აფხაზეთში ახრა ავიძბა დააკავეს - უნდა ველოდოთ თუ არა ახალ დესტაბილიზაციას?
ახრა ავიძბა და დესტაბილიზაცია აფხაზეთში
აფხაზეთში, სპეცსამსახურებმა დააკავეს ცნობილი ახრა ავიძბა – პოლიტიკოსი, რომელიც ოფიციალურ თანამდებობებს აღარ იკავებს მას შემდეგ, რაც 2020 წლის ზაფხულში, პრეზიდენტის თანაშემწის პოსტიდან წავიდა. თუმცა, ავიძბა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა აფხაზურ პოლიტიკაში და 5 მარტის საღამოს მისმა დაკავებამ, შეიძლება, ახალი პოლიტიკური კრიზისი შექმნას.
დაკავების მიზეზი უცნობია, ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს და შენობიდან აღარ გამოუშვეს. ამავდროულად, მასთან სახლში, სადაც მისი მეუღლე იმყოფებოდა, ჩხრეკა ჩატარდა.
- ვიდეო: ასლან ბჟანიას თანაშემწემ რუსეთთან საზღვარი ავტომობილით გაარღვია
- მოსაზრება: აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია – მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
ვინ არის ახრა ავიძბა
ახრა ავიძბა – ახლო ნათესავია ცნობილი აფხაზი „კანონიერი ქურდის“, ალხაზ ავიძბასი, რომელიც 2019 წლის ნოემბერში, სოხუმის სანაპიროზე, რესტორანში ჩაცხრილეს.
ახრა ავიძბა აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარეს იბრძოდა და ცნობილია აფხაზეთში როგორც ადამიანი, რომელსაც „დონბასის გმირის“ ტიტული მიანიჭეს.
ფაქტობრივად, სწორედ ახრა ავიძბა გახდა 2020 წლის იანვარში, აფხაზეთში, ხელისუფლების ცვლილების გენერატორი. მან იმის გაკეთება მოახერხა, რისი გაკეთებაც მთელმა ოპოზიციამ ერთად აღებულმა ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა. მან, რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე და აიძულა მაშინდელი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, თანამდებობიდან წასულიყო.
ახალ არჩევნებში, ოპოზიციის იმდროინდელმა ლიდერმა და ახლა აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.
თავისი მამაცური ნაბიჯის გამო, ახრა ავიძბამ მიიღო საპატიო, მაგრამ არაფრის გადამწყვეტი თანამდებობა – აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
თუმცა, ძალიან მალე, კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი ადამიანისთვის, უინტერესო გახდა უბრალოდ „პრეზიდიუმში“ ჯდომა. „იმიტომ არ შევცვალეთ ხელისუფლება, რომ შემდეგ არაფერი არ შეიცვალოს“, – განაცხადა მან 2020 წლის ბოლოს და თანამდებობა დატოვა, თუმცა, დაბრუნების პირობა დადო.
ხელისუფლებას ამაზე სიფრთხილით უნდა მოეხდინა რეაგირება. აფხაზეთში უკვე შეიქმნა გაგება, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკოსი-მებრძოლები, თუკი ბრუნდებიან – როგორც წესი, პრეზიდენტის სასახლეში შედიან მას შემდეგ, რაც კარებს ამტვრევენ.
გარკვეულ დრომდე, ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იყო. მაგრამ შემდეგ, ახრა ავიძბამ საერთო ენა გამონახა ახლანდელ ოპოზიციასთან, იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მან ძალით განდევნა პრეზიდენტის სასახლიდან სულ რაღაც ერთი წლის წინ.
როგორც ჩანს, ავიძბას დაპატიმრება – ხელისუფლების მხრიდან ვა-ბანკზე წასვლის მცდელობაა, რომელმაც იგრძნო, რომ საფრთხე შეექმნა მის სტაბილურობას.
მაგრამ ახლა გაჩნდა კითხვა: რა იქნება შემდეგ?
შეუძლია კი ახრა ავიძბას დაკავებას სიტუაციის დასტაბილურება და ახალი გადატრიალების საფრთხის თავიდან არიდება – ეს რიტორიკული კითხვაა.
რადგან, ქრესტომათიულმა „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“, აფხაზურ რეალობაში, შეიძლება, არა მარტო არ იმუშაოს, არამედ უკუეფექტი იქონიოს. იმდენად, რამდენადაც „მავრები“ აფხაზეთში, ასე უბრალოდ არასოდეს მიდიან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო