გვჭირდება კი მარადიულობა?
ყველასთვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანული სახელმძღვანელოები განათლების სისტემის “სუსტი რგოლია”. ისტორიის სახელმძღვანელოები კი – განსაკუთრებული შემთხვევაა. თანაც, ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სახელმძღვანელოები სულ უფრო უარესდება.
ოთხმოცდაათიანებსა და ორიათასიანი წლების დასწყისშიც კი სკოლებში სასწავლო გეგმას ძველი, საბჭოთა სახელმძღვანელოების მიხედვით ადგენდნენ. შემდეგ, როდესაც განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოები საკუთარი ძალებით გამოსცა, სიტუაცია შეიცვალა, ოღონდ არცთუ უკეთესობისკენ.
სახელმძღვანელოების პრობლემები შესაძლებელია 4 სახეობად დაიყოს:
1. ფაქტოლოგია – წარსულის დამახინჯების გარდა, უფრო ხშირად ზოგიერთი ფაქტის მიჩქმალვა და სხვა მოვლენების გაზვიადება;
2. საკუთარი, კრიტიკულობას მოკლებული დამოკიდებულება ისტორიისადმი, და ახალგზრდებისთვის არაკრიტიკული მიდგომის შთაგონება;
3. მოვლენების აღწერისას მეფეებისა და თარიღების დასახელებით დაკმაყოფილება – ესა და ეს მეფე (შაჰი)თავს დაესხა ამას და ამას ამა და ამ წელს. კულტურა, ადათები, ცხოვრების წესი ყურადღების მიღმა რჩება;
4. სიძულვილის ენა. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ის არსებობს და თან დიდი რაოდენობით;
მაგრამ თანმიმდევრულად მივყვეთ.
სინამდვილეში, ძალიან ძნელია გააცალკევო სახელმძღვანელოების ისტორიული დაუდევრობები ფაქტოლოგიურ, სიძულვილის ენად და ა.შ. – იმიტომ, რომ ერთი მეორეზეა გადაჯაჭვული. სადაც ფაქტებია დამახინჯებული, არაკრიტიკული მიდგომაც იქვეა, და მეზობელი სახელმწიფოებისადმი სიძულვილიც.
მარადიული ერი
ისტორიის სახელმძღვანელოების პირველი “სტრატეგიული” დაუდევრობაა – აკვიატებული იდეა მარადიული აზერბაიჯანული სახელმწიფოსა და მარადიული აზერბაიჯანული ერის შესახებ. ანუ, მანა, მიდია, ატროპატენა, ალბანეთი, ასევე – ნებისმიერი ფეოდალური სახანო აზერბაიჯანულად არის გამოცხადებული. თუმცა, სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა მსოფლიოში, სადაც თითქმის ყველა ქვეყნის საზღვარი უკვე ბევრჯერ არის შეცვლილი და გადაკეთებული, აზერბაიჯანული სახელმწიფოებრიობის ასე ჯიუტად ამოჩემება?
როგორც ჩანს, ეს სახელგანთქმულ, “დიად სომხეთთან” დაპირისპირების თავგანწირული მცდელობაა, და სომხური პროპაგანდის ნებისმიერი ხერხით დაჯაბნის სურვილი. ამავდროულად, ეს არის ირანისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება, რადგან თავრიზი მართლაც სეფევიდების სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, თურქი მმართველებით, რომლებსაც აზერბაიჯანელები კანონიერად მიიჩნევენ თავიანთ წინაპრებად. საინტერესოა, რომ პრეტენზია საქართველოს მიმართაც არსებობს – მისი ტერიტორიის ნაწილი მე-5 კლასის სახელმძღვანელოებში “ოდითგანვე აზერბაიჯანულ მიწად” მოიხსენიება.
რაც შეეხება მარადიულ აზერბაიჯანელ ერს, საერთოდ, საზღვრების არსებობის და ეროვნებათა ერთობის დისკურსი თანამედროვე მოვლენაა, მაგრამ ავტორებს მიაჩნიათ, რომ ყოველთვის ასე იყო. ცნებები – “ერი”,”სახელმწიფო”, “საზღვრები” მაშინ უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში არ არსებობდა.
ევროპული ქვეყნების უმეტესობა დაცალკევებული ტომების სახით “იწყებდა” არსებობას – მიწისა და რესურსებისთვის იბრძოდნენ, და ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავდნენ. რაც შეეხება იმდროინდელ ჩვეულებრივ ფრანგს, ის არ ფიქრობდა იმაზე, რომ ფრანგი იყო, არც იცოდა, ეს რას ნიშნავდა. საკვებზე ფიქრობდა და ოცნებობდა, რომ სიბერემდე მიეღწია, ანუ ორმოც წლამდე.
საშუალო ფენა (ინდუსტრიული საზოგადოების საფუძველი) არ არსებობდა. ხოლო თავადაზნაურობა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით კი არ ახდენდა თვითიდენტიფიცირებას, არამედ ამა თუ იმ მეფის ან ღვთაების მიმართ ლოიალურობის მიხედვით.
რა ხდებოდა ცენტრალურ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში? ისევ იგივე.
ირგვლივ მტრები არიან
აი, როგორ არის სახელმძღვანელოებში ინტერპრეტირებული თურქი ხალხების უძველესი ეპოსი, “კიტაბი დედე გორგუდ”:
“ოგუზების ერთ-ერთი უსაყვარლესი გამონათქვამი ასე ჟღერს: “ძველი მტერი ვერასდროს იქცევა მეგობრად”. გულადი ოგუზელები იფიცებდნენ, რომ შურს იძიებდნენ დაღუპული შაჰიდის სისხლისთვის. ოგუზების ეს ადათი დროთა განმავლობაში მთელ აზერბაიჯანელ ხალხში გავრცელდა. აზერბაიჯანელი ხალხი დღესაც იფიცებს, რომ შაჰიდების სისხლს არავის შეარჩენს”.
ეს მეხუთე კალსის ისტორიის სახელმძღვანელოა. აქ ყველაფერი ერთადაა – სიძულვილის ენაც, და თეზისებისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულებაც. საიდან მოვიდა ეს გამონათქვამი, ან რატომ არის ის უსაყვარლესი? ვინმემ წარსულში იმოგზაურა და ოგუზებს ჰკითხა?
სულ რაღაც რამდენიმე წინადადებაში ფაქტოლოგიური პრობლემებიც გვხვდება, არაკრიტიკული აზროვნების სწავლებაც და სიძულვილის ენაც.
აი, მეხუთე კალსის კიდევ ერთი სახელმძღვანელო. მასში ნათქვამია: “დღეს სომხეთად წოდებული ტერიტორია – ოდითგანვე აზერბაიჯანის ძველთაძველი მიწა იყო – აზერბაიჯანელების მშობლიური მიწა. ეს უტყუარი ისტორიული ფაქტია”.
აქ გვხვდება როგორც ფაქტების დამახინჯება (უძველეს დროში არ არსებობდა არავითარი ერები, და არც მათ გარშემო გამაგრებული რაიმე კონკრეტული ტერიტორიები), ასევე სახეზეა კრიტიკული აზროვნების სათავეშივე აღკვეთა – საკითხის ამგვარად დაყენებით -“უტყუარი ისტორიული ფაქტი”.
როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ფაქტების შეპირისპირება, და მათი სანდოობის შეფასება, თუკი სახელმძღვანელოს ავტორები თავს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად მიიჩნევენ და გამუდმებით აჩრიან მოსწავლეებს მზამზარეულ “პოლიტკორექტულ” მსჯელობებს ამა თუ იმ ხელისუფალის შესახებ?
მმართველი ჯავანშირის შესახებ ტექსტში (მე-7 კლასი) პარაგრაფი ასეა დასათურებული – “ბრძნული პოლიტიკის შედეგები”. და ეს – დისკუსიის ნაცვლად, რომლის დროსაც მოსწავლეებს შეეძლებოდათ ემსჯელათ, სწორად მოიქცა თუ არა ჯავანშირი, მაგალითად, როდესაც, ხაზარების შემოსევების აღკვეთის მიზნით, ხაზარი ხაგანის ქალიშვილზე დაქორწინდა?
უფროს კლასებშიც ანალოგიური სიტუაციაა. ავტორები თავადაც არაკრიტიკულ აზროვნებას ავლენენ და მოსწავლეებსაც იმავეს ახვევენ თავს.
მე-5 კლასი. აქ 1918 წელს აზერბაიჯანელების მასობრივი მკვლელობის რეალური ფაქტების გარდა, მოთხრობილია მავანი “მოხუცი ქალის” ამბავი, რომელიც გუბში მასობრივ საფლავთან შვილიშვილთან ერთად მივიდა. ქალი თავის გულსაკლავ ამბავს იხსენებს, შვილიშვილს უყვება და ამბობს, რომ იმ დროს ის ექვსი წლის იყო.
ისტორია აღსავსეა წვრილმანი უზუსტობებით და დაუჯერებელი ამბებით, მასში სიმართლესთან მიახლოების მცდელობაც კი არ არის. მაგრამ, მთვარი ისაა, რომ გუბის საფლავი 2007 წელს აღმოაჩინეს, და შესაბამისად, ეს ქალბატონი 95 წელიწადზე ნაკლები ასაკის არ გამოდის (ანუ, ახალგზარდა შეიძლებოდა მისი შვილთაშვილიც კი ყოფილიყო). გასაოცარია შვილიშვილის უპასუხუსმგებლობა, რომელმაც მას მდინარის გასწვრივ ფეხით ხანგრძლივად სიარულის ნება დართო, და არანაკლებ გასაკვირია თავად მოხუცი ქალბატონის შესაშური ჯანმრთელობაც.
“ირგვლივ მტრები არიან”, “ჩვენ ყველას ვჯობივართ”(ეს ციტატა არ არის) – ამას ისტორიის პირველივე წიგნის პირველივე ფურცლებიდანვე ასწავლიან (მე-5 კლასი). სახელმძღვანელოში წერია, რომ “წარმართები” “სომეხი და ქართველი ფეოდლები” და “მათი მფარველები”(ეს უკვე ციტატაა) იბრძოდნენ ოგუზი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც თავად არასდროს არავის ესხმოდა თავს და არავის საზღვრებს არ არღვევდა.
ფაშისტები
“სომეხი ფაშისტები ადგილზევე ხოცავდნენ სამუშაოსთვის გამოუსადეგარ მოხუცებსა და ბავშვებს”. რასაკვირველია, ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხების მიერ გამოვლენილი სიმხეცე მხატვრულად და დაწვრილებით არის აღწერილი. სინამდვილეში, ამისთვის სპეციალური სახელმძღვანელო არსებობს – ყარაბაღის ისტორია. მაგრამ, არ ინდობენ არც დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო: აზერბაიჯანის სახალხო ფრონტს (მაშინ ჯერ კიდევ პარტია არ იყო) და “მუსავატს”.
ჰო, მართლა, ფაშისტების გახსენებაზე: მეორე მსოფლიო ომის თაობაზე სახელმძღვანელოების ავტორები გაურკვევლობაში არიან. ერთი მხრივ, ლაპარაკია ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში ბაქოელი მენავთობეების მიერ შეტანილ “ფასდაუდებელ წვლილზე”, მეორე მხრივ კი, რა მოუხერხონ იატაკქვეშა თურქისტებს, რომლებსაც თან საბჭოთა კავშირი სძულდათ, და თან “ცუდებს” ვერ უწოდებ, რადგან ისინი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ!
“ბევრი აზერბაიჯანელი აქ საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ გადმოსახლდა ჩრდილოეთი აზერბაიჯანიდან, იმის იმედით, რომ თუ გერმანია საბჭოთა კავშირზე გაიმარჯვებდა, აზერბაიჯანი ეროვნულ დამოუკიდებლობას მიიღებდა. ასე ფიქრობდა ზოგიერთი მათგანიც, ვინც სამშობლოში ცხოვრობდა და საბჭოთა ჯარში სამსახუროდ იყო გაწვეული. ერთ-ერთი ასეთი იყო აბდურახმან ფატალიბეილი-დუდენგინელი. ის ბალიტიისპირეთში გერმანელების ტყვეობაში მოხვდა. 1941 წელს მან ჰიტლერს აზერბაიჯანელებისგან სამხედრო დანაყოფის შექმნის წინადადებით მიმართა. ჰიტლერერები ამ წინადადებას მიესალმნენ”.
“ჰიტლერერები” სემანტიკურად უფრო ახლოსაა გამოთქმებთან “სტახანოველი”, “ლენინელი”, ვიდრე “ფაშისტები”, მაგრამ ამით არ სრულდება.
“კავკასიის დაპყრობის შემთხვევაში, გერმანულ არმიას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებს არ შეხებოდა. გენერალი ფონ მაკიზენი, რომელიც კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ხელმძღვანელობდა, ისლამისტურად მოინათლა, და მთელი ხალხის თვალწინ ნამაზს აღსრულებდა”.
სხვათა შორის, მე-7 კლასის სახელმძღვანელო იუწყება: “ისლამი ყველაზე ჰუმანური და სამართლიანი რელიგიაა”. და უნებურად გახსენდება კონსტიტუცია და მისი უტოპიური მუხლი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ.
ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთი წყარო იტყობინება, რომ გენერალმა მართლაც ირწმუნა ისლამი. თუმცა, მას მაკენზენი ერქვა.
და შემდეგ ისევ ძველებურად: “გერმანელები დიდად აფასებდნენ მათ საბრძოლო თვისებებს, და ბევრი მათგანი მედლებითაც კი დააჯილდოვეს”.
“ომის დამთავრების შემდეგ ამ ლეგიონის ნაწილები ნეიტრალური ქვეყნების ტერიტორიაზე გადაიყვანეს და დაითხოვეს. მათი უმეტესობა თურქეთში დასახლდა. სამშობლოში დაბრუნებულებს კი დიდხანს დევნიდნენ და ასახლებდნენ”.
სახელმძღვანელოების ავტორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
იქნებ მედალი უნდა მიეცათ?
დასკვნა
მსოფლიოს სურათს, რომელშიც მუდმივად არსებობს ეროვნება, როგორც მოცემულობა, პრიმორდიალიზმი ეწოდება და სამეცნიერო საზოგადოებაში მას მომხრეები არ ჰყავს. სამაგიეროდ, ისინი უხვად არინ ყველა ქვეყნის ულტრანაციონალისტებს შორის. აკადემიურ წრეებში გავრცელებულია განსხვავებული მოსაზრება: ეროვნებების ჩამოყალიბება მე-19 საუკუნიდან დაიწყო – საერთო ეთნოსის (რაც აუცილებელი არ არის), კულტურისა და ინდუსტრიული ეპოქის მიერ შეცვლილი პოლიტიკური ეკონომიის გავლენით(რაც აუცილებელია).
ეს ტენდენციები კარგად არის აღწერილი ისეთი სოციოლოგებისა და ანთროპოლოგების ნაშრომებში, როგორიცაა ე. გელნერი, ჯ.ბროინი,ბ.ანდერსონი, ე.რენანი. მანამდე კი ეთნოსები, თავად ეთნოსებიც კი არა, არამედ ცლკეული, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, კონკრეტული ხელისუფალისა და კონკრეტული რელიგიის დაქვემდებარების ნიშნით თვითორგანიზდებოდნენ.
“რუსი თავადები თათარ კოლეგებთან ერთად დანარჩენ თავადებსა და თათარ კოლეგებს ებრძოდნენ, ყარაბაღელი ხანები და მელიკები ერთად ებრძოდნენ სხვა ხანებსა და მელიკებს. თავადები და თათრები, ხანები და მელიკები სიამოვნებით ამყარებდნენ თავიანთ მეგობრობას ეთნოსთაშორისი ქორწინებებით, შემდეგ კი ერთმანეთს ღალატობდნენ და ისევ ომობდნენ.
მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი არც ერთი აქაური ადამიანი არ გიპასუხებდათ კითხვაზე “ვინ ხარ?” – “აზერბაიჯანელი ვარო”. ნებისმიერი გეტყოდათ, – “მუსლიმი ვარ”, ან უკიდურეს შემთხვევაში – “თურქი”. თუმცა, აზერბაიჯანული ეთნოსი, რომელიც თურქული, სპარსული, ძველალბანური გენებისგან შედგებოდა, იმ მომენტისთვის უკვე სრულიად ჩამოყალიბებული იყო.
თანამედროვე გაგებით, არც ერთი ნაცია იმ დროს არ არსებობდა, და ამაში სამარცხვინო არაფერია. აზერბაიჯანის სახელმწიფო სათავეს ფაქტობრივად 1918 წლიდან იღებს, მამედ ემინ რასულზადესა და მისი “გუნდის” მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მომენტიდან.
და სულ მთლად ერთი წლის წინაც კი რომ შექმნილიყო, ამ ფაქტის აღიარება და მიღება მაინც ღირდა.
იმის ნაცვლად, რომ მეტ-ნაკლებად ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით, ისტორიის გადაფასებაზე დაფიქრდნენ, სახელმძღვანელოები პროპაგანდის იარაღად და “მოწინააღმდეგეზე” დაუსრულებელი ქილიკის საგნად აქციეს. საინფორმაციო ომის მოგება კი შეუძლებელია, თუ სასაცილოდ გამოიყურები და საკუთარ თავს ეწინააღმდეგები.
სიძულვილის ენა, მეფეებისა და თარიღების ჩამოთვლით დაკმაყოფილება, არაკრიტიკული აზროვნების დანერგვა, მსოფლიოს პრიმორდიალიზული სურათი – ეს ყველაფერი კარგს არაფერს მოიტანს. სინამდვილეში, ეს ისტორიის სახელმძღვანელოები კი არა, პროპაგანდის, სიძულვილის და სიბრიყვის წყაროა.
გარდა ამისა, ეს სახელმძღვანელოები საოცრად მოსაწყენია. ისინი მოკლებულია ადამინურ მიდგომას. აქ თითქმის არ ეთმობა ყურადღება ამა თუ იმ დროში უბრალო ადამიანების ცხოვრებას, კულტურას, სამზარეულოს. დაწერილია უაღრესად პათოსური, სამოხელეო ენით, სრულიად უსარგებლო რთული სიტყვებისა და ტერმინების რახარუხით.
ასე რომ, ისტორიის კარგი სახელმძღვანელო არამარტო სინამდვილის მეტად ამსახველი იქნებოდა, არამედ უფრო საინტერესოც.
გამოქვეყნებულია: 09.12.2016