ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა, "კარტოგრაფების საქმე" გრძელდება
თითქმის ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ილიჩოვამ და მელაშვილმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას, კერძოდ აზერბაიჯანს გადასცეს.
საქმე ეხება პრეზიდენტ სააკაშვილისდროინდელ პერიოდს. მელაშვილი და ილიჩოვა, როგორც მეცნიერები და საგარეო უწყებისა და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, შედიოდნენ სახელმწიფო კომისიაში, რომელსაც აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია ევალებოდა. გამოძიების ვერსიით, ილიჩოვამ და მელაშვილმა გადამალეს მნიშვნელოვანი რუკა და აზერბაიჯანთან საზღვარი მცდარად, საქართველოს საზიანოდ მონიშნეს. სსაუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, რომლის გარშემოც წლებია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავაა.
-
წინაისტორია
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, 7 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიულ დავას სამონასტრო კომპელსის დავით-გარეჯის გარშემო. ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ორი ადამიანი – ხანდაზმული მეცნიერები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
გამოძიება ამბობს, რომ ამ ორმა ადამიანმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის დროს საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიაში მუშაობდნენ, გადამალა მნიშვნელოვანი რუკა, რის შედეგადაც ტერიტორიების გარკვეული ნაწილი (3 500-მდე ჰა ფართობის მიწა), რომლებიც წესით საქართველოს კუთვნილებაა, აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.
საქმის საინტერესო დეტალია ის, რომ რუკა, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, საქართველოს პროკურატურას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა. თავის მხრივ, მან ეს რუკა რუსეთში მოიპოვა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს ტერიტორიების უკანონო დათმობაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან “რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა”.
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება მელაშვილი-ილიჩოვას წინააღმდეგ. ოპოზიცია ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და მისი მიზანი იყო წინასაარჩევნოდ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაცია და ამომრჩეველთა პატრიოტულ გრძნობებზე ზემოქმედება.
“საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოვლენების შემდგომი განვითარება და პოლიტიკური კონტექსტი ერთმნიშვნელოვანად ცხადყოფს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სინდისის პატიმრები არიან”, – წერია საქართველოში მოქმედი მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, მელაშვილი და ილიჩოვა არ გაუმართლებიათ. უბრალოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი ამ საქმეზე განაჩენს არა ციხეში, არამედ სახლში დაელოდებიან და სასამართლო სხდომებზე ივლიან.
მელაშვილმა და ილიჩოვამ 20 ათას ლარიანი გირაო უნდა გადაიხადონ 30 დღეში.
გარდა ამისა, სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, რომ ივერი მელაშვილი, რომელიც დაკავებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად მუშაობდა, თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ფეისბუკზე უკვე შეიქმნა ჯგუფები, სადაც მათ ამ თანხას უგროვებენ, რადგან საქართველოში როგორც ოპოზიცია, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ საქმეს პოლიტიზირებულად მიიჩნევენ და ილიჩოვასა და მელაშვილს “სინდისის პატიმრებს” უწოდებდნენ.
დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. ე.წ. კარტოგრაფებს გირაოს სანაცვლოდ პირად თავდებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები უდგებოდნენ, თუმცა, სასამართლომ ეს წინადადაება არ გაიზიარა.