ყარაბაღი: აზერბაიჯანის არმია ციხე-ქალაქ შუშას მიუახლოვდა
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ბრძოლები, როგორც ჩანს, უკვე ქალაქ შუშის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს.
მას ციხე-ქალაქს უწოდებენ – ის მთაზეა განლაგებული და ამიტომ, მისი დაპყრობა რთულია. იქიდან კი ადვილი გასაკონტროლებელი და დასაბომბია ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი/ხანქენდი (სომხური და აზერბაიჯანული სახელწოდება) და ყველა მიმდებარე სოფელი.
1988-1992 წლების ომის დროს, როდესაც 1992 წლის მაისში, ყარაბაღი და მისი მიმდებარე შვიდი აზერბაიჯანული რაიონი სომხური ძალების კონტროლქვეშ გადავიდა, სომხური შენაერთების მიერ შუშის დაპყრობა გახდა მთავარი ფაქტორი ომში სამომავლო გამარჯვების მოსაპოვებლად.
ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანული და სომხური სამხედრო წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობებში, საუბარია ბრძოლებზე ქალაქ კარინტაკისთვის/დაშალთისთვის, რომელიც ქალაქ შუშიდან ახლოს, კლდოვანი მთების ძირში მდებარეობს.
•ყარაბაღი: თურქული შეიარაღება და კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი 80 ჟურნალისტი
•აზერბაიჯანი ბოიკოტს უცხადებს ბურგერებს, პიცასა და შამპუნებს: საიდან დაიწყო ყველაფერი?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმია ნაღმტყორცნებით ბომბავს ქალაქსა და მის გარშემო არსებულ სომხური ჯარების თავდაცვით პოზიციებს. სომხური მხარე აცხადებს, რომ იგერიებს აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების შეღწევის მცდელობებს.
ეს გზა ცნობილია, როგორც „ლაჩინის დერეფანი“ და „პირველი ყარაბაღის ომიდან“, 1990-იანის დასაწყისიდან მოყოლებული, მას ყარაბაღისთვის „სიცოცხლის გზას“ უწოდებენ. თუკი აზერბაიჯანული ძალები მის გადაკეტვას მოახერხებენ და მთებისკენ დაიძვრებიან, ჩაიჭრება სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალი მთავარი გზა.
მარშრუტი სომხეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გორისიდან პირდაპირ ქალაქ შუშის სამხრეთ-დასავლეთ შესასვლელთან მიდის.
ერთადერთი სხვა გზა შუშაში ჩრდილოეთიდან, ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტიდან/ხანქენდიდან მიდის.
სომეხი მებრძოლებისთვის, რომლებიც ახლა ყარაბაღს იცავენ, „ლაჩინის დერეფნის“ დაკარგვის შემთხვევაში, სომხეთთან სახმელეთო დამაკავშირებელი ერთადერთი გზა რჩება – ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც მუროვდაღის მთებზე გადის.
თვენახევრიანი ბრძოლის შედეგები
1994 წელს, ზავის დადებისა და ყარაბაღის კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულების შემდეგ, დადგინდა მხარეების გამყოფი ხაზი, რომლითაც სომხური ძალების კონტროლქვეშ დარჩა არა მხოლოდ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, არამედ, მისი მიმდებარე შვიდი აზერბაიჯანული რაიონიც.
27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებებიდან 40 დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის არმიამ საგრძნობლად გადასწია ის გამყოფი ხაზი.
ამ დროისთვის, აზერბაიჯანმა, რომელიც აქტიურად იყენებს თურქული, ისრაელური და საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს, კონტროლი დაამყარა ქალაქ ფუზულსა და 130-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე ფუზულის, ჯებრაილის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონებში.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშაა ახლა უკვე ამ ხუთი რაიონის ტერიტორიის მეოთხედზე მეტი – სამხრეთით ირანთან საზღვრიდან, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრამდე.
1992 წელს შუშისთვის ბრძოლის ისტორია
აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან იმის შესახებ, როგორ დაიპყრო სომხურმა მხარემ 1992 წლის 9 მაისს, ციხე-ქალაქი შუშა.
ამ მოვლენების შესახებ საუბრობენ სომეხი და აზერბაიჯანელი ვეტერანები უნიკალურ, ერთობლივ, სომხურ-აზერბაიჯანულ დოკუმენტურ ფილმში „წრის ნაწილები“, რომელსაც ორი ჯგუფი, რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა ბრიტანული ორგანიზაციის, Conciliation Resources-ის მხარდაჭერით.
ფილმი ონლაინ 2020 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა. მისი ნახვა შეგიძლიათ აქ.
შუშისთვის ბრძოლის აზერბაიჯანელი ვეტერანები ამბობენ, რომ 1992 წლის 8 მაისის საღამოს, ხელმძღვანელებმა მათ უკანდახევა უბრძანეს – რათა გადაჯგუფებულიყვნენ, დამატებითი ძალებით დაბრუნებულიყვნენ და დაებრუნებინათ ქალაქი.
იმავე ბრძოლის სომეხი ვეტერანები ამბობენ, რომ მათთვის ქალაქზე კონტროლის დამყარება „სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო“, რადგან აზერბაიჯანის არტილერია იქიდან, ზემოდან, ადვილად ანადგურებდა მათ პოზიციებს სტეპანაკერტში/ხანქენდიში.
ერთ-ერთი სომეხი მეთაური, არკადი კარაპეტიანი ფილმში „წრის ნაწილები“ ჰყვება, რომ მათ ქალაქზე შტურმი ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე შეაჩერეს, რადგან საბრძოლო მასალა დაუმთავრდათ. მაგრამ უკვე ღამით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.
„ჩვენ თვალს ვადევნებდით, როგორ მიდიოდნენ ისინი – 9 მაისის დილას კი ბრძოლის გარეშე ავიღეთ შუშა“, – აცხადებს კარაპეტიანი.
RFL/RL-ის აზერბაიჯანულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ერთ-ერთი იმ ჯარისკაცის კომენტარი, რომელიც ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა შუშაში. მუსტაფა გაჯიბეილი ამბობს, რომ „აზერბაიჯანელმა მებრძოლებმა ის გაკვეთილი ისწავლეს და იმ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ“.
„პირველ რიგში, აზერბაიჯანის არმია ახლა ზონას უპილოტო საფრენი აპარატებისა და თვითმფრინავების საშუალებით აკონტროლებს. მეორეც, ის იყენებს ტაქტიკას, რომელიც მოწინააღმდეგეს აიძულებს, ქალაქი მსხვილმასშტაბიანი შეტაკებების გარეშე ჩააბაროს. ასე მოხდა ფუზულსა და ჯებრაილში“, – განაცხადა გაჯიბეილმა.