კულტურის მინისტრმა მოადგილეები წარადგინა და ერთ მათგანს „კულტურის კოდექსის" შექმნა დაავალა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა და “კულტურის კოდექსის” შექმნა დააანონსა.
მისი მოადგილეები იქნებიან სოსო გიორგაძე (იუსტიციის სახლის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი); კახა სიხარულიძე (დიპლომატი, ელჩი იტალიაში, ჩეხეთში და სხვა ქვეყნებში); და იოსებ ბაღათურია (აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე).
სწორედ იოსებ ბაღათურია ჩაუდგება სათავეში საქართველოს “კულტურის კოდექსის” შექმნის პროცესს, ხოლო თუ რა იგულსხმება ამ კოდექსში, მინისტრი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
“ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
________________________________________
● დაკავებები საპროტესტო აქციაზე და მადლობები ბიძინა ივანიშვილს. “ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს
● პარლამენტმა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება
● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში
____________________________________
თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეა. ის იუსტიციის სამინისტროს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო ბოლო დრომდე პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შესახებ ცნობამ ამ სფეროს ზოგიერთ წარმომადგენელში უკმაყოფილება თავიდანვე გამოიწვია. ინტერნეტის მომხმარებლებმა პეტიციაც კი შექმნეს სახელწოდებით #cancelThea. კულტურის მუშაკები აღნიშნავენ, რომ წულუკიანის ხელმძღვანელობით, გამოხატვის თავისუფლებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა მის განცხადებებს შალვა რამიშვილთან გადაცემაში სტუმრობისას. წულუკიანმა 19 მარტს, „პოსტივ-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე საუბრისას თქვა, რომ თუ თეატრში მსახიობი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ის შეეცდება, გაიგოს, ეს აზრი საიდან მოდის.
„რაც შეეხება ამ [კულტურის] სისტემას ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განაცხადა წულუკიანმა.
იმავე გადაცემაში წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სამინისტროდან გათავისუფლდნენ ის კადრები, რომლებიც „იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები და ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები”.
წულუკიანის მინისტრად დანიშვნას მწვავე პროტესტი მოჰყვა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისგან, ანიტა რაჭველიშვილისგან.
“ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე…
დიქტატურა ყველგან! გეშინოდეთ ანუ საკუთარი აზრის გამოხატვის და “ენა დაიმოკლეთო” სამსახურის შენარჩუნება თუ გინდათო! გილოცავთ! გააგრძელეთ დუმილი კოლეგებო! იქამდე არ იქნება ჩემი ფეხი საქართველოს სცენაზე სანამ ეს ძალიან არაჰუმანური და დიქტატორი “ქალბატონი” მართავს ჩემს სფეროს!” – წერს რაჭველიშვილი.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით მიუერთდა. მაშინ მთავრობამ ეს ნაბიჯი სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირების აუცილებლობით ახსნა.
კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას ღია წერილებით, სადაც ისინი კულტურის სამინისტროს აღდგენას ითხოვდნენ.
წერილებში ისინი მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ დეპარტამენტების გაერთიანებამ მნიშვნელოვნად შეამცირა კულტურის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, ვინაიდან კულტურის სფეროს ყველა დარგს მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემის გადაჭრა სჭირდება.