საახალწლო დღესასწაულები და კორონავირუსით ინფიცირების ზრდა აფხაზეთში
აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო დაწესებული შემზღუდავი ნორმები 10 თებერვლამდე გაახანგრძლივეს. თუმცა, საზოგადოებაში ეს არასაკმარისად მიაჩნიათ და საკარანტინო ზომების გამკაცრებას ითხოვენ.
განკარგულებას ხელი 13 იანვარს მოაწერა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელიც თავად სულ ახლახან განიკურნა COVID-19-ისგან. დაკეტილი დარჩება სკოლები, სპორტული ცენტრები, კაფეები, რესტორნები, თეატრები და მუზეუმები. აკრძალულია ნებისმიერი სახის მასობრივი ღონისძიება და დღესასწაული, მათ შორის, ქორწილები.
- მოსაზრება: აფხაზეთს რეფორმები სჭირდება. მშიერი დრო შესაფერისი პერიოდია გასარისკად
- „ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
- ხუთი ახალგაზრდა აფხაზეთში კარანტინში ცხოვრების შესახებ. ვიდეო
პანდემიის დაწყებიდან 13 იანვრამდე, აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირების 9 961 შემთხვევა გამოვლინდა. 142 ადამიანი გარდაიცვალა, 7 506 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ეს რიცხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით 250 ათასია. წამყვანმა ექიმებმა და ბევრმა ცნობილმა აქტივისტმა მოაწერეს ხელი მთავრობისთვის გაგზავნილ წერილს, რომლითაც უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებას ითხოვენ.
მათი აზრით, აფხაზეთში არ არსებობს ობიექტური სურათი, რომელიც დაფუძნებული იქნება დაავადების გავრცელების ანალიზზე რაიონების მიხედვით. ამას გარდა, PCR-ტესტები არასაკმარისად ეფექტიანია, მასობრივად ირღვევა პირბადის ტარების მოთხოვნა, გრძელდება მასობრივი კორპორაციული და ოჯახური ღონისძიებები.
„ფორმალური საინფორმაციო ანგარიშები შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ, აფხაზეთში არსებული კრიზისული ვითარების შეფასების გარეშე, მოქალაქეების დეზორიენტაციას ახდენს, რომლებიც ვერ ხედავენ საფრთხეს და სასწავლო დაწესებულებების გახსნას ითხოვენ“, – ნათქვამია ღია წერილში.
საავადმყოფოებში უკვე აღარ არის ადგილები
ოდიკ კაკალია სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 დეკემბერს მოათავსეს. მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა, მოკლედ, COVID-19-ის ყველა ტიპური სიმპტომი.
10-დღიანი ინტენსიური და ძვირადღირებული თერაპიის შემდეგ, ის სახლში გაუშვეს. ჯერ კიდევ სუსტად მყოფი, თავბრუსხვევით და არასტაბილური წნევით. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ეს კოვიდცენტრებში ადგილების დეფიციტთან არის დაკავშირებული.
პარლამენტის დეპუტატი და კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრი, ალხას ჯინჯოლია ამბობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა საახალწლო დღესასწაულების შემდეგ.
მასობრივი ღონისძიებები, რომლებიც ახალი წლის ღამეს ფორმალურად აკრძალული იყო, რესტორნების უმრავლესობაში მაინც გაიმართა. ქალაქების ცენტრალური მოედნები საახალწლო ნაძვის ხის გარშემო, სავსე იყო მოსახლეობით სადღესასწაულო დღეებში. რუსეთიდან ათასობით დამსვენებელი ჩავიდა აფხაზეთში შვებულების დღეების გასატარებლად.
„ახლა, საავადმყოფოში ყოველ გათავისუფლებულ საწოლზე, რამდენიმე ახალი ინფიცირებული გვყავს და ყველა მძიმე“, – ამბობს ჯინჯოლია.
ოპერატიული შტაბის ცნობით, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება, აფხაზეთში ყოველი მეოთხე ტესტი დადებითია. გარდაცვლილთა რაოდენობა დღე-ღამეში ოთხ ადამიანს აღწევს.
დაინფიცირდა აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბიც, რომელიც მოსკოვში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოებში ადგილების პრობლემა – ერთადერთი არ არის, ამბობს ჯინჯოლია. ასევე, მწვავე დეფიციტია სპეციალისტების მხრივ: „ყველა განყოფილებას ესაჭიროება რეანიმატოლოგი, ჩვენ კი ისინი ფიზიკურად არ გვყავს“.
გაიზარდა ექიმებისადმი მიმართვა სხვა დაავადებების გამოც და ესეც გამოწვეულია კორონავირუსით, რადგან ადამიანებს მომდევნო სამედიცინო ეტაპზე, შემდგომი მკურნალობა ესაჭიროებათ.
18 იანვარს სრულდება რუსი სამხედრო ექიმების მივლინება და დაიხურება საველე ჰოსპიტალი, რომელიც ახლა ავადმყოფებს სასტუმრო „აიტარში“ იღებს. „როდესაც ისინი წავლენ, ჩვენ კიდევ 50-60 ინფიცირებული დაგვემატება, რომელსაც ინტენსიური თერაპია ესაჭიროება და რას გავუკეთებთ მათ?!“, – აცხადებს ჯინჯოლია.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 დაავადებულია, უფრო მეტი პაციენტის მიღება კლინიკას არ შეუძლია. გუდაუთის ჰოსპიტალში 89 მოქალაქეა, იმ დროს, როდესაც პერსონალი ერთდროულად 100 პაციენტზე მეტს ვერ მოემსახურება. ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ლაბორატორიები.
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ალხას ჯინჯოლიას მიაჩნია, რომ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია აფხაზეთში უკეთესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. „ჩვენი პატარა ზომები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავაკონტროლოთ, თუ რა ხდება დაავადებასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ანტიბიოტიკები და დექსამეტაზონი შეიძინეს ჩვენს აფთიაქებში და გასაყიდად სოჩში გააქვთ, რადგან ის ეს მედიკამენტები დეფიციტშია. ამიტომ, გვიწევს აფთიაქებში მედიკამენტების გაყიდვის სტანდარტების დანერგვა, რათა გადამყიდველებმა ყველაფერი არ შეიძინონ“.
ადამიანები კი აღნიშვნას აგრძელებენ
ამ დროს, მოსახლეობა აგრძელებს საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნას.
დადგა 13 იანვარი – „ძველით ახალი წელი“, რომელიც აფხაზეთში წარმართულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, როდესაც მთელი საგვარეულო ერთ სახლში იკრიბება და აფხაზურ კალენდარში არსებულ მნიშვნელოვან დღესასწაულს, „აჟირნიხუას“ აღნიშნავს.
ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ამის შედეგად გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო