სომხური მხარის მარცხის მიზეზები: ყარაბაღის მეორე ომის მითები და რეალობა
მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ომში სომხური მხარის მარცხის მიზეზების განხილვა არ წყდება. ერთ-ერთი ძირითადი კითხვაა – შეეძლო თუ არა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ღალატზე წასვლა.
თუკი პირველ ეტაპზე, ეს იყო არაკეთილმოსურნეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ჭორები, დროთა განმავლობაში გაჩნდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომელიც კითხვებსა და ეჭვებს იწვევს.
კერძოდ, საზოგადოება შემდეგ კითხვებს სვამს:
- გამოიყენა თუ არა სომხეთმა რუსული „ისკანდერი“;
- თუკი გამოიყენა, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა;
- რატომ შეიძინა ერევანმა მოიერიშე თვითმფრინავი „СУ-30 СМ“ რაკეტების გარეშე;
- იყო თუ არა ომის დროს გაცემული ბრძანება, ნებისმიერ ფასად აეღოთ ლალე-თეფეს სიმაღლე;
- და ბოლოს, შეიძლება თუ არა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ყარაბაღის სანაცვლოდ კონკრეტული თანხა შეეთავაზებინა, როგორც ეს მოხდა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის შემთხვევაში?
რა არის ცნობილი ახლა ამ კითხვების შესახებ და რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები.
- იყო თუ არა ყარაბაღის მეორე ომი „შეთანხმებული“? – კომენტარი ბაქოდან
- პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ
ფაშინიან-სარგსიანის დაპირისპირება. რა იყო ომამდე
ახლა, როდესაც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობს, თავად არაღიარებული რესპუბლიკა კი ომის შედეგების გადატანას ცდილობს, სომხეთის მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებები გააფთრებული კამათობენ და მოლაპარაკებების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ასევე, 2018 წლის მდგომარეობით, მოლაპარაკებების შემადგენელი მიდიოდა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნებისკენ:
„არსებითად, მოლაპარაკებების პროცესი იმ წერტილამდე მივიდა, რომლის შეხედვის დროსაც ვხვდებოდი, რომ პერსპექტივა – მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღდგენაა. და ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ომი დაიწყო და რომ არ გამოვიყენეთ მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობები“.
რა თქმა უნდა, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ოფისი მოვლენების ასეთ განვითარებას უარყოფს და მთელ პასუხისმგებლობას ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს. ფაშინიანის სიტყვებს უარყოფს ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილი თანათავმჯდომარე რუსეთის მხრიდან, იგორ პოპოვიც:
„მტკიცება, რომ რუსეთმა ასე უბრალოდ შვიდი რაიონის დაბრუნება (მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონები, რომელსაც სომხური მხარე დამცავ ზონად იყენებდა) და სტატუსის საკითხის (მთიანი ყარაბაღის) დავიწყება შესთავაზა, არ შეესაბამება რეალობას“.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს ნულოვანი წერტილიდან იწყებდა. ის რამდენჯერმე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების თანდასწრებით, შეხვედრები გამართეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
თუმცა, ფაშინიანი ამტკიცებდა, რომ დარეგულირების საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესი ჯერ ისევ არ იყო დაწყებული და პრინციპების შემუშავება მიმდინარეობდა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრი ცდილობდა მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ თეზისის გატანას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აზერბაიჯანი.
პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი ვარაუდობს, რომ ფაშინიანი ცდილობს თავი გაიმართლოს ომის შედეგების გამო:
„ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის აზერბაიჯანის სასარგებლოდ ფორმირება, მაგრამ ბოდიში, 2.5 წელი (რომელიც ფაშინიანი იყო ხელისუფლებაში) – პატარა ვადა არ არის, თანაც იმ მთავრობისთვის, რომელიც ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა, რომლის მიმართაც მთელი მსოფლიოს ყურადღება არსებობს. მსოფლიო სიამოვნებით მოუსმენდა ახალ ხელისუფლებას, მაგრამ, რამდენადაც მან გარშემო ისეთი ადამიანები შემოიკრიბა, რომლებმაც ყარაბაღის პრობლემა არ იცოდნენ, მათ არ გადადგეს ეს ნაბიჯები“.
ფაშინიანის სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ამერიკაში, Lehigh University-ს ლექტორს, არმან გრიგორიანსაც. მას მიაჩნია, რომ პრემიერი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს:
„ჩვენ ყველას შეგვიძლია, გავხსნათ და წავიკითხოთ ეს დოკუმენტები, მათში მკაფიოდ არის მოცემული გარანტიები, რომელსაც სომხეთი მიიღებდა, თუკი მოლაპარაკებების გზით მოხერხდებოდა გადაწყვეტილების მიღწევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბოლოს მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ ომის შედეგად, თუკი დავკარგავდით ამ მოლაპარაკებების შედეგად შუშასა და ჰადრუთს, რაც არ უნდა ყოფილიყო, ეს მაინც არ ამართლებს ომს, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენდით“.
ჩააგდო თუ არა ფაშინიანმა მოლაპარაკებების პროცესი და შეეძლო თუ არა მას ომის თავიდან აცილება? დანამდვილებით თქმა რთულია, თუმცა ექსპერტების ანალიზი და მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული ადამიანების განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ ფაშინიანმა, ყველაზე მინიმუმ, არაფერი გააკეთა, რათა შეხების წერტილები მოეძებნა.
ლალე-თეფეს აღების ბრძანება. რა მოხდა ომის დროს
საზოგადოებაში განიხილება სკანდალური ეპიზოდი ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო მონაწილეობით – ლალე-თეფეს სტრატეგიულ სიმაღლესთან დაკავშირებული ისტორია.
ის, ჯერ კიდევ ე.წ. აპრილის ომის დროს, 2016 წელს დაიკარგა. მაშინ, სომხურმა ძალებმა, საერთო ჯამში, 800 ჰექტარ ტერიტორიაზე დაკარგეს კონტროლი.
არაოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ლალე-თეფეს ნებისმიერ ფასად დაბრუნების ბრძანება გასცა. ამას მისთვის საშუალება უნდა მიეცა, განეცხადებინა, რომ იბრუნებს ტერიტორიებს, რომელიც წინა ხელისუფლებების დროს დაიკარგა.
იგივე წყაროები იტყობინებიან, რომ წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის შედეგად, რამდენიმე სამხედრო შენაერთმა საგრძნობლად დაკარგა ბრძოლისუნარიანობა და შემდეგ ვერ შეძლო ძალების აღდგენა.
ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ისროლეს თუ არა „ისკანდერები“?
ექსპერტები ყოველთვის ერთიანები იყვნენ იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანს სომხეთთან შედარებით ტექნიკის მხრივ რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა, ერევნის არსენალში შედიოდა ისეთი ტიპის შეიარაღება, როგორიც ბაქოს არ გააჩნდა. ამას კი შეეძლო, საბრძოლო მოქმედებების პოლიგონზე ამინდი შეექმნა. პირველ რიგში, საუბარია ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერზე“.
2020 წლის მდგომარეობით, სომხეთმა 4-დან 8 ერთეულამდე „ისკანდერი“ მიიღო, ზუსტი რიცხვი უცნობია. ითვლებოდა, რომ ეს მოწინააღმდეგის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი იყო. რაკეტებს თავისუფლად შეეძლო ბაქომდე მიღწევაც კი და დაზიანების რადიუსი სარაკეტო კომპლექსს მრისხანე იარაღად აქცევდა პოტენციურ ომში.
საბრძოლო მოქმედებების 44 დღის განმავლობაში, სომხეთში კითხულობდნენ, რატომ არ იყენებდა გენშტაბი „ისკანდერებს“. გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ ერევანს მოსკოვის ნებართვის გარეშე რაკეტების გაშვება არ შეეძლო. თუმცა, ამ შეიარაღების გარშემო „საპნის ოპერა“ ომის შემდეგ დაიწყო.
თავდაპირველად, სამხედრო-საკონტროლო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მოვსეს აკოფიანმა განაცხადა, რომ „ისკანდერები“ შუშის მიმართულებით გაისროლეს, როდესაც ქალაქი ფაქტობრივად დაიკარგა. შემდეგ, რაკეტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადების საპასუხოდ, რომ ომის მესამე დღეს იყო საჭირო „ისკანდერის“ გამოყენება, ფაშინიანმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მას უნდა ჰქონდეს პასუხი ბევრ კითხვაზე და არ უნდა სვამდეს კითხვებს, რომელზე პასუხებიც თავად იცის. იქნებ, მან უპასუხოს, რატომ არ აფეთქდა „ისკანდერის“ ჭურვები ან აფეთქდა მხოლოდ 10%“.
ფაშინიანის სიტყვები არ მოეწონათ მოსკოვში, საიდანაც განაცხადეს, რომ „ისკანდერები“ 44-დღიანი ომის დროს არ გამოუყენებიათ. რუსეთში აზრი მას შემდეგაც არ შეუცვლიათ, რაც ბაქომ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის ჭურვების ნამსხვრევების ნახვა. ფაშინიანის ოფისმა კი იჩქარა რუსი კოლეგების დათანხმება და განაცხადა, რომ თითქოს, პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს.
სამხედრო ექსპერტი კარენ ოვანისიანი ვარაუდობს, რომ საჭიროა დეტალური ექსპერტიზის ჩატარება, რათა გაირკვეს, ეკუთვნის თუ არა ნამსხვრევები „ისკანდერს“, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ არ გააკეთა:
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ზეწოლა მოხდა აზერბაიჯანზე რუსეთის მხრიდან. და აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, თურქეთის წაქეზებით, ცდილობს მსგავსი ინსცენირების მოწყობას, რათა საპასუხო ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, გარკვეულ საკითხებზე კომპრომისის მიღწევის მიზნით“.
ნათელია, რომ თითოეული მხარე მყარად დაიცავს საკუთარ ვერსიას და უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება იმის გარკვევა, გამოიყენეს თუ არა „ისკანდერი“.
რატომ არ გამოიყენეს მოიერიშე თვითმფრინავები?
შეიარაღების თვალსაზრისით, სომხეთის კიდევ ერთ უპირატესობად მიიჩნეოდა ოთხი ცალი 4++ თაობის მოიერიშე თვითმფრინავი „СУ-30 СМ“. ფრონტიდან მიღებული ინფორმაცია აჩვენებდა, რომ სომხური მხარე საბრძოლო მოქმედებებში მათ არ იყენებდა. ცაში მხოლოდ „СУ-25“-ები ჩანდა. საიდუმლოს ომის შემდეგ აეხადა ფარდა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ „СУ-30 СМ“-ისთვის საჭირო რაკეტების შეძენა ვერ მოასწრეს.
როგორ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო, პრემიერ-მინისტრს არ დაუზუსტებია, მაგრამ იჩქარა წინა ხელისუფლებებზე გადაბრალება:
„ჩვენ იმაში გვადანაშაულებენ, რომ არ შევიძინეთ საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, გვადანაშაულებენ, რომ ვიყიდეთ თვითმფრინავები. დიახ, ჩვენ შევიძინეთ თვითმფრინავები და დიახ, ვერ მოვასწარით ომამდე რაკეტების ყიდვა. მაგრამ თქვენ რომ გეყიდათ თვითმფრინავები, ჩვენ რაკეტებს შევიძენდით“.
სხვათა შორის, ომამდე ფაშინიანმა ინფორმაცია გაავრცელა მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გაფრენებზე რაკეტების გამოყენებით. თუმცა, მოგვიანებით მან ახსნა მოუძებნა ამ შეუსაბამობას:
„ჩემს ორ განცხადებაში წინააღმდეგობები არ არის. „СУ-30 СМ“-ის ტიპის თვითმფრინავები სომხეთში, 2020 წლის მაისში ჩამოვიდა. სავარჯიშო გაფრენების დროს გამოიყენეს რაკეტები, რომელიც უკვე იყო სომხეთის არსენალში. ომის დროს გადაწყვეტილება ამ თვითმფრინავების გამოყენების შესახებ მიიღებოდა იმის გათვალისწინებით, რამდენად მისცემდა არსებული შეიარაღება თვითმფრინავებს დასახული ამოცანების შესრულების შესაძლებლობას.
სამწუხაროდ, ომის დროს, ვერ მოვასწარით აუცილებელი აქსესუარების, რაკეტების შესყიდვა, რაც „СУ-30 СМ“-ის სრული სიმძლავრით გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემდა“.
რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრ ხრამჩიხინი უპრეცედენტოს უწოდებს ასეთი ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჭირო რაკეტების გარეშე შეძენას:
„ჩემს მახსოვრობაში სომხეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც თვითმფრინავები რაკეტების გარეშე იყიდა. მომავალში, ამ აპარატების ღირებულება იმაზე იქნება დამოკიდებული, ერევნის ნომენკლატურა რის შეძენას შეეცდება და რას მიიღებს მოსკოვიდან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, ასეთი ხარისხის აპარატები ბაქოს არ გააჩნია“.
საქმე პირველ რიგში ისაა, იქნება თუ არა საერთოდ მოსკოვი მზად გაყიდვისთვის. ადრე, სამხედრო-საკონტროლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მოვსეს აკოფიანი აცხადებდა, რომ რუსეთი არ მიჰყიდის სხვა ქვეყნებს 130 კილომეტრი სიშორის „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტებს.
სომხური მხარე ახლაც არ აზუსტებს, როდის შეძლებს რუსეთისგან შესაბამისი რაკეტების შესყიდვას, მაგრამ, ამავდროულად, სურს, „СУ-30 СМ“-ის რაოდენობა 12-მდე გაზარდოს.
რა ღირს ყარაბაღი?
2020 წელს, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ქსელში გავრცელდა სომხეთის ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და მისი ბელარუსი კოლეგის პირადი საუბრის ჩანაწერი, სადაც ლუკაშენკო სარგსიანს გადასცემს ილჰამ ალიევის წინადადებას, აზერბაიჯანს 5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ დაუთმოს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის გარშემო არსებული რაიონები. ამაზე სარგსიანი პასუხობს, რომ მზად არის 6 მილიარდის გადასახდელად, თუკი ალიევი უარს იტყვის მათზე.
ასე გახდა ცნობილი, რომ მთიანი ყარაბაღის სანაცვლოდ კონკრეტული თანხა იყო შეთავაზებული. ახლა მთავარი კითხვაა – შეიძლება თუ არა, ის ვაჭრობის საგნად დარჩენილიყო ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ? შესთავაზეს თუ არა ამ უკანასკნელს მილიარდები მიწების სანაცვლოდ?
სომხურ პრესაში მუსირებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანულ მხარესთან საიდუმლო მოლაპარაკებები თავის უკვე ყოფილ მრჩეველს, არსენ ხარატიანს ჩააბარა.
ინფორმაცია საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, მოგვიანებით დაადასტურა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმაც: ის დუბაიში ალიევის წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც მას ფაშინიანისთვის გადასაცემად დალუქული კონვერტი გადასცა. ვანეციანის თქმით, ამის შესახებ მან რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია.
ფაშინიანისთვის განკუთვნილი „საიდუმლო“ შეტყობინების შინაარსი უცნობია, ოფიციალური პირები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
აი, ეს ისტორიები იქცა მეორე ყარაბაღის ომის ბნელ ფურცლებად. და ახლა სომხეთში მწიფდება ომში დამარცხების მიზეზების საფუძვლიანად გამოძიების აუცილებლობა. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ქვეყანაში დარწმუნებულია, რომ ეს ნიკოლ ფაშინიანის დროს არ მოხდება. ხელისუფლება კი არმიაში რეფორმების დაწყებისა და დაშვებული შეცდომების სრულად გაანალიზების განზრახვაზე აცხადებს.