აზერბაიჯანი: 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები
2016 წლის ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების ჩამონათვალი და ანალიზი
საგარეო პოლიტიკა. კოდური სიტყვა: ომი
ყარაბაღის გარშემო დაწყებულმა დაპირისპირებამ, რომელიც 1994 წლიდან, საზავო ხელშეკრეულების დადების შემდეგ, გაყინული კონფლიქტების სიას მიათვალეს, ისევ დაიბრუნა აქტუალურობა გასული წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების შეხების ხაზზე არსებული მდგომარეობა გამწვავდა.
დაძაბულობა 2 აპრილს დაიწყო და 5 აპრილამდე გაგრძელდა. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ვერავინ იტყვის დანამდვილებით, თუ ვინ დაიწყო სროლა. აზერბაიჯანი და სომხეთი ომის გაჩაღებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ შემთხვევის შედეგად, აზერბაიჯანის 37 მოქალაქე დაიღუპა და ფრონტისპირა სოფლებში მცხოვრები ათასამდე ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა, იმიტომ რომ მათი საცხოვრებლები ჭურვებმა დაანგრია.
ამ ყველაფერის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის მთავარი მოთამაშეების (მაგალითად, რუსეთის) ყურადღება მიიპყრო და მომხდარმა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი ააღელვა. „გამარჯვების მომტანი პატარა ომის“ შედეგად აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებული ტერიტორია 2000 ჰექტარს აჭარბებს. საახალწლო მიმართვაში ილხამ ალიევმა ამ მოვლენას დიადი გამარჯვება უწოდა.
აზერბაიჯანის საზოგადოება ერთიანი პატრიოტული აღტკინების ქვეშ მოექცა, რის გამოც აპრილში ბევრი უკმაყოფილებასაც კი გამოხატავდა იმის გამო, რომ ომი ასე მალე დასრულდა და აზერბაიჯანმა მთელი ყარაბაღის დაბრუნება ვერ შეძლო.
ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კორესპონდენტის „აპრილის დღიურს“, რომელიც მან ფრონტისპირა სოფლებში მოამზადა.
ეს კი მოკლე მულტიმედიური რგოლია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ორივე ქვეყანაში „აპრილის ომზე“ და მის შედეგებზე.
შიდა პოლიტიკა. კოდური სიტყვა: დაპატიმრებები
გასულ წელს კარგი ამბებიც მოხდა. მარტის ერთ დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ერთდროულად 148 მსჯავრდებული იქნა შეწყალებული, რომელთაგან 14-ს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტპატიმრებს უწოდებდა. ამ შემთხვევას რამდენიმე დიდი ხნის ნავარაუდები „გამოსვლა“ მოჰყვა. ციხიდან გამოუშვეს ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, ადვოკატი ინტიგამ ალიევი, და სხვები.
დათბობის კულმინაციურ ეტაპად ალიევების ქონების შესახებ მომზადებული გამოძიებით ცნობილი ჰადიჯა ისმაილოვას გათავისუფლება იქცა. (აი, მისი პირველი ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ).
ხელისუფლების ყველა სხვა ქმედება ადრე დაწყებულ ხაზს აგრძელებდა და ნებისმიერი სახის განსხვავებული მოსაზრების აღკვეთას ემსახურებოდა.
. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმს (რომელსაც დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ) წინ დაპატიმრებების ტალღა უძღოდა. დაკავებულთა უმრავლესობას ოპოზიციონერები შეადგენენ. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ოპოზიციური გაზეთის, „აზადლიგის“ დირექტორი ფაიგ ამიროვი, რომელიც 20 აგვისტოს დააკავეს. მას რელიგიური შუღლის გაღვივება დასდეს ბრალად. მოძრაობა ReAl-ის მმართველი ორგანოს წევრი ნატიგ ჯაფარლი ფინანსური დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
სულ 12-28 აგვისტოს შუალედში სულ ცოტა 10 ადამიანი იქნა დაპატიმრებული, დაკავებული, ან დაჯარიმებული.
რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ (მაგალითად, Human Rights Watch-მა და Freedom House-მა) გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც აღნიშნეს, რომ ეს დაპატიმრებები რეფერენდუმს უკავშირდებოდა და „კრიტიკული ხმების ჩახშობის“ მცდელობას წარმოადგენდა.
ჯერ კიდევ ციხეშია ილგარ მამედოვი, საზოგადოებრივი მოძრაობა ReAl-ის ლიდერი, რომელსაც ბევრი მთავარ პოლიტპატიმრად და ალტერნატიულ საპრეზიდენტო კანდიდატად მიიჩნევს.
მოძრაობა ReAl 2009 წელს შეიქმნა, პოლიტიკური საქმიანობა კი 2011 წლიდან დაიწყო. ორგანიზაციამ საკუთარი კანდიდატები წარმოადგინა როგორც საპრეზიდენტო „მარათონზე“ (ილგარ მამედოვი), ისე საპარლამენტო არჩევნებზე და დედაქალაქში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს.
დაპატიმრებების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა (რომელმაც ყველაფერს მიჩვეული აზერბაიჯანული საზოგადოებაც კი გააოგნა) ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნიდას“ აქტივისტებს, ბაირამ მამედოვსა და გიიას იბრაჰიმოვს უკავშირდება. ისინი 10 მაისს დააპტიმრეს. ოფიციალური ვერსიით, დაკავების მიზეზად ჰეროინის შენახვა იქცა ( თითოეულ მათგანს თითო კილოგრამი ჰეროინი უპოვეს), არაოფიციალური მონაცემებით კი დაპატიმრების საფუძველს აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე მიწერილი ფრაზები („F… the system!” და „გილოცავთ მონების დღესასწაულს!“) წარმოადგენდა.
„ძეგლის პატიმრებს“ (სწორედ ასე უწოდებენ მათ როგორც აზერბაიჯანში, ისე საზღვარგარეთ – გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანების დაკავებამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო) პატიმრობა მიუსაჯეს. თითოეულ მათგანს 10 წელი შეუფარდეს.
რეფერენდუმი. კოდური სიტყვა: ძალაუფლება
საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომლებსაც, თუკი ჩინოვნიკებს ვენდობით, აზერბაიჯანის მოქალაქეების 90 %-მა დაუჭირა მხარი, ჯერჯერობით ვერაფერი შეცვალა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამაგიეროდ ეს შესწორებები:
• ხსნის ასაკობრივ ზღვარს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის,
• ზრდის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადას,
• პრეზიდენტს ვიცეპრეზიდენტების დანიშვნის უფლებას აძლევს,
• სახელმწიფოს მეთაურს პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილებას ანიჭებს,
• ქვეყნის ხელმძღვანელს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლებას ანიჭებს
• პრეზიდენტს საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე კერძო საკუთრების უფლების იგნორირების საშუალებას აძლევს.
(დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ).
რეფერენდუმი 26 სექტემბერს ჩატარდა. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ არჩევნების ორგანიზაციული მხარე და გამჭვირვალობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.
რეფერენდუმთან დაკავშირებული ამბებიდან უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ ოპოზიციამ ამ არჩევნების გამართვის საწინააღმდეგოდ ორი მიტინგი ჩაატარა და პირველ შეკრებას დაახლოებით ათი ათასი ადამიანი დაესწრო, რაც აზერბაიჯანის პოლიტიკურად ინერტული საზოგადოებისთვის ერთობ უცნაურ შემთხვევას წარმოადგენს.
ეკონომიკა. კოდური სიტყვა: გვიშველეთ!
წელი რეგიონებში გამართული დემონსტრაციებით დაიწყო. 12 და 13 იანვარს ქვეყნის 9 რეგიონი სტიქიურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. თუმცა, ხალხი პოლიტიკური ლოზუნგებით არ გამოსულა ქუჩაში. მათი მოთხოვნები სოციალური ხასიათისა იყო ( „პურის ფული არ გვაქვს“).
ადგილობრივი აღმასარულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები რეგიონებში ცდილობდნენ ხალხის დაშოშმინებას, ბაქოში კი იმავე პერიოდში 50 ოპოზიციონერი დააკავეს, რომლებსაც ხელისუფლება ამბოხების ორგანიზებაში ადანაშაულებდა (დეტალები იხილეთ ბმულზე).
მანათი დაცემას განაგრძობდა, ბანკები იკეტებოდა, ფასები კი იზრდებოდა. ყოველი ქუჩის კუთხეში გახსნილი სავალუტო ჯიხურები ისტორიის ნაწილად იქცა. ბანკები ხან ზღუდავდნენ დოლარის გაყიდვას, და ხანაც საერთოდ აღარ ყიდდნენ. (დეტალურ ინფორმაცია იმ უსიამოვნებების შესახებ, რომლებიც საბანკო სოსტემას შეემთხვა, შეგიძლიათ ექსპერტ-ეკონომისტის, თოღრულ მაშალლის სტატიაშია წარმოდგენილი). 0,78.ამჟამად დოლარის კურსი მანათთან მიმართებით 1,7-ს შეადგენს, მაგრამ 1,8-დ ყიდიან. 2014 წელს, დევალვაციის დაწყებამდე, ეს კურსი 0,78-ს შეადგენდა.
რაც უფრო მეტად უფასურდებოდა ვალუტა, მიტ უფრო ხშირად საუბრობდა ხელისუფლება იმაზე, რომ ეკონომიკის არასანავთობო სექტორის განვითარებისათვის მზად იყო. სახელმწიფო არხებით ჯერ ზოგადად სოფლის მეურნეობაზე დაიწყეს საუბარი, შემდეგ კი აქცენტი ბამბაზე გააკეთეს. საბჭოთა ტრადიციაც კი გაიხსენეს და ბამბის მოსაგროვებლად მთელმა საწარმოებმა ერთად დაიწყეს სიარული.
ამის შემდეგ დაიწყო საუბარი ტურიზმის შესახებ, რასაც ხელს უწყობდა ის, რომ ზაფხულში ქვეყანამ ფორმულა 1-ის ტურნირს უმასპინძლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავიდან ვიზის მიღების პროცედურა გაამარტივეს, შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანასთან საერთოდ გააუქმეს სავიზო რეჟიმი (აზერბაიჯანული ტურიზმის შესახებ მომზადებულ ამ ანალიტიკურ სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებთან გაუქმდა სავიზო მიმოსვლა და რა შედეგები მოიტანა ამ ზომებმა).
წლის ბოლოს მთავრობა ძველ, ნაცად მეთოდს მიმართა – „ხაზინა ცარიელია, გავზარდოთ გადასახადები“. ამიერიდან აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის ელეტროენერგია და ბუნებრივ აირი გაძვირდა, ზოგიერთ საქონელზე საბაჟო მოსაკრებლების მაჩვენებელი გაიზარდა( ამასთან, ქვეყნიდან გასატან პროდუქციაზე დაწესებულია გადასახადი, რომელიც მანამდე არ არსებობდა). და ეს ახალი გადასახადებისა და ტარიფების მხოლოდ მცირე ნაწილია (ბმულზე განთავსებული მასალა საშუალებას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ იმ ანტიკრიზისულ ზომებს, რომლებიც წელს იქნა მიღებული).
კულტურა და სპორტი. კოდური სიტყვა: ხარჯები
კულტურის მთავარ სიახლედ იქცა პრემიერა ფილმისა „ალი და ნინო“, კინოსურათის აღმასრულებელ პროდიუსერად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი, ლეილა ალიევა მოგვევლინა. ფილმი აზერბაიჯანელი წმიგრანტისა და მწერლის, ყურბან საიდის სახელგანთქმული წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. ამ ნაწარმოებს მელოდრამატული სიუჟეტი აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება. ფილმის ბიუჯეტი ოცი მილიონი დოლარით განისაზღვრა.
კინოკრიტიკოსების უმრავლესობამ კინოსურათს საკმაოდ „ნელთბილი“ შეფასებები მისცა. უფრო დეტალური ინფორმაცია ფილმის შესახებ ამ პუბლიკაციაშია წარმოდგენილი.
წლის მთავარ სპორტულ მოვლენად ფორმულა 1 იქცა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის, აზად რაჰიმოვის თქმით, ფორმულა 1 ქვეყანას, სულ ცოტა, 60 მილიონი დოლარი დაუჯდა. აზერბაიჯანში ავტორბოლა განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, ამიტომ ფორმულა1, რომელიც დედაქალაქის ცენტრში ჩატარდა, ბაქოელებს მხოლოდ საგულდაგულოდ გადაკეტილი გზებითა და ღონისძიების „თანმდევი“ კონცერტებით დაამახსოვრდა.
მსხვერპლი
14-15 დეკემბრის ღამეს ათი ადამიანი დაიღუპა ესტაკადაზე, რომელიც აზერბაიჯულ ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. მოედანი, რომელზეც ადამიანები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა, რის შედეგადაც მენავთობეები ზღვაში ჩაცვივდნენ. მომხდარში შტორმს ადანაშაულებენ, უფლებადამცველები კი კომპანიას უსაფრთხოების ნორმების მიმართ გულგრილობაში სდებენ ბრალს. (დეტალებს ჩვენს სტატიაში გაეცნობით).
***
2016 წელი ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებისა და მზარდი პატრიოტული აღმაფრენის ფონზე დასრულდა.
და, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის წინა დღეებში სავაჭროების დახლებიდან მოულოდნელად გაქრა ქაშაყი და ნორმალური საახალწლო ფასდაკლებების ნაცვლად ტანსაცმლის მაღაზიები მხოლოდ 30%-იან „დისქაუნთს“ გვთავაზობდნენ, საახალწლო ფოეიერვერკების ხილვის მსურველთა რაოდენობა მაინც არ შემცირებულა და ქალაქის მორთულ-მოკაზმულ ქუჩებში ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ ნემსს ვერ ჩააგდებდით.
გამოქვეყნდა: 09.01.2017