რატომ სჭირდება პუტინს ხელშეუხებლობა? რუსეთში ყოფილი პრეზიდენტების იმუნიტეტის შესახებ კანონს იღებენ
რუსეთში მოულოდნელად მოამზადეს კანონპროექტები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების ხელშეუხებლობის გარანტიებს ითვალისწინებს. ეს ინიციატივა უცნაურად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც მოქმედ სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმირ პუტინს, არაფერი უშლის ხელს ქვეყანა მართოს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ამავე დროს, მედიაში პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობები გაჩნდა.
გასულ კვირაში რუსეთის პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტები რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებებთან დაკავშირებულ ორ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პირველ შემთხვევაში, ეს არის კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის პრეზიდენტის ხლშეუხებლობას მის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ. ანუ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი არ აგებს პასუხს დანაშაულისთვის, რა დროსაც არ უნდა ჩეადინა ის, – მის არჩევამდე, არჩევის თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ.
მეორე შემთხვევაში, ცვლილებები ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს, უვადოდ დაიკავოს ადგილი პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში. ეს თანამდებობა მას ასევე აძლევს იმუნიტეტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან.
- ხმის მიცემა მანქანის საბარგულში – პუტინი სამუდამო ძალაუფლებისაკენ დაიძრა
- იზოლაციის აღლუმი. როგორ ჩაიარა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავმა
- მოსაზრება: რუსეთი პუტინისგან დაიღალა
“პუტინის ავადმყოფობა” – საიდან გაჩნდა ჭორები
ახალი კანონი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დაუდასტურებელი ხმების ფონზე რუსეთის პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობის შესახებ.
ცნობები იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი პარკინსონის დაავადებით არის დაავადებული, საერთაშორისო და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება. თითქოს ამის გამო მისი ოჯახის წევრები – ქალიშვილები მარია და ეკატერინა, ასევე სავარაუდო ამჟამინდელი ცხოვრების თანამგზავრი ალინა კაბევა, მისგან თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
ამ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა ბრიტანული ტაბლოიდი The Sun. ამ გამოცემას სანდო რეპუტაცია არ გააჩნია. მაგრამ ცნობილია, რომ მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რათა შეამოწმონ საზოგადოების რეაქცია სხვადასხვა ქვეყანაში მოვლენების განვითარების ამა თუ იმ შესაძლო სცენარზე.
The Sun- ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მთლიანად ემყარება რუსი პოლიტოლოგის ვალერი სოლოვეის განცხადებას, რომელიც თავადაც ძალიან საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს – თითქმის არცერთი მისი ექსტრავაგანტული წინასწარმეტყველება არ გამართლდა. მაგალითად, მან უკვე იწინასწარმეტყველა პუტინის წასვლა ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი არა უგვიანეს 2020 წლის მარტისა, რაც არ შესრულდა.
ამრიგად, შეიძლება ეს ინფორმაცია ყალბად მიჩნეულიყო, რომ არა კანონში მოულოდნელი ცვლილებები.
რისთვის უნდა გარანტიები პუტინს?
რად უნდა პუტინს ამგვარი ორმაგი დაზღვევა? და რა ბრალდებების შეიძლება ეშინოდეს მას?
ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის რუსეთის პოლიტიკური ტრადიცია: ქვეყნის ყოველი მომდევნო ლიდერი აძლიერებს თავის ავტორიტეტს ყველაფრის დისკრედიტაციით, რაც მისმა წინამორბედმა გააკეთა. თანაც ისე, რომ არანაირი მეთოდის გამოყენებას არ ერიდება.
სწორედ ასე მოექცა რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის მემკვიდრეობას.
თუ როდესმე რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, რა პრეტენზიები შეიძლება გაუჩნდეს პუტინის მიმართ მის შემცვლელს?
სია საკმაოდ გრძელია:
• ხელისუფლების უზურპაცია – გუბერნატორებისა და მერებისათვის უფლებამოსილების თანმიმდევრული ჩამორთმევა ცენტრალური ხელისუფლების სასარგებლოდ.
• ქონების ჩამორთმევა. ყველაზე ცნობილი მაგალითია უმსხვილესი ნავთობკომპანიის იუკოსის ექსპროპრიაცია და მისი მფლობელის მიხეილ ხოდორკოვსკის 10 წლიანი პატიმრობა.
• კავშირი პოლიტიკურ მკვლელობებთან. საუბარია პუტინის ისეთი ცნობილი კრიტიკოსების მკვლელობებზე, როგორიცაა პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, უფლებადამცველი ნატალია ესტეიროვა.
• აგრესია სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ და უცხო ქვეყნების ტერიტორიების ანექსია. ეს არის, პირველ რიგში, ყირიმი და დონბასი.
• სისტემური კორუფცია და უკანონო გამდიდრება. პუტინის მმართველობის პერიოდში მისი სულ მცირე 10 მეგობარი მილიარდერი გახდა.
კირილ როგოვის, წამყვანი დამოუკიდებელი რუსი პოლიტოლოგის მოსაზრება:
– ვლადიმირ პუტინი ძალიან მხნედ ნამდვილად არ გამოიყურება, მისი დაბერება ძალიან შესამჩნევია (რაც ბიოლოგიურად ნორმალურია), დიდი ხანია თვსალშისაცემია მისი არაბუნებრივი პოზები გამოსვლების დროს.
პუტინის იმუნიტეტის შესახებ კანონპროექტი აშკარად მიზნად ისახავს ანგარიშსწორების თავიდან აცილებას ყოფილი ხელისუფლის წინააღმდეგ ფიქტიური სისხლის სამართლის საქმიეების დახმარებით, რასაც დღეს ფაქტობრივად თავად პუტინის ხელისუფლება ეყრდნობა.
მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს კანონპროექტი ძალიან სპეციფიურად, პოლიტიკურად ემოციურად და იურიდიულად უაზროდ გამოიყურება. ამიტომ, ის რეზონანში შედის ცნობებთან პუტინის “ავადმყოფობის” შესახებ, რის გამოც იგი თითქოს მალე უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ერთად ეს ორი სიახლე ქმნის კუმულატიურ ეფექტს და გვაიძულებს სერიოზულად დავფიქრდეთ მოსალოდნელი გადადგომის ვერსიაზე.
ახალი კანონით გარანტირებული სრული იმუნიტეტი გავრცელდება ორ ადამიანზე, რომლებიც ც ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდნენ – ვლადიმირ პუტინზე და დმიტრი მედვედევზე.
ბრალდებების ჩამონათვალში, რომელთა თეორიულად მათ მიმართ წაყენება შეიძლება, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღებაცაა. ვლადიმირ პუტინი მაშინ პრემიერმინისტრი იყო და პასუხისმგებლობას თავის წილსაც იზიარებს.