საქართველო: შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს
შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ერთი კონკრეტული მიზნით ჩამოვიდა – მისი შუამავლობით უნდა მიღწეულიყო შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რათა ქვეყანა გამოსულიყო პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმყოფება.
დანიელსონი თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დავალებით ჩამოვიდა და მოლაპარაკებათა პროცესშიც მიშელის პირადი წარმომადგენელი იყო.
დენიელსონმა ორჯერ გადადო დაგეგმილი გამგზავრება, რადგან პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდებოდა. მან თქვა, რომ ისე არ წავიდოდა თბილისიდან, ვიდრე შედეგს არ დადებდა.
თუმცა, საბოლოოდ მისი მისია ისე დასრულდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
ოპოზიცია ამბობს, რომ პროცესი ხელისუფლებამ ჩაშალა, რომელსაც ხისტი პოზიცია ჰქონდა და მინიმალურ დათმობაზეც არ იყო მზად.
ხელისუფლება კი ოპოზიციას ადანაშაულებს – ამბობს, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბრობდნენ.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ. და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
___________________________________________________________________
რატომ ვერ შედგა შეთანხმება?
კონკრეტულ დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა კონკრეტული სურათის დანახვა მონაყოლიდან მაინც შეიძლება.
ფაქტია, რომ იმ ორი მთავარი მოთხოვნის გარშემო, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა, ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა.
დანიელსონის პოზიცია
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გუშინ ცხრასაათიანი შეხვედრის შემდეგ შვედმა დიპლომატმა თქვა, შეთანხმება მიღწეული არ არის.
მისი თქმით, “გარკვეული ასპექტით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიანი გეგმაში” თუმცა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებში “ნაკლები პროგრესი იყო“.
მომლაპარაკებელმა თქვა, რომ ის ბრიუსელში ბრუნდება. ამავე დროს მან აღიარა, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის მოგვარებული.
“მე ხვალ ბრიუსელში დავბრუნდები და ანგარიშს წარვადგენ პრეზიდენტ მიშელთან. საბოლოოდ, პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ენიჭებათ, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის,” – განაცხადა მედიატორმა.
ოპოზიციის შეფასებები
შეხვედრის შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ერთხმად ხელისუფლებას ადანაშაულებდა პროცესის ჩაგდებაში.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ორ მთავარ საკითხზე, რომელთა გამოც ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, ხელისუფლება არ წავიდა არანაირ დათმობაზე:
„რა იყო ორი მთავარი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა მათი დათანხმება, რომ კრიზისი განმუხტულიყო? ეს იყო პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვება, ზოგადად, პოლიტიკური დევნის დასრულება ქვეყანაში და ვადამდელი არჩევნები,” – აღნიშნა მინაშვილმა.
პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი-მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არათუ შეთანხმება არ შედგა, არამედ “მოლაპარაკებების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები”.
მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში ევროპელი დიპლომატები ცდილობდნენ შეედგინათ დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლება დათანხმდებოდა, თუმცა უშედეგოდ:
“დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენთვის ამოუხსნელი იყო, რატომ ხდებოდა ეს. ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება არ თანხმდებოდა არაფერზე,” – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ არც კი განიხილა მთავარი საკითხები – პოლიტიკური პატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი”.
“აქ მათ განსაკუთრებით პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ…” – ამბობს ბოკერია.
ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ სინამდვილეში პროცესს ბიძინა ივანიშვილი მართავდა, ხოლო მოლაპარაკებების პროცესში ფიზიკურად ჩართულ მთავრობის წევრებს არ შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
“შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, ეს არის ერთადერთი ახსნა, რატომაც გაგრძელდა შეხვედრა ამდენ საათს”, – ამბობს ბოკერია.
კითხვას, დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ, ბოკერია პასუხობს: “მაქამდე საქმეც არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც გამოსავალს იპოვიდა”.
“ისინი არცერთ ეტაპზე არ იყვნენ მზად კომპრომისისთვის,” – ამბობს რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე.
გარდა მთავარი ორი საკითხის ჩაგდებისა, ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება არც სხვა დათმობებზე წავიდა (კონკრეტულად არ სახელდება რა იყო ეს სხვა საკითხები, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზეც იყო საუბარი):
“მედიატორების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციონალურ განვითარებას, რაც ეხება დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იდეები არ იქნა გაზიარებული ხელისუფლების მიერ,” – განაცხადა “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
იგივე დაადასტურა თავის ფეისბუკ-სტატუსში ზურაბ ჯაფარიძემ. ის ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე “არ იდო საერთოდ არაფერი”, რის გამოც ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა უღირდა:
ამასთან, ოპოზიციის განცხადებით, მთელს ამ მოლაპარაკებების პროცესს ერთი დადებითი შედეგი მაინც მოჰყვა – დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე.
“მე ვლაპარაკობ შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე პოლიტიკურზე, ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ,” – აღნიშნა ბოკერიამ.
“დღეს „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას,” – განაცხადა მინაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლება იმყოფება იმ ფაზაში, როდესაც “ფეხზე ჰკიდია ევროკავშირიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც”:
“ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის... არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე”.
ხელისუფლების პოზიცია
შეთანხმების ჩაშლაში ხელისუფლება, პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს.
როგორც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, “ოპოზიციამ შეხვედრაზე დააყენა ულტიმატუმები”.
კობახიძე ორ ულტიმატუმზე საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს შინაარსს. სავარაუდოდ, საუბარია სწორედ იმ ორ საკვანძო პუნქტზე, პოლიტიკური პატიმრებზე და არჩევნებზე, რომელთა გამოც შეიქმნა ქვეყანაში ზოგადად კრიზისი:
“ოპოზიციის ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს – ერთი პუნქტი პირდაპირ უკავშირდებოდა კანონის უზენაესობის გათელვას და მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს,” – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, “ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა”.
კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მართავდა და ლიდერებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება არ შეეძლოთ:
“ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება,” – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია”.
“ოპოზიციის ერთ ნაწილს სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომპრომისი გააკეთოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპების ხარჯზე… ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ მოსწონს არჩევნების შედეგები,” – განაცხადა თალაკვაძე.
რა იქნება შემდეგ?
ოპოზიციის კომენტარები რომ შევაჯამოთ, ცხადი ხდება, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია, თუმცა ოპოზიცია მზად არის მის განსაახლებლად, თუკი “ქართული ოცნება” მზად იქნება პოზიციებს გადახედოს.
“პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი საკვანძო თემად დარჩება,” – აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები.
“ამ ფაზაში ეს ამბავი [მოლაპარაკებების პროცესი] დასრულებულია. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ახლო მომავალში ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს,” – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ორი რამ უნდა გაგრძელდეს – საერთაშორისო თანამეგობრობის ღია მხარდაჭერა და წნეხი და ქვეყნის შიგნით დაგეგმილი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობა.
„აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ დაგეგმილი აქციების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.
შემდგომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები აპირებენ კონსულტაციები გამართონ:
“გვექნება შიდა კონსულტაციები, სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პროცესის გაგრძელებაზე ზოგად კომენტარებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც:
“პროცესი დღეს არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ. ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა, რომ რომ პროცესი გააგრძელოს ნებისმიერ ფორმატში:
“ასეთი პლატფორმა შეიძლება იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების ფასილიტაცია, შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული დიალოგის პლატფორმა, შეიძლება იყოს კვლავ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ანალიტიკოსების აზრი
“ის, რაც უკვე რამდენიმე თვეა ჩვენს პოლიტიკაში ხდება, პოლიტიკური ლუდომანიაა და სხვა არაფერი. ლუდომანს კი, ადრე თუ გვიან, გაკოტრება ელის, – ასე შეაფასა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა მედიატორის ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები.
„დიდი წინასწარმეტყველება არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური უმწიფარობის ეს დღესასწაული ვნახეთ, ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას. ადგილობრივი არჩევნები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ამომრჩევლების აქამდე არნახული პასიურობით ჩაივლის და მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც კითხვის ქვეშ იქნება. მედიატორი ქვეყანას ტოვებს. ევროპულმა დიპლომატიამ თავისი რესურსები ამოწურა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკოშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს და ვერც ხვდებიან ამას. გამოსავალი? არ ვიცი“,- განაცხადა ფირალიშვილმა.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე წერს ფეისბუკზე, რომ მედიაციის ჩაშლის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და ამ პროცესში ოპოზიციის დადანაშაულება ლოგიკური არ არის:
“ოპოზიციაში შესაძლოა ბევრს არ ვეთანხმებოდე, ბევრთან პრეტენზიებიც მქონდეს წარსულსა თუ აწმყოზე, მათი ბევრი გადაწყვეტილებაც არ მომწონდეს, მაგრამ დღეს, ამ ავტორიტარიზმში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, სადაც კორუფცია ყვავის და სადაც ეკონომიკა ჩამოქცეულია, სადაც ადამიანები მზარდად კარგავენ მომავლის იმედს, ხსენებულ საკითხებზე მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო ოპოზიციას ბრალი დავდო, რბილად რომ ვთქვა, უნამუსობაა,” – აღნიშნავს მშვენიერაძე.