"საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხის ქვეშაა" - ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების განცხადება
ევროპელი და ამერიკელი გავლენიანი პარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ადგილი, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრისა, ეჭვის ქვეშ არ არის, თუმცა საფრთხის ქვეშაა ძალადობის და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო.
განცხადების ინიციატორი ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისია.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეჭრამ და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე.
ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ძალადობა შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობას დეკლარირებულად აქვს გაცხადებული და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას.
“დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და გრძელდება ბოლო დღეებამდე, ხაზს უსვამს ყველა იმ პირის პირად პასუხისმგებლობას, ვისაც უპყრია ძალაუფლება, რათა გამოიჩინონ თავშეკავება და უარყოფითი შედეგები მოაქვს მთელი ერისთვის, მათთვისაც, ვინც არაფერ შუაშია“.
გავლენიანი დეპუტატები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ გაერთიანდნენ ბოლო წლებში გამოჩენილი პრობლემებიდან პოლიტიკური გამოსავლის საძიებლად და არ მიმართონ ტაქტიკებს, რომლებიც გვინახავს სხვების მიერ ქართველი ხალხის ინტერესების დასაზიანებლად გამოყენებული.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი, ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.
__________________________________________________
● თბილისში ოპოზიციის მიტინგია. მთავარი მოთხოვნა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები
● ნიკა მელიას დაკავება. ყველა სიახლე ერთად
____________________________________________________
საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
ხოლო პოლიტიკური კრიზისის ათვლის წერტილად 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მიიჩნევა. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მას გაყალბებულად მიიჩნევს.
ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. 51 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა მანდატი. ამჟამად პარლამენტში 150 დეპუტატიდან სხდომებს მხოლოდ ექვსი ოპოზიციონერი ესწრება, დანარჩენი დეპუტატები მმართველი გუნდიდან არიან.
პოლიტიკური კრიზისი ახალი ძალით გამწვავდა 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
მისი დანაშაული ამ საქმეში დადასტურებული არ არის, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოსთხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა. მანამდე მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე თავისუფლების სანაცვლოდ, რადგან მიიჩნევს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია.
გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა.
გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე.
22 თებერვალს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრემიერ მინისტრი. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ ამოქმედა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეღწევის გეგმა.
_________________________________________
● ევროპელი დეპუტატი: ოპოზიციონერის დაკავებას, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს