მთიანი ყარაბაღი ზავის დადების წინა დღეს
Photolure
4 აპრილი. მსხვერპლი
გასვენება. 12 წლის ვაგინაკ გრიგორიანის პატარა კუბო გაზაფხულის თეთრი და წითელი ყვავილებითაა დაფარული. პირველი აპრილის დილას ის თავის ორ ძასთან ერთად სკოლაში მიდიოდა, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ‘გრადის’ ტიპის დანადგარიდან ცეცხლი გახსნეს.
ბიჭი სკოლისკენ, ცოდნისკენ, ზრდისკენ მიმავალ გზაზე მოკლეს, და ვერც უკან დაბრუნდა და გაკვეთილების შემდეგ დედას ვეღარ ჩაეხუტა. მის ძმებს შედარებით გაუმართლათ – ერთი მძიმედ დაიჭრა და ფეხი დაკარგა, მეორე კი შედარებით მსუბუქად დაშავდა.
მთიანი ყარაბაღის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ასაფლავებენ მშვიდობიან მოსახლეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც პირველ აპრილს ყარაბაღისა და აზერბაიანის სამხედრო ძალების გამყოფი ზოლის მთელ პერიმეტრზე დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.
აზერბაიჯანი ფართოდ იყენებს ბოლო წლებში შეძენილ არსენალს, მათ შორის რუსული წარმოების ‘გრადსა’ და ებრაულ უპილოტო საფრენ აპარატებს. 4 აპრილს მარდაკერტის მონაკვეთზე აზერბაიჯანულმა უპილოტო აპარატმა დაარტყა ავტობუსს, რომელსაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ბოლო 4 დღის განმავლობაში ყარაბღის მხარემ 20 სამხედრო მოსამსახურე და 11 მშვიდობიანი მოსახლე დაკარგა. კიდევ 26 სამხედრო პირი დაკარგულად ითვლება. დაჭრილთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ასეთი რიცხვები წარმოადგინა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული განყოფილების უფროსმა, ვიქტორ არუსტამიანმა 4 აპრილს, საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან მსხვერპლი – 300 ადამიანია.
1994 წლის მაისში დადებული ზავის შემდეგ, პირველ აპრილს აზერბაიჯანის მიერ დაწყებული შეტევა უპრეცედენტოა. აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მცირე დროში სტრატეგიული მნიშვნელობის მრავალი სიმაღლის დაკავება მოახერხეს, მაგრამ სასტიკი ბრძოლების შედეგად მთიანი ყარაბაღის არმიამ ამ ობიექტების დიდი ნაწილის დაბრუნება შეძლო.
4 აპრილის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ სომხურმა არმიამ ჯერ ვერ დაიბრუნა 8 სამხედრო პოზიცია – 3 ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს, მარტაკერტის, 5 კი სამხრეთ აღმოსავლეთით, გორაძინის მიმართულებით. ამ პოზიციების დაკავებისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდიარეობდა.
ჩვენი მონაცემებით, ყარაბაღის არმიას დასახული ჰქონდა ამოცანა, დაებრუნებინათ ყველა დაკარგული სამხედრო პოზიცია, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე საუბარს აზრი არ აქვს.
რა ხდება?
ამჯერად ვინ დაიწყო სროლა? ვინ არის დამნაშავე? ასეთი საკითხები შეიძლება აინტერესებდეთ თეორეტიკოსებს, რომლებსსაც კონფლიქტის შესწავლა სურთ, პოლიტოლოგებს და მათ, ვინც კავკასიაში საკუთარ ინტერესებს იცავს, მაგრამ არა მთიან ყარაბაღს მისი ასორმოცდაათათასიანი მოსახლეობით, სადაც ამჯერადაც იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეები – მათ შორის, სკოლისაკენ მიმავალი ბავშვები.
სამხედრო მოქმედებებს საინფორმაციო ომიც თან სდევს. აზერბაიჯანის მხარის მტკიცება, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები სერიოზულ სამხედრო და ტერიტორიულ დანაკარგებს განიცდიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ მარტაკერტის რაიონის ორი სოფლიდან – თალიშიდან და მატაგისიდან მოსახლეობა გაიყვანეს, ბაქოს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ეს ორი დასახლებული პუნქტი აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ზოგიერთ უბანზე მხოლოდ 100-250 მეტრის დაკავება შეძლეს. აქტიური დაბომბვების მიუხედავად, ერთი სამოქალაქო დასახლებული პუნქტის აღებაც კი ვერ შეძლეს. 4 აპრილის მონაცემებით, ლოკალური პოზიციური ბრძოლები 250 მეტრის ზომის ტერიტორიისთვის იმართებოდა.
4 დღის მანძილზე ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეხების ზოლის მთელ პერიმეტრზე მიმდინარე ინტენსიური ბრძოლებისადმი ადგილობრივი და საზღვარგარეთული მედიის ინტერესის გათვალისწინებით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში შექმნილია საგანგებო ოპერატიული ცენტრი, რომელიც ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ყარაბაღის არმიის მონაცემებით, ოთხდღიანი სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის მხარემ დაკარგა 18 ტანკი, 3 ჯავშანმანქანა, 1 საინჟინრო ტექნიკის 1 ერთეული, 2 ვერტმფრენი, 6 უპილოტო საფრენი მოწყობილობა და ‘გრადის’ ტიპის ერთი დანადგარი. იმავე პერიოდში ყარაბაღის მხარემ 7 ტანკი დაკარგა.
შთაბეჭდილებები შემთხვევის ადგილიდან
აქ პირველი აპრილის შემდეგ აქ ვიმყოფები. გამყოფი ზოლის მიმდებარე ათობით დასახლებულ პუნქტს ვსტუმრობთ და შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოქალაქეთა შორის პანიკა არ არის. სტეფანაკერტში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება. რთული მდგომარეობა შეიქმნა მთიანი ყარაბაღის სიდიდით მეორე ქალაქ მარტაკერტში, რომელიც გამყოფი ზოლის სიახლოვეს მდებარეობს და ამიტომ ინტენსიურად იბომბება, მათ შორის – ‘გრადის’ მოწყობილობებიდანაც.
3 აპრილს მარდაკერტში 3-4 საათი გავატარე და ამ პერიოდში, სულ ცოტა, 30 ჭურვი ჩამოვარდა. მარტაკერტის მოსახლეობის ევაკუაცია არ დაწყებულა – დაბომბვის დროს მოქალქეები ბუნკერებს აფარებენ თავს.
4 აპრილის საღამოს მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დავიდ ბაბაიანმა განაცხადა, რომ თუკი აზერბაიჯანი სტეფანაკერტისა და მთიანი ყარაბაღის სხვა მსხვილი ქალაქების დაბომბვას დაიწყებს, საბრძოლო მოქმედებები ‘აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში’ გადაინაცვლებს. მანამდე კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ყველა ტიპის ჯარს (მ.შ. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებს) უბრძანა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ხელთ არსებული მძიმე შეიარაღების გამოყენებით, სტეფანაკერტსა და სხვა ‘ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებზე’ გამანადგურებელი დარტყმისთვის ყოფილიყვნენ მზად.
სერიოზული საერთაშორისო, მათ შორის დიპლომატიური, ჩარევის გარეშე გამყოფ ზოლზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა წარმოუდგენელია. როგორც სტეფანაკერტის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს, ყარაბაღის არმია წარმატებით იგერიებს აზერბაიჯანული მხარის შეტევებს და, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ახალი იერიშებისთვის მზად არის.
სტეფანაკერტში აღნიშნავენ, რომ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავისი მოწინავე დანაყოფები იმ პოზიციებზე დააბრუნეს, რომელზეც აღნიშნული შენაერთები პირველი აპრილის, პირველი იერიშის დაწყებამდე იმყოფებოდნენ. სხვა შემთხვევაში, ყარაბაღის არმია საკითხს ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტს.
რატომ მოხდა ეს ახლა?
გამყოფ ზოლზე სამხედრო მოქმედებების დაწყება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ალბათ მოულოდნელი იყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობისა და მოსახლეობისათვის სიურპრიზს არ წარმოადგენდა.
1991-1994 წლებში აზერბაიჯანი დამარცხდა; ბოლო წლებში შეიარაღებას უნდებოდა და სომხეთსა და მთიან ყარაბაღს ეჯიბრებოდა. ბუნებრივია, რომ ეს შეიარაღება ბოლოს უნდა გამოეყენებინათ.
მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა? მთიანი ყარაბაღის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა უპრეცედენტო ესკალაციის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
* პირველ რიგში, ესაა აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, საკუთარი მოქალაქეების ყურადღება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გადაიტანოს და საზოგადოებრივი აზრი თავის ირგვლივ შემოიკრიბოს.
* სტეფანაკერტში მიაჩნიათ, რომ უპრეცედენტო სამხედრო ესკალაციის სურვილი და ნება ჰქონდა თურქეთს – აზერბაიჯანის ნომერ პირველ მოკავშირესა და პარტნიორს.
* ყარაბაღში არ ეთანხმებიან დასავლურ პრესაში გავრცელებულ აზრს, რომ შექმნილი მდგომარეობა ხელს აძლევს რუსეთს, რომელსაც 1990 წელს დასახული გეგმის შესრულება სურს. ეს გეგმა მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის რუსი სამშვიდობოების განლაგებას გულისხმობს. ამგვარი სამშვიდობო ჯარი რუსეთმა 1994 წელს აფხაზეთში განათავსა.
* მთიან ყარაბაღში კიდევ ერთ შესაძლო მიზეზზე ლაპარაკობენ – უპრეცედენტო დაძაბულობით აზერბაიჯანი ცდილობს, გააუქმოს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეთავაზება, რომელიც გამყოფ ზოლზე მომხდარი ინციდენტების გამოძიების მექანიზმის შექმნას გულისხმობს. ბოლო წლებში აზერბაიჯანი თანმიმდევრულად უგულებელჰყოფდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების გამუდმებულ მოწოდებებს მოწინავე ხაზიდან სნაიპერების გაყვანის შესახებ.
ვინ არის დაინტერესებული ახალ ომის დაწყებით?
მთიან ყარაბაღში ამტკიცებენ, რომ გამყოფ ზოლზე სიტუაციის გამწვავება და ახალი ომის დაწყება აზერბაიჯანს სურს, რადგან ეს ქვეყანა დამარცხდა და რევანში სწყურია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო აზერბაიჯანმა ომი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ მიზეზებს შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოლაპარაკებებს. რაც უფრო მეტად რწმუნდება აზერბაიჯანი, რომ მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების მისთვის სასურველ ვარიანტს ვერ მიაღწევს, მით მეტად იზრდება ახალი ომის დაწყების საფრთხე.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში, პირველ რიგში, აზერბაიჯანია დაინტერესებული, რდაგან ‘სტატუს კვო’ სომხურ მხარისთვის უფრო მისაღებია. იმის გამო, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, ბაქო ცდილობს, ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იარაღის საშუალებით მიაპყროს.
და კიდევ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ხშირი დარღვევით ბაქო ცდილობს, აიძულოს სომხური მხარე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დათმობებზე წავიდეს. დღევანდელი დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ეს გარემოებაც იყოს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გაოქვეყნდა: 07.04.2016