ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესის გამო
ევროკავშირი აქვეყნებს განცხადებას, სადაც გამოხატავს იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში ნაჩქარევი ცვლილებების გამო. ისინი პარლამენტისგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას მოითხოვენ.
ევროკავშირი ხაზს უსვამს იმას, რომ ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება შემდგომი ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა.
საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას.
ასევე, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უმოკლეს დროში მიმართოს ვენეციის კომისიას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაფასებლად.
“იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეადგინა და მიიღო ეს ცვლილებები, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე.
ჩვენ დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვის და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე”, – წერია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესთან და არსებულ წესებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
მათი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეებით.
“ამიტომ ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
_________________________________
● ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს
● ევროკავშირში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
● შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა. დანიელსონი საქართველოს დღეს დატოვებს
____________________________________
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა, ევროპარლამენტში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას შესაძლოა ფინანსური დახმარება შეუჩერდეს.
1 აპრილს შვიდმა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველომ შესაძლოა ოქტომბერში ვერ მიიღოს 60 მილიონი ევრო, რომელიც COVID -19-ის კონტექსტში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 1,5-მილიარდ ლარიანი პაკეტის ნაწილია.
ტრანშის შეჩერების მიზეზად ევროპარლამენტარები ასახელებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. წერილში მეტი წელი პასუხისმგებლობის ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა ასევე ხაზგასმულია ოპოზიციის როლიც იმაში, რომ კომპრომისული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ევროპარლამენტარების აღნიშნული გზავნილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ხოლო ხელისუფლება, რომლის პასუხისმგებლობაც ტექსტში საგანგებოდ არის გამოკვეთილი, ამბობს, რომ ისეთი არაფერი მომხდარა და ეს არა ევროკავშირის, არამედ რამდენიმე ევროპარლამენტარების პოზიციაა.