რატომ ვერ გვარდება პოლიტიკური კრიზისი საქართველოში
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ევროკავშირის წინადადებამ, რომელსაც მმართველი პარტია გარკვეული ყოყმანობის შემდეგ დათანხმდა, ვერ დაარწმუნა ოპოზიცია და საქართველოში დემოკრატიის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. კრიზისის მოგვარების გაზე მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ თითოეულმა მხარე შესაძლო კომპრომისს განსხვავებულად აღიქვამს.
ევროკავშირის ვერსია – ოპოზიცია პარლამენტში შედის, ხოლო ხელისუფლება იწყებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. თუ როგორ ხედავდა კომპრომისს ხელისუფლება, ამ დრომდე გასაგები არ იყო, რადგან ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს და ევროკავშირის წინადადებასაც უარყოფდნენ.
ახლაც, როდესაც ხელისუფლება ევროპელი შუამავლების ვარიანტს დათანხმდა, მთავარი პრობლემის – ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის, გადაჭრის გზები ისევ არ ჩანს.
JAMnews– ის ანალიზი: რატომ ვერ მოიძებნა კომპრომისი პოლიტიკური მტრობის დასაძლევად და კრიზისიდან გამოსასვლელად.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, რომელიც გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, კვლავ გრძელდება. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დასავლელი მაღალი რანგის დიპლომატების შუამავლობისა და ჩარევის მიუხედავად. რა არის გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის მიზეზი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი სიტუაციიდან?
ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირეს დასავლელმა დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა – ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების ტრადიციულმა მხარდამჭერებმა.
მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდმა მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატების შუამავლობით შედეგი არ გამოიღო – ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტს, კრიზისმა პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა და რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვია. ამასთან, მმართველი პარტია, ფაქტობრივად, კრიზისის ფაქტს არ ცნობს და არ სურს ქვეყანაში რაიმე შეცვალოს.
- ევროპარლამენტმა შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩეროს
- კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
- მოსაზრება: რატომ არ გამოდიან ქართველები ქუჩაში?
ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დღემდე. 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს ოპოზიციასთან შეთანხმების პროექტს, რომელიც მარტის ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენელმა კრისტიან დენიელსონმა მხარეებს შესთავაზა.
კერძოდ, ამ წინადადების მიხედვით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, იქ თანამდებობები დაიკავოის, მმართველმა პარტიამ კი მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში, მოსამართლეების და გენერალური პროკურორის დანიშვნაში.
გარდა ამისა, ქართული ოცნება მზადაა განიხილოს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა, თუ მიიღებს ხმების 40% -ზე ნაკლებს ადგილობრივ არჩევნებში.
თუმცა, პრაქტიკულად ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალა თალაკვაძის განცხადებას დაუყოვნებლივ კატეგორიული უარით გამოეხმაურა – ისინი არ აპირებენ შეთანხმების ხელმოწერას, თუ იქ არ იქნება გათვალისწინებული ოპოზიციის ორი მთავარ მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება .
სადავო არჩევნები
მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასებაა.
ოპოზიციის არგუმენტები იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას, რომ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე ხმების დათვლის პროცესში მნიშვნელოვანი უხეში დარღვევები იყო.
რით ასაბუთებს თავის არგუმენტებს ოპოზიცია?
დამკვირვებლების შეფასებით, ისევე როგორც წინა არჩევნების დროს, ამჯერადაც ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. მათ შორის – ზეწოლა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე. დამკვირვებლებმა ასევე გამოავლინეს ამომრჩეველთა დაშინების და მოსყიდვის ფაქტები.
როგორც ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს არჩევნები განსაკუთრებული იყო იმით, რომ გასული წლებში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად დარღვევები გამოვლინდა ხმების დათვლის პროცესშიც. კერძოდ:
– ასობით უბანზე გამოვლინდა მნიშვნელოვანი დისბალანსი – სხვაობა ამომრჩეველთა რაოდენობასა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების რაოდენობას შორის. ზოგიერთ შემთხვევაში, ნაკლები ბიულეტენი იყო – ეს ე. წ. კარუსელების ნიშანია.
– სხვა უბნებზე, პირიქით, უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველი მოვიდა. ეს ეგრეთ წოდებულ “ჩაყრას” ნიშნავს.
– გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობა.
– საარჩევნო უბნებიდან ოქმების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც არჩევნების ღამეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ –გვერდზე, გამოქვეყნდა შეცდომებს შეიცავდა, ხშირად იქ მიცემული ხმების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას ბევრად აღემატებოდა. ამ შეცდომებს კომისიების წევრები შემდეგ სპეციალური გასწორების ოქმებით ასწორებდნენ.
– საარჩევნო კომისიებმა, სხვადასხვა საბაბით, არ მიიღეს განსახილველად ოპოზიციის თითქმის არცერთი საჩივარი დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით და სასამართლოსთვის მიმართვას ასევე არ მოჰყოლია შედეგი.
იმ ადამიანების აზრით, ვინც სარჩელების შემუშავებაში მონაწილეობდნენ, იმდენი დარღვევა დაფიქსირდა, რომ სრულფასოვანი სარჩელის მომზადება ყველა შემთხვევაზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
ამგვარად ჩატარებული არჩევნების შედეგად, სხვაობამ მმართველი პარტიის მიერ მიღებულ ხმებს და იმ პარტიების ხმების ჯამს შორის, რომლებიც არჩევნების შემდეგ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანდნენ, 2 პროცენტრზე ნაკლები შეადგინა.
თავის მხრივ, ხელისუფლება ეუთო / ODIHR– ის მისიის შეფასებებს ეყრდნობა. ეს მცირერიცხოვანი მისია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ არჩევნებზე ერთადერთი უცხოური მისია იყო. ეუთოს მისიის პირველი განცხადების თანახმად, რომელიც არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდა, არჩევნები ”იყო კონკურენტული და, ზოგადად, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან და პარტიებსა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვან ზღვართან დაკავშირებით შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ”.
მარტში მისიის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც პირველ განცხადებას იმეორებდა და შეიცავდა ვრცელ რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების თაობაზე.
ეუთოს განცხადებების საფუძველზე, ევროპარლამენტარები და ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები ძირითადად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
კრიზისი და მოლაპარაკებები
თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. გაერთიანდა. ოპოზიციამ დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, მაგრამ ამან ხელისუფლების შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
თუმცა, საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებმა ოპოზიციის წინააღმდეგ “იმუშავა”. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა და ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ოპოზიციას უარი თქვას ბოიკოტზე, რადგან, მათი აზრით, ნებისმიერი უთანხმოების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ საპარლამენტო დებატების ფორმატში.
ეს ჩიხი კრიზისის ახალ რაუნდამდე გაგრძელდა, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებით იყო გამოწვეული.
აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების დაჟინებული მოთხოვნით და შუამავლობით დაიწყო მოლაპარაკებები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჟან მიშელი კრიზისის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო.
1 მარტს ის თბილისში ჩამოვიდა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგება პირადად სცადა. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მიშელმა მხარეებს თავის წინადადებები დაუტოვა და ბრიუსელში დაბრუნდა.
ამის შემდეგ, მიშელმა თბილისში თავისი წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მოავლინა. ამასთან, ეს მისია წარუმატებელი აღმოჩნდა – 31 მარტს, პარტიის წარმომადგენლებთან ორი რაუნდის განმავლობაში დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, დენიელსონი იძულებული გახდა საჯაროდ ეთქვა, რომ მის წინადადებებს არცერთი მხარე არ დათანხმდა. მან მოლაპარაკებების დაწყებიდან პირველად თავისი წინადადებები დოკუმენტის სახით გამოაქვეყნა.
თუმცა, მმართველ პარტიას ორ კვირაზე მეტი დასჭირდა იმის გადასაწყვეტად, ხელი მოეწერა ამ დოკუმენტისთვის თუ არა.
დასავლეთის მხრიდან ორივე მხარეზე ზეწოლის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა რატომ ვერ მოხერხდა?
ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისინი ვერ ხედავენ კრიზისს საქართველოში. “ქართულ ოცნებას” მიაჩნია, რომ მან ლეგიტიმურად მოიგო და მყარი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა. ამ ეტაპზე “მეოცნებეებს” განსაკუთრებით ვერავინ უშლის ხელს იმაში, რომ ქვეყანა ისე მართონ, როგორც სურთ. მმართველი პარტია მოლაპარაკებას ოპოზიციასთან მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების დაჟინებული მოწოდებების შემდეგ დათანხმდა.
დასავლელი პოლიტიკოსების ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ოპოზიციის კრიტიკა, მხოლოდ აძლიერებს “ქართულ ოცნებას” მის ურყევ პოზიციაში და კიდევ ერთ მიზეზს აძლევს ხელისუფლებას ოპონენტებზე ზეწოლის, მათ შორის ძალისმიერის, გასაძლიერებლად.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ “ქართულ ოცნებას” აინტერესებს არა იმდენად მოლაპარაკებების წარმატება, რამდენადაც მის ჩაშლაში ოპოზიციის დადანაშაუალება, განსაკუთრებით დასავლელი პარტნიორების თვალში.
რაც შეეხება ოპოზიციის არგუმენტებს. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, მათი მთავარი მოთხოვნები არის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება, კერძოდ, ნიკა მელიასი და გიორგი რურუასი.
ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ეს მათი ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნაა და მათი დაკმაყოფილების გარეშე ისინი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ოქტომბრის არჩევნები სამართლიანიც რომ ყოფილიყო, პრემიერმინისტრის გადადგომა და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება ვადამდელი არჩევნების საკმარისი მიზეზია – მიიჩნევენ ოპოზიციონერები.
6 აპრილს გამოქვეყნებული აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა შორის პარლამენტის ბოიკოტის მოწინააღმდეგეებისა და მომხრეების რაოდენობა თანაბრად გაიყო – 45- 45 პროცენტი.
არის თუ არა გამოსავალი?
საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და მედია უკიდურესად პოლარიზებულად რჩება. რაც კვლავ შეთანხმების მიღწევისა და კომპრომისის აუცილებლობაზე მეტყველებს. დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას და ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებენ.
თუმცა, კრიზისის მოგვარების გზაზე მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ თითოეულ მხარეს შესაძლო კომპრომისზე საკუთარი წარმოადგენა აქვს.
ოპოზიციის თვალსაზრისით, ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ან – ასეთმა ვარიანტმაც გაიჟღერა – პლებისციტის ჩატარებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
დასავლელი პარტნიორების და შუამავლების თვალსაზრისით, კომპრომისი ის იქნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, მმართველმა პარტიამ კი მხარი დაუჭიროს საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების განხორციელებას.
აქამდე არ იყო ნათელი, თუ რას გულისხმობდა ხელისუფლება კომპრომისში,რომლის აუცილებლობასაც მუდმივად საუბრობდა, რადგან არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ან ოპოზიციონერების ციხიდან განთავისუფლებას აპირებდნენ და არც რაიმე რეფორმებისკენ უწევდათ გული.
თუმცა, საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ ხელი მოაწერა დანიელსონის დოკუმენტს, რითაც თანხმობა განაცხადა რეფორმებზე, ოღონდ საკმაოდ შეზღუდული ფორმით – ასე შეაფასა ეს დოკუმენტი ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა.
თუმცა, ამგვარი რეფორმები ვერ გადაჭრის მთავარ პრობლემას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაში მდგომარეობს. ვის დაქვემდებარებაშიც ხელისუფლების ყველა შტოა, მინისტრებიდან და მოსამართლეებიდან დაწყებული, სოფლების გამგებლებით დამთავრებული.
საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკასთან მიმართებაში არაპროპორციულად დიდი პირადი ქონების მფლობელი პიროვნების დემოკრატიაზე აშკარა მავნე ზეგავლენის ერთ – ერთი მაგალითი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ტურის დაწყებამდე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 600 ათასზე მეტი მოვალის დავალიანებას ივანიშვილის პირადი სახსრებიდან და მისი ფონდიდან დაფარავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ძალიან ჰგავს, ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის დასავლეთში, ამ კრიტიკამ ხელი ვერ შეუშალა ივანიშვილს გაეგრძელებინა მართვა კულისებიდან და მიეღწია მისთვის ხელსაყრელი შედეგებისთვის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში 2020 წელს.
კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც ჯერ არ მოგვარებულა, არის პოლიტიკური დაპატიმრებები და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები.
როგორც ოპოზიციურმა, ისე დასავლურმა პოლიტიკოსებმა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად ცნეს.
გიორგი რურუა, რომელიც 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმების თანახმად უნდა გათავისუფლებულიყო, არათუ გაათავოსუფლეს, არამედ გასამართლეს.
2020 წელს, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ევროპარლამენტისა და აშშ კონგრესის ზოგიერთმა წევრმა გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავას ღიად უწოდეს “პოლიტპატიმრები”.
იმის გამო, რომ რურუა არ გაათავისუფლეს, ოპოზიციამ ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, მაგრამ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არანაირი შეთანხმება გათავისუფლების შესახებ არ ყოფილა, რომ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები და ქვეყანაში ”კანონის უზენაესობაა”. მიუხედავად იმისა, რომ რურუას გათავისუფლების აუცილებლობას მარტის შეთანხმების მიხედვით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაუსვა ხაზი და დასავლელმა პოლიტიკოსებმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს.
არასაკმარისად დამოუკიდებელი სასამართლო და სამართალდამცავი სისტემები კვლავ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რაზეც არაორაზროვნად ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ჟან მიშელმაც თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა და რასაც არაერთხელ ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს დასავლეთმა მოკავშირეებმა. თუმცა, მმართველი პარტიის მხრიდან არანაირი პოლიტიკური ნება სტატუს-კვოს შესაცვლელად, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, არ ჩანს.
მოლაპარაკებებით იმედგაცრუებულმა ოპოზიციამ 15 მაისს ახალი საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა და მანამდე რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს გეგმავს.
14 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც იმედგაცრუება გამოთქვა იმით, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები საქართველოში ”საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს არ აყენებენ”. ვაშინგტონი მთავარ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს.
ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დენიელსონის დოკუმენტს ცალმხრივად მოაწერს ხელს. თუმცა, სინამდვილეში ამ დოკუმენტის არცერთი პუნქტი არ უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების მოგვარებას.