სომხეთი, მეორე დღე ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტიდან
12 ნოემბერს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა პირველად განიხილეს სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. პარტია „სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა“, რომლის ლიდერია სომხეთის ექსპრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, ხელისუფლება სომეხი ხალხის წინააღმდეგ უპატიებელ დანაშაულსა და შიდაპოლიტიკური კრიზისის გადალახვის სურვილის არქონაში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხალხს მიმართა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის განცხადებაზე ხელმოწერის მიზეზები აუხსნა. დღის მეორე ნახევარში ერევანში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია დაიწყო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღის საკითხზე ხელმოწერილი დოკუმენტის წინააღმდეგ.
10 ნოემბრის ღამით ხელი მოეწერა აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელიც 2020 წლის 27 საქტემბერს დაიწყო. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ ბრუნდება ყარაბაღის მიმდებარე რაიონები, იქ ბრუნდებიან აზერბაიჯანელი დევნილები. კონფლიქტის ზონაში უკვე შეყვანილია რუსი სამშვიდობო ძალები.
შეთანხმებაზე ხელმოწერას ერევანში სასტიკი პროტესტი მოჰყვა, ოპოზიციამ „ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ფაქტობრივ ჩაბარებაზე“ განაცხადა, უკვე დოკუმენტის ხელმოწერის ღამეს ბრბომ დაარბია მთავრობის შენობა და პარლამენტი.
მოკლედ ყველა მოვლენის შესახებ, რომლებიც განვითარდა 12 ნოემბრის ამ მომენტამდე და რაც წინ უძღოდა მათ.
- „მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე“ – ფაშინიანი
- პროტესტი ერევანში: ოპოზიცია პრემიერის გადადგომასა და ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ანულირებას ითხოვს
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა
არმენ სარგსიანმა და ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს, იტყობინებოდნენ პრეზიდენტის აპარატიდან. შეხვედრის არანაირი დეტალის თაობაზე ცნობები არ გავრცელებულა.
თუმცა 10 ნოემბრის დილით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხზე დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ პრესიდან შეიტყო. აღმოჩნდა, რომ ამ საკითხის გარშემო მიმდინარე განხილვებში არმენ სარგსიანი არ მონაწილეობდა. მაგრამ მას მიაჩნია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას საერთო-ეროვნული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, გადაწყვეტილება, მით უმეტეს, დოკუმენტის ხელმოწერა საყოველთაო და სრულფასოვანი განხილვების შედეგი უნდა იყოს.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ იწყებს პოლიტიკურ კონსულტაციებს, რაღა მოხდეს „საერთო-სახალხო ინტერესების დაცვის დღის წესრიგიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების“ შეთანხმება:
„ვიმედოვნებ, რომ ათდღიან ვადაში ასეთი ერთიანობის მიღწევას შევძლებთ“.
პრემიერ-მინისტრის მიმართვა
ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა პირველი არხის ეთერით და ახსნა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მიზეზები. მან განაცხადა, რომ გააზრებული აქვს, თუ რა სიმწარე და იმედგაცრუება გამოიწვია ამ დოკუმენტმა სომხურ საზოგადოებაში. მაგრამ მან ამჯობინა მისი ხელმოწერა 20 ათასზე მეტი სამხედროს სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც შეიძლებოდა კონფლიქტის ზონაში ალყაში აღმოჩენილიყვნენ, დაღუპულიყვნენ ან ტყვედ ჩავარდნილიყვნენ.
ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, რადგან ფაშინიანს ესმოდა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ხაზს უსვამდა „საკუთარ პოლიტიკურ კარიერასა და სიცოცხლეს“.
ამასთან ერთად, პრემიერი ირწმუნება, რომ ყარაბაღის საკითხი გადაწყვეტილი არ არის და ამ თვალსაზრისით კიდევ „მოგვიწევს სამუშაოს შესრულება“:
„ყარაბაღის პრობლემის საბოლოო დარეგულირებისა და არცახის სტატუსის საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ამოცანები არ იცვლება, და არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება უპირობო პრიორიტეტი ხდება, და, არსებითად, არცახის საერთაშორისო აღიარების სასარგებლოდ უფრო დამაჯერებელი არგუმენტები არსებობს“.
კრიტიკა სომხეთის ექსპრეზიდენტის პარტიის მხრიდან
„მოქმედ ხელისუფლებას ჯერ ვერ გაუაზრებია, რამხელა უბედურება დაატეხა თავს ყარაბაღსა და სომხეთს“, – განაცხადა სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიამ.
„ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს შიდაპოლიტიკური კრიზისის გადალახვის კონსტიტუციურ გზას და ფაქტობრივად კონფრონტაციის გამწვავების კურსი აიღო. ეს სხვა არაფერია, თუ არა დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის უხეში გათელვა, რომლის მომხრეც ის ვითომ არის“, – ნათქვამია პარტია „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ განცხადებაში.
ასეთი ბრალდებით ტერ-პეტროსიანის პარტია იმიტომ გამოვიდა, რომ წინა დღით მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ უარი თქვა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის პარლამენტში განხილვაზე. ამას მოითხოვდა ოპოზიცია.
საპროტესტო აქციები ერევანში
თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტის“ მომხრეები. მათ გამოაცხადეს, რომ ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობის ორგანიზებას გეგმავდნენ, მაგრამ მსვლელობის გამართვა პოლიციელებმა აუკრძალეს, შემდეგ კი დემონსტრანტები დაარბიეს. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მეორე მიტინგი უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტის „მატენადარანის“ შენობის პირდაპირ გაიმართა. ეს იყო 17 პარტიის ერთობლივი აქცია, რომლებიც ჯერ კიდევ ყარაბაღის საკითხზე განცხადების ხელმოწერამდე გაერთიანდნენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. უფრო მკაცრ ფორმატში ბრძოლა მათ უკვე დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ გააგრძელეს.
დააკავეს სხვადასხვა პარტიის 10 ლიდერი, ყველა ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან, განაცხადა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა ნაირა ზოჰრაბიანმა. მისი სიტყვებით, არსებობს ცნობები, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს კოლეგა-ოპოზიციონერებისათვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის ჩამორთმევა.
„ველოდები, იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და რუსეთისგან განცხადებები გაკეთდება“, – განაცხადა ნაირა ზოჰრაბიანმა.
რა იყო წინადღით
11 ნოემბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი გამართა. შემდეგ ოპოზიციონერებმა მოითხოვეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
წამოყენებული იყო წინადადება, განეხილათ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და მისგან გამოსვლის შესაძლო გზები. სომხურ ოპოზიციას განზრახული ჰქონდა აგრეთვე, პრემიერისთვის უნდობლობის ვოტუმი გამოეცხადებინა და მთიანი ყარაბაღის საკითხზე მიღებული შეთანხმების დენონსაციისთვის მიეღწია.
პარლამენტის სხდომა არ გაიმართა, ვინაიდან მმართველი ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატები, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა, არ გამოცხადდნენ.
მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფრაქცია არ აპირებს მონაწილეობის მიღებას სხდომაში, რომლის მიზანიცაა – სომხეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევა და ფრონტზე არსებული ვითარების საფრთხის ქვეშ დაყენება.
საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა და მისი პირობები მიიღეს იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება ყარაბაღის სრული დაკარგვისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
მმართველი ბლოკის დეპუტატებმა ოპოზიციონერებს შესთავაზეს — სანამ ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ დოკუმენტის მართლზომიერების განხილვას დაიწყებდნენ, „მკაფიოდ ეთქვათ ყველა სომეხისთვის და მსოფლიოსთვის, რომ ისინი:
1. მხარს უჭერენ რუსეთის შუამავლობის გაუქმებას;
2. მხარს უჭერენ მხარეთა შეხების ხაზიდან რუსი მშვიდობისმყოფელების გაყვანას;
3. მხარს უჭერენ ომის გაგრძელებას“.
მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ასევე შესთავაზა, წარმოადგინონ „სამგზავრო რუკა განახლებულ ომში გამარჯვებისთვის“.