევიზიო მაუწყებლობას ან რუსულენოვან საინფორმაციო ნაკადებს. ეს უკანასკნელი საინფორმაციო წყაროები კი, ერთეული გამონაკლისების გარდა, ძირითადად დასავლეთის მიმართ ანტაგონისტური და იზოლაციონისტური პათოსითაა გამსჭვალული.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ეროვნულ პრიორიტეტად არ მიაჩნია ამ ეთნიკური უმცირესობების უფრო მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოებში. ამავე დროს, არ ხედავს ასეთ მიზანს საქართველოს ევროპული გეზის არსებით ნაწილად. უფრო მეტიც – უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მოქალაქეობის ეთნიკურ და არა სამოქალაქო კონცეფციას. ეთნიკური ქართველების მხოლოდ 14 პროცენტმა მიიჩნია, რომ დეპუტატებს შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა დადებითი მოვლენა იქნებოდა, ამას თავად გამოკითხული უმცირესობების წარმომადგენლების 60 პროცენტმა მხარი დაუჭირა. 2020 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის ეს კითხვა უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებამდე დაისვა, როცა ას ორმოცდაათი დეპუტატიდან თერთმეტი წარმოადგენდა ეთნიკურ უმცირესობებს (7,3%). 2020 წლის არჩევნების შედეგად კი ამჟამად საქართველოს პარლამენტში ეთნიკური უმცირესობებს ექვსი დეპუტატი წარმოადგენს (4%).
ამასთანავე, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰიპოთეტური არჩევანის შემთხვევაში, ქართველები ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან შედარებით მკაფიო უპირატესობას ანიჭებენ დაკარგული ტერიტორიების საქართველოს კონტროლქვეშ დაბრუნებას. დასმული კითხვის მიხედვით, რომელიც გამოკითხულებს სთავაზობდა არჩევანს ევროპასთან ინტეგრაციასა და ტერიტორიულ რეინტეგრაციას შორის, რესპონდენტების სამ მეოთხედზე მეტმა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მისცა ხმა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში, ამ კითხვაზე პასუხების პროცენტული დიაპაზონი საკმაოდ ჰომოგენურია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. გამოკითხულთა მხოლოდ 13% ანიჭებს მკაფიო უპირატესობას ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.
ეს მოცემულობა ნაწილობრივ ეწინააღმდეგება როგორც პოლიტიკურ ელიტაში, ისე სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება და ევროატლანტიკური ორიენტაცია ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და უბიძგებს დე ფაქტო რესპუბლიკების საზოგადოებებს, მზერა ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ გადაიტანონ. მიუხედავად ამისა, CRRC-ის უფრო ადრეული სოციოლოგიური კვლევებიც გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 17% უკავშირებდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას ევროკავშირთან ინტეგრაციას.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოხატავს შიშს ქართული და ევროპული სოციალური და კულტურული ღირებულებების დაპირისპირების თაობაზე. 2020 წლის სოციოლოგიური კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი წილი (39%) ფიქრობს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს საფრთხეს ქართული ტრადიციებისათვის. ბევრი მათგანი აგრეთვე ევროკავშირს უკავშირებს ზევიდან წამოწყებულ მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის პროექტს, რომელიც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გაძლიერდა. ეს განწყობა განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებში, რომლებითაც კარგა ხანია, რაც რუსეთიც მომგებიანად მანიპულირებს თავისი ჰომოფობიური სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით, თითქოსდა ამით მიჯნავს საკუთარ კულტურულ კონსერვატიულობასა და „დასავლურ გარყვნილებას“. ამ დისკურსს ზეგავლენა აქვს
საქართველოს კულტურულ სივრცეზეც, რაც უმეტესად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება, რადგან ეს უკანასკნელი ძირითადად „უფროს ძმაზეა“ ორიენტირებული, ღირებულებითი თვალსაზრისით.
რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას პოლიტიკური რეპრეზენტაციის თვალსაზრისით, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ბევრად დაბალია ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სულ 30 ქალი აირჩიეს 150 კანონმდებელს შორის (ოპოზიციის ბოიკოტის გამო ეს რიცხვი კიდევ უფრო დაბალია). წინა მოწვევის პარლამენტში კი სულ 25 ქალი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. გასული წლის სექტემბერში გამოკითხულთა 46 პროცენტმა მიიჩნია, რომ ეს რაოდენობა ძალიან მცირე იყო, 36 პროცენტმა – რომ საკმარისი იყო, ხოლო ექვსმა პროცენტმა განაცხადა, რომ ის ზედმეტად მაღალიც კი იყო.
გრაფიკი 2
ლგბტ თემის წარმომადგენლების ზრდის გავლენა ქვეყანაზე, სოციალური და დემოგრაფიული ცვლადების მიხედვით
გამოკითხულები ბევრად უფრო დიდი უნდობლობით იყვნენ განწყობილი ლგბტქი ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ. კვლევამ უმეტესად უარყოფით პასუხები წარმოაჩინა, თუნდაც ლგბტქი თემის წარმომადგენლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი განწყობები აქ ახალგაზრდა ურბანულ მოსახლეობაშიც ჭარბობს. ეს ფრიად კომპლექსური და პრობლემური საკითხია, რომელიც უკავშირდება ევროპული ღირებულებების საქართველოში გაზიარებას (იხ. გრაფიკი 2). თუმცა, ამგვარი ჰომოფობიური მოსაზრებები მაინცდამაინც არ აქცევს საქართველოს სრულიად უცხო სუბიექტად ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან მიმართებით, რამდენადაც მსგავსი უარყოფითი განწყობები ლგბტქი ადამიანების მიმართ ფართოდაა გავრცელებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებების შედეგად ჩნდება კითხვა – რამდენად განუხრელია საქართველოს ევროპული გეზი, როგორც ეს ხშირად მიიჩნევა?
წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტაც ხშირად ბუნდოვან წარმოდგენებს ქმნიდა ქვეყნის ევროპასთან დაახლოებასთან დაკავშირებით. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის საინაუგურაციო გამოსვლაში საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პრიორიტეტებზე. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მინისტრთა კაბინეტში ახალი პორტფელის – სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – შექმნაც ინსტიტუციურად უსვამდა ხაზს ახალი მთავრობის განწყობებს. მიუხედავად ამისა, მთავრობაში აგრეთვე შედიოდნენ ისეთი რადიკალური ნეოლიბერალური რეფორმატორებიც, როგორიც იყო კახა ბენდუქიძე (ეკონომიკისა და რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი 2004-2008 წწ.). ბენდუქიძე კატეგორიულად უარყოფდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სოციალური დღის წესრიგისა და საყოველთაო სიკეთის იდეებს. ამის მაგივრად ის და მისი თანამოაზრეები მხარს უჭერდნენ განვითარების მოდელებს, რომლებიც გავრცელებულია ისეთ ნახევრად ავტოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოებში, როგორებიცაა ჰონგ-კონგი, სინგაპური და დუბაი. მიიჩნეოდა, რომ ეს ქვეყნები უფრო მისაბაძი იყო, ვიდრე ევროკავშირის დასავლური ყაიდით რეგულირებული ეკონომიკური ბლოკი.
თავის მხრივ, ზოგადად, სამხრეთ კავკასიასა და კერძოდ, საქართველოს მიმართ ევროკავშირს თავიდანვე ახასიათებდა სტრატეგიული ბუნდოვანება. გეოგრაფიული პერიფერიულობის ფაქტორის გარდა, ეს განპირობებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტების (განსაკუთრებით, ევროკომისიის) სკეპტიციზმით – 2003 წლამდე ისინი უფრთხოდნენ კორუფციულ სისტემაში, ქაოსურ მმართველობასა და მოუგვარებელ კონფლიქტებში ღრმად ჩაფლულ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ევროკავშირმა თანდათან უფრო მეტად მოირგო საქართველოს დემოკრატიული მოდერნიზაციისა და პოლიტიკური კონსოლიდაციის უმთავრესი საგარეო აგენტის როლი. ბრიუსელი ხელს უწყობდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ფართო ჰუმანიტარული, ფინანსური და ინსტიტუციური ინსტრუმენტებით. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ლიდერები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
შეგრძნება, რომ ევროკავშირი თავს იკავებს, არასდროს გამქრალა ერთი მთავარი მიზეზის გამო: მიუხედავად ბევრად გაღრმავებული ურთიერთობისა, ევროპული ელიტები ყოველთვის თავს იკავებდნენ საქართველოსთვის შეეთავაზებინათ ის მთავარი ჯილდო, რომელსაც ეს უკანასკნელი ელტვოდა, კერძოდ – ევროკავშირის წევრობა. ამ ფაქტორმა შეასუსტა საქართველოზე ევროპული ზეგავლენის ბერკეტები და შეანელა პოლიტიკური ცვლილებების ტემპიც.
მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებთან სასურველ დაახლოებას თან ახლდა პოლიტიკური ძალისხმევაც: ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მთავრობა 1999 წლისთვის იძულებული იყო გადაედგა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ განხორციელდებოდა, რომ არა „თაფლაკვერის“ მოლოდინი. სოციოლოგ ანა დიაკონიძის მოსაზრებითაც, სწორედ ასეთივე „ჯილდოს“ მიღების მოტივაციით იყო განპირობებული DCFTA-ის ხელმოწერამდე ევროკავშირთან თანამშრომლობის პერიოდი. მართალია, ასეთი სამოტივაციო სტიმულები უეჭველად მნიშვნელოვანი იყო რეფორმებისა და ინსტიტუციური სტანდარტების ჰარმონიზაციისათვის, მაგრამ პროცესში ჩართული ევროპელი აქტორები ხშირად ხუჭავდნენ თვალს ზედაპირულ აქციონიზმსა და მის შედეგებზე.
ყველაზე დიდი ცვლილებები საქართველოში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სივრცეში განხორციელდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინიცირების შემდეგ, 2004 წლიდან გაიზარდა ინსტიტუციონალიზებული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაც. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით გაღრმავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში, რის შედეგადაც საგრძნობლად ამაღლდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა, კომპეტენცია და მოტივაციაც ევროინტეგრაციის პროცესებთან მიმართებით. თანამშრომლობის ამ ჩარჩომ და დონორების ხელშეწყობამ აგრეთვე გააძლიერა არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია და პირდაპირი კავშირები ევროკავშირის ინსტიტუტებთან. ისინი ქვეყნის შიგნითაც იქცნენ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის სფეროში საქართველოს მთავრობის მკაცრ დამკვირვებლებად და პოლიტიკურ პარტიებზე მეტადაც – დასავლური დისკურსის მაფორმირებელ ენთუზიასტურ ძალად.
პერიფერიიდან ევროპაში დაბრუნების მოლოდინი
„კეთილი იყოს სახლში დაბრუნება, საქართველოვ!“ – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა მოხელემ, როცა ის 1999 წლის 27 აპრილს მიესალმა საქართველო გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. რამდენადაც არ უნდა ელამუნებოდეს ეს ხშირად ციტირებული ფრაზა ქართველის ყურს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მრავალწლიანი გზა საქართველოსთვის ჯერაც ვერ იქცა ჰაველისეულ ცნობილ „ევროპაში დაბრუნებად“.
ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების გარკვეული წარმატების მიუხედავად, ქართული პოლიტიკური და კულტურული ელიტების მონდომება, იყოს და აღიქმებოდეს კიდეც ევროპულად, განპირობებულია არა იმდენად დასავლეთთან მიკუთვნილობის შეგრძნებით, რამდენადაც მუდმივი ისტორიული საჭიროებით – ეძებოს ძლევამოსილი, სანდო მფარველი და უზრუნველყოს მოსალოდნელი სარგებელიც (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3
ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის შესაძლო შედეგები
ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლოდინი საქართველოში უფრო ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ასოცირდება, ვიდრე ევროპული ღირებულებების მხარდაჭერასთან.
2015 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 68% მოელოდა, რომ გაუმჯობესდებოდა საქართველოს ეკონომიკა, ხოლო 41% – უსაფრთხოება. კეთილდღეობის მოლოდინთან კორელაციაშია მეტი სამუშაო ადგილის მოლოდინიც (24%). პოლიტიკური განზომილების სიკეთე მოლოდინის სკალაზე ბევრად უფრო დაბალია: დემოკრატიის გაძლიერებას მხოლოდ 21% მოელოდა, ხოლო ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის შანსების გაზრდას – 17%.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის ზოგადი მხარდაჭერა უკეთ აიხსნება ეკონომიკური კეთილდღეობის მოლოდინით, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებულებების გააზრებული არჩევანით. დასავლეთისკენ მისწრაფება ძირითადად პოლიტიკური ელიტის სტრატეგიული პროექტია, რომლის სიკეთე, ჩამოჟონვის ეკონომიკის ეფექტისაგან განსხვავებით, დროდადრო მაინც იკვლევს გზას საქართველოს მოქალაქეთა მასებამდე. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი აგრეთვე გვამცნობს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკავშირს აქამდე მსგავსი ვალდებულება არ აუღია. ქართველებს მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული ჯერაც არ არის; თუმცა კი, არც მთლად ფართოდაა გაღებული. მიუხედავად ამისა და ყველა სხვა გამოწვევისა, რომელიც მათ ქვეყანას აქვს, ისინი გარკვეულწილად კვლავ ინარჩუნებენ ევროპაცენტრულ რომანტიზმსა და ოპტიმიზმს.
ამ შინაგანი წინააღმდეგობის კარგი ილუსტრაციაა 2018 წელს 24 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წამოწყებული კამპანია „ძალა ევროპაშია“, რომლის მიზანია „ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებულ სამყაროსთან დაახლოების დადებითი მხარეების შესახებ და უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების სწორად გააზრებისა და პოპულარიზაციის პროცესში“ (ავტორის ხაზგასმა).
ამ პროექტისთვის საქართველოს სახელმწიფოს დევიზი „ძალა ერთობაშია“ ოსტატურად გადაკეთდა ალუზიურ ლოზუნგად „ძალა ევროპაშია“, რაც, სავარაუდოდ, დაცულობისა და უსაფრთხოების ასოციაციასაც უნდა ქმნიდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანიის განსახორციელებლად ჩართეს მედიისა და პოპკულტურის, აგრეთვე ლიტერატურის სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები და „ინფლუენსერები“. ასე, მაგალითად, ჰეშთეგით ძალაევროპაშია ფეისბუკის კამპანიის ფარგლებში 2019 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა გამოცდილი დიპლომატის, გელა ჩარკვიანის ფოტო მისივე მოკლე ციტატით: „ნატო კოლექტიური ჯეიმს ბონდია, რომელიც იცავს თავისუფალ დასავლეთს იმპერიული ზრახვების მქონე აღმოსავლეთისაგან“.
ნიშანდობლივია, რომ ინგლისურად ამავე კამპანიის სახელწოდება უფრო ტექნიკურია – Genter, რაც უნებლიედ ხაზს უსვამს პოლიტიკური ელიტის „საგარეო“ და „საშინაო“ ენების არსებობას. ეს მოცემულობა გვაბრუნებს ზემოთ აღწერილ ენობრივ უთანასწორობასთან, რომელიც საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს კიდევ უფრო აშორებს დედაქალაქიდან გავრცელებულ საინფორმაციო ველს. საბოლოოდ, ძნელი შესაფასებელია, თუ რა გავლენას იქონიებს ის მოსახლეობის საფუძვლიანი ინფორმირებისა და პოლიტიკური განათლების თვალსაზრისით. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დასავლელი დონორები თავადაც კარგა ხანია ხედავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობითობის დეფიციტს, თუმცა კი, პოლიტოლოგების, კორნელი კაკაჩიასა და ბიძინა ლებანიძის მოსაზრებით, ეს ნაპრალი ქართული საზოგადოებისათვის კვლავ ამოუვსებელი რჩება. ამგვარად, ეს ფაქტორიც ნაწილობრივ განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ორიენტირის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების ექსკლუზიურ ხასიათს.
რუსეთის მიერ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე თავდასხმიდან ასი წლის შემდეგაც თანამედროვე ქართველები დარდობენ საქართველოს ევროპასთან დაახლოების მოუხელთებელი ბუნების თაობაზე. მეორე რესპუბლიკის ელიტები ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასა და გეოპოლიტიკურ ბედისწერას დღემდე ისეთივე სასოწარკვეთილებით აღიქვამენ, როგორც ის აღწერა მიხეილ ჯავახიშვილმა რომანში „კვაჭი კვაჭანტირაძე“. რომანი 1924 წელს გამოქვეყნდა და მოგვითხრობს გმირის თავგადასავლებს მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე. 1920 წელს ბათუმის სანაპიროზე მდგომი ავანტიურისტი კვაჭი კვაჭანტირაძე სევდიანად გასცქერის ბრიტანული სამხედრო გემების გასვლას პორტიდან და ამბობს: „ევროპა წავიდა, ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით აზიაში. ამ გემებმა წაიღეს ჩვენი უკანასკნელი იმედი და დაგვიტოვეს და-მო-უ-კი-დებ-ლო-ბა!“
ევროპის შესახებ რომანტიკული წარმოდგენების უფრო კონკრეტულ რეალობად ქცევის ამოცანა უკვე მალევე დააწვება ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულთა თაობას. თუ ისინი დროულად მოახერხებენ ახალი პოლიტიკური პროექტით გამოვიდნენ ასპარეზზე და უახლოეს მომავალში იქცნენ გავლენიან მოთამაშეებად საშინაო-პოლიტიკურ ველზე, მათ შეიძლება შეძლონ და წინამორბედი თაობის (პოსტ)საბჭოთა სივრციდან გაქცევის შემდგომ მონიშნონ „გლობალიზებულ უ-ადგილობაში საქართველოსთვის ალაგი“. ანთროპოლოგი ლელა რეხვიაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პერიფერიულობის გადალახვის სურვილისა და უნარის არარსებობის შემთხვევაში კი, მათი ქვეყნის იდენტობა ბევრად უფრო ვიწროდ განისაზღვრება. სავარაუდოდ, რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველო დარჩება „დასავლეთისა“ და „აღმოსავლეთის“ დამაკავშირებელ, მაგრამ მაინც მარგინალურ დერეფნად, ან კიდევ განისაზღვრება ევროპის აივნის სივრცულ მეტაფორად, რომელიც გადაჰყურებს მთელ მსოფლიოს, თუმცა კი ვერ ხვდება ევროპული სახლის შიგნით.
ნინო ლეჟავა არის იურისტი და დამფუძნებელია გამომცემლობა „მელანის“, რომელიც დაარსდა გაბედული მიზნებით – გააძლიეროს კრიტიკული ხმები, გაავრცელოს ფემინისტური შეხედულებები და აღმოაჩინოს ახალი ან უსამართლოდ მივიწყებული მნიშვნელოვანი ავტორები. 2003-2019 წლებში ის მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში და ხელმძღვანელობდა ფონდის თბილისისა და პრაღის ოფისებს.