"ქართული ოცნება" და ოპოზიცია სალაპარაკოდ დასხდნენ. რა პერსპექტივა აქვს ამ დიალოგს
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორი კვირა გავიდა, თუმცა რა ბედი ელის მეათე მოწვევის პარლამენტს და როგორი იქნება იგი, დღემდე გაურკვეველია.
მოცემულობა კვლავ ასეთია – ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ხელახალ კენჭისყრას ითხოვს. ამასთან, რვავე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც გადალახა ერთპროცენტიანი ბარიერი, უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ამ ორი კვირის განმავლობაში პროცესები ქუჩაში ვითარდება და დაძაბულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის მატულობს. ოპოზიციამ რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნები იყო. ხელისუფლებამ კი ოპოზიციური მიტინგი ძალის გამოყენებით, წყლის ჭავლით დაშალა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა აყენებენ ისეთ წინაპირობებს, რომელზეც მეორე მხარე არ მიდის. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრებს. ხელისუფლება კი, ამბობს, რომ სრულფასოვანი დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აღიარებს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრონციპულად ყველა თავის აზრზე რჩება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც მოხდა გარკვეული ცვლილებები.
შეხვედრა ელჩებთან
12 ნოემბერს, პირველად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოხერხდა ოპოზიციის და ხელისუფლების ერთ მაგიდასთან თავმოყრა.
ეს იყო პარლამენტში გასული რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერის ოთხსაათიანი დიალოგი ხელისუფლების წარმომადგენელთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.
შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, მისი და ასევე სხვა უცხოელი დიპლომატების უშუალო შუამავლობით შედგა. შეხვედრას ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და საფრანგეთის ელჩებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარე უფრო ფრთხილ კომენტარებს აკეთებდა და რადიკალური განცხადებებისგან თავს იკავებდა, თუმცა პოზიციები იგივე ჰქონდათ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი დიდი მიტინგი, რომელიც 14 ნოემბრისთვისაა დაანონსებული, ძალაში რჩება. ასევე, ძალაში რცება მთავარი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები. ასევე არ შეცვლილა ოპოზიციის გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლის შესახებ.
თუმცა, შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაინახეს მოლაპარაკების რესურსი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება მმართველი გუნდის სახელით, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მისი განცხადებიდან გავიგეთ, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო და უკვე მიღწეულია შეთანხმება დიალოგის მეორე რაუნდზეც.
„რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს და მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ოპოზიციაც თანხმდება, რომ მოლაპარაკებების პროცესი გრძელვადიანი იქნება, რადგან მხარეებს საკმაოდ რადიკალური პოზიციები აქვთ.
თუმცა, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ამისა, “კომპრომისის სივრცე არსებობს თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა”.
„მოდი, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება. ეს არის უმძიმესი თემა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში… და ამოცანა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების, გახლავთ ის, რომ თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა,” – აღნიშნა ბაქრაძემ.
მან ამავე დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ “ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ოპოზიციის პოზიცია არის მყარი”.
“ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, იმის ხარჯზე კომპრომისი ვერ შედგება. მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში მხარეები მოვახერხებთ, იმედი მაქვს, მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას,”- აღნიშნა ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“კომპრომისზე საუბარი ნაადრევია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ – ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან,” – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან რომ შეხევდრა შედგა, უკვე კარგია. მისი თქმით, დღე მათ პოზიციები გაცვალეს და მომდევნო შეხევდრაზე შეთანხმდნენ.
“ზოგადად ასეთი შეხვედრა რომ დგება, უკვე არის წარმატება, იმიტომ, რომ მე პირადად მაქვს ის პრობლემა — 4 წელია ხელისუფლების წარმომადგენელთან არ მისაუბრია არსად, ამიტომ ლაპარაკი რომ დავიწყეთ, უკვე კარგია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
“ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც აღნიშნა, რომ მოთხოვნები იგივეა, დღევანდელი შეხვედრა კი პოზიციების დაფიქსირებას დაეთმო:
“მოთხოვნები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები. შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს. დღეს იყო ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მეტი არაფერი,” – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ზოგადი განცხადებების გარდა, არც ოპოზიცია, არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც შუამავლები არ ამბობენ პრესასთან, თუ რა კონკრეტულ საკითხებზე იყო მსჯელობა.
საუბარია პოზიციების დაახლოებაზე, თუმცა როგორ და რა დათმობების ხარჯზე, ჯერჯერობით უცნობია.
გრიგოლ ვაშაძის გამოცანა
ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” სახელით პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდა.
ვაშაძე აღმოჩნდა ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასტან კომუნიკაცია არ ისურვა და შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
ვაშაძე ბოლო დღეებში ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში საკუთარი განცხადებების გამო.
10 ნოემბერს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ერთ-ერთ საინფორმაციო პლატფორმაზე გამოიაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს ხელისუფლებასთან დიალოგს.
“საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება – სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა – ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია… მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად,” – აღნიშნულია ვაშაძის განცხადებაში.
ვაშაძე იმ პოლიტიკური ძალის ლიდერია, რომელსაც ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობა” ის პარტიაა, რომელიც პირველ რიგში აცხადებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე არ უნდა მოხდეს და ქუჩის აქციები მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პოზიციამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია არა მარტო ზოგადად ოპოზიციურ ერთობაში, არამედ მისსავე გუნდში.
მისი თანაგუნდელები მხრებს იჩეჩდნენ და ამბობდენ, რომ ვაშაძეს თავის განცხადება გუნდთან არ შეუთანხმებია და რომ მათთვის ვაშაძის პოზიცია მიუღებელი იყო.
მას შემდეგ, რაც მის განცხადებებს აჟიოტაჟი მოჰყვა, ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ერთი დღის შემდეგ, 11 ნოემბერს “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ვაშაძემ თავის განცხადება იმით ახსნა, რომ ამ დიალოგის მომხრეა საერთაშორისო თანამეგობრობა. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი დიპლომატებმა თითქმის დაგეგმეს, მაგრამ იგი ჩაიშალა.
ვაშაძის თქმით, ყოველდღიურად მას არაერთხელ ჰქონდა დიპლომატებთან კომუნიკაცია, თუმცა ის კონკრეტულად არ ასახელებს, რომელი საელჩოები და დიპლომატიურ წარმომადგენლობები მონაწილეობდნენ პროცესში.
შეკითხვაზე, რატომ ჩაიშალა? ვაშაძე პასუხობს: „ვერ მოგიყვებით”.
თუმცა, ამავე დროს, რუსთავი 2-ს მან უთხრა, რომ დღევანდელ პირობებში პარლამენტში შესვლას წარმოუდგენლად მიიჩნევს:
„დღევანდელ პირობებში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეოლოგია და ღირებულებები, პარლამენტში შესვლა, ჩვენთვის პარლამენტში შესვლა წარმოუდგენელია. თუ არსებობს რამე გამოსავალი, ეს არის კომბინირებული მიდგომა – პროტესტი და დიალოგი”.
ოპოზიცია ეჭვის ქვეშ აყენებს ვაშაძის განმარტებას, თითქოს რაიმე დიალოგი მზადდებოდა, რომელიც ჩაიშალა.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პირდაპირ ამბობს, რომ ვაშაძემ იცრუა.
“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ასევე იკითხა ფეისბუკზე:
“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი-2-ზე, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით? “.
მთელი ეს ისტორია მიუთიტებს იმაზე, რომ მიუხედავად საჯარო განცხადებებისა ოპოზიციის ერთიანობის და ერთსულოვნების შესახებ, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციის შიგნით არსებობს. გადლახავს თუ არა ოპოზიცია ამ პრობლემებს და შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას, ეს დღეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
პომპეოს ვიზიტი
17 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის.
შეხვედრების ნუსხაში, რომელიც წინასწარ გავრცელდა, პომპეოსა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა ჩანიშნული არ არის, თუმცა ოპოზიცია ამ შეხვედრას ითხოვს და ეს საკითხი მათ აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთანაც დააყენეს.
პოლიტიკური ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო უკვე მეორედ აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური კრიზისის წინაშე, როდესაც დაპირისპირებული მხარეები უცხოელი ფასილიტატორების გარეშე მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ.
ერთი ასეთი კრიზისი ასევე საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა – ოპოზიცია რამდენიმე თვის განმავლობაში პერმანენტული ქუჩის აქციებით ითხოვდა საარჩევნო სისტემის შეცვლას. ხელისუფლება დათმობაზე მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, რაც პროცესში უცხოელი დიპლომატები ჩაერთნენ.
აქედან გამომდინარე, მაიკ პომპეოს ვიზიტი, შესაძლოა გადამწვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საკითხში.