ვინ ეძებს თავშესაფარს საქართველოში და რა პროცედურებს გადიან ისინი
საქართველოში დღეს 200-მდე თავშესაფრის მაძიებელია ერაყიდან და სირიიდან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ომსა და დევნას გამოექცნენ.
როგორია ტენდენცია – პოულობენ თუ არა ისინი თავშესაფარს საქართველოში, რა პროცედურებს გადიან და რა მიზეზით იღებენ უარს ლტოლვილის სტატუსზე.
________________________________________________
ოლა იასირი 19 წლის იყო, როდესაც 2013 წლის ოქტომბერში მისი ოჯახი ერაყიდან საქართველოში ჩამოვიდა.
იასირებს მშობლიურ ქალაქში 2004 წლიდან აღარ დაედგომებოდათ, ამიტომ უსაფრთხო ადგილის ძიებაში ოჯახმა ბევრი იმოგზაურა – თავი ჯერ ეგვიპტეს შეაფარეს, თუმცა მოგვიანებით, გოგონა ძმასთან და დედასთან ერთად კვლავ ერაყში დაბრუნდა, მამა კი, ეგვიპტეში დარჩა.
წლების განმავლობაში ოჯახი მამისგან შორს ცხოვრობდა, ამიტომ გადაწყვიტეს, მოეძებნათ ქვეყანა, სადაც საცხოვრებლად გადავიდოდნენ და თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ.
„დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება და მოგვეწონა საქართველო -ეს იყო პატარა, უსაფრთხო ქვეყანა. განვიხილავდით იორდანიაში გადასვლასაც, თუმცა იქ ვიზა იყო საჭირო, საქართველოშ კი – არა“ – ჰყვება ოლა.
ასე იწყება მისი ისტორია საქართველოში.
„საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში ჩამოვედით. თავდაპირველად, დაგვრთეს ნება ერთი წელი გავჩერებულიყავით, რის შემდეგაც შეგვეძლო სხვა ქვეყანაში გასვლა და უკან დაბრუნება,“ – განაგრძობს ის.
2014 წელს ოლას ოჯახმა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შეავსო განაცხადი. რამდენიმე თვეში პასუხი მოვიდა – ოჯახის ყველა წევრს ლტოლვილის სტატუსი მისცეს.
“ხელისუფლების წარმომადგენლები სათითაოდ შეგვხვდნენ ოჯახის თითოეულ წევრს – მე, ჩემ ძმას, დედას, მამას. გამოგვკითხეს, რატომ გადავწყვიტეთ წამოსვლა, რა პრობლემები გვქონდა,
მამამ მოუყვა, როგორ მოუკლეს მეგობარი თვალწინ და რომ მისი და მისი ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – იხსენებს ოლა იასირი პროცედურებს, რომლებიც თავშესაფრის ძიების დროს გაიარეს.
ამ შვიდი წლის განმავლობაში ოჯახმა ბევრი რამ გადაიტანა – ახლადჩამოსულმა ერაყელმა ოჯახმა არ იცოდა ენა, ისინი არავის იცნობდნენ საქართველოში და ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდათ.
საქართველოში ცხოვრებას ოლა უკვე შეეჩვია, თბილისი უკვე მის სახლად იქცა:
„ვსწავლობ და პარალელურად უძრავი ქონების სააგენტოში ვმუშაობ. მამამ ერაყელ მეგობართან ერთად ტურისტული კომპანია გახსნა. მანქანა ვიყიდეთ. მშვიდად ვცხოვრობთ და ასე გვინდა გაგრძელდეს. არავის ვუშლით ხელს და არავის ვუქმნით საფრთხეს. ჩვენს მიმართაც კეთილგანწყობილი არიან ქართველი ნაცნობები,“ – ამბობს ოლა.
თუმცა, ყველას ოლასავით როდი გაუმართლა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო სულ უფრო ხშირად ეუბნება უარს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ძირითადად ერაყიდან და სირიიდან შემოსულ პირებს.
უარის თქმის სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია. მაგალითად, თუ 2015 წელს უარის თქმის სტატისტიკა წლიურად 25 პროცენტი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 84-მდე გაიზარდა.
საქართველოში დღეს 200-მდე თავშესაფრის მაძიებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, მათგან 129-ს თავშესაფარზე უარი ეთქვა, ხოლო 5-მა პირმა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო. ეს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სტატისტიკაა.
მეორე კვარტლის მონაცემებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიას დაემთხვა, თავშესაფარს 44 ადამიანი ითხოვდა, თუმცა ყველა მათგანს სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
2019 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ბევრად მეტი იყო – 1237 პირი ითხოვდა თავშესაფარს.
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი გოგუაძე JAMnews-თან საუბარში იმ ძირითად მიზეზებზე საუბრობს, თუ რის გამო ეუბნებიან უარს თავშესაფრის მაძიებლებს.
მისი თქმით, საბუთების მოუწესრიგებლობასთან ერთად, ამის მიზეზია სიფრთხილე და ასევე ის ფაქტი, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რომელსაც არ შეუძლია ლტოლვილთა დიდი რაოდენობის შენახვა:
„2014-2015 წლებში გაზრდილი მიგრაციის ფონზე, სახელმწიფომ უფრო გაზარდა ნუსხა იმ მოთხოვნებისა, რაც სჭირდება ადამიანს, რათა მიიღოს თავშესაფარი. ეს შეიძლება იყოს არგუმენტირებული იმით, რომ საქართველოს არ გააჩნია დიდი რესურსი, რომ დააკმაყოფილოს თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადი. თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება იყოს: სახელმწიფოს სიფრთხილე ან საბუთების მოუწესრიგებლობა“, – ამბობს გოგუაძე.
თუმცა, ამავე დროს, გოგუაძე, იმაზეც საუბრობს, რომ ხშირად თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა მოქმედებს. მისი თქმით, ქვეყანაში მომრავლებული არიან ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც ზოგადად უცხოელებს, მათ შორის ერაყიდან და სირიიდან ჩამოსულ ადამიანებს, ქვეყნისთვის საფრთხედ განიხილავენ და მათ წინააღმდეგ განაწყობენ საზოგადოებას.
„მახსოვს, თავიდან დიდი მიგრაციის ტენდენციის დროს, ეს ჩვენთანაც დიდი განხილვის საგანი იყო, მათ შორის ულტრამემარჯვენე ძალებში, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, რომლებიც უფრო კონსერვატიული ხედვის არიან და ჰგონიათ, რომ ეს შეცვლის ცხოვრების სტილს ან გაზრდის ტერორიზმს, რაც ბუნებრივია მოკლებულია ობიექტურ რეალობას“, – აცხადებს გოგუაძე.
რატომ საქართველო?
ლტოლვილები საქართველოს რამდენიმე მიზეზით ირჩევენ.
პირველ რიგში, ერაყსა და სირიაში მიმდინარე ომებისგან გამოქცეული ადამიანებისთვის საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა.
ლტოლვილების უმრავლესობა გრძელვადიანად აქ გაჩერებას არ ფიქრობს, მათი საბოლოო მიზანი რომელიმე ევროპულ ქვეყნაში გადასვლაა.
გოგუაძე ამბობს, ხომ საქართველოში ჩამოსულ ლტოლვილებს ხშირად მცდარი ინფორმაცია აქვთ და ჰგონიათ, რომ საქართველოში ყველა პროცედურას მარტივად გაივლიან და ევროპაში უპრობლემოდ წავლენ.
„ერაყსა და სირიაში არიან ერთგვარი შუამავლები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს ფულის სანაცვლოდ არაზუსტ ინფორმაციას აწვდიან. მათ შორის არსებობს მითი, რომელიც ვიზალიბერალიზაციასა და საქართველოდან შენგენის ზონაში მარტივ გადასვლას ეხება,“ – ამბობს ექსპერტი.
სწორედ ამის გამო, თავდაპირველად ლტოლვილების ნაკადი საქართველოში უფრო დიდი იყო, ვიდრე შემდგომ წლებში, რადგან შემდგომ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ევროპაში გადასვლა არც ისე ადვილი პროცედურაა, როგორც ლტოლვილებს ეგონათ.
ამიტომ, ის ლტოლვილები, რომლებიც უკვე ბოლო წლებში საქართველოში შემოდიან, აქ დამკვიდრებას ცდილობენ. ეს დინამიკა დაგვიდასტურეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროშიც.
სხვა ფაქტორებს შორის არის ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ევროპული ღირებულებებით, სადაც ცხოვრება არც თუ ისე ძვირია და ადგილმდებარეობაც ხელსაყრელი აქვს.
რა პროცედურებს გადის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი?
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ლტოლვილები საქართველოს ირჩევენ, არის ის, რომ საქართველოში სტატუსის მისაღებად მათ უფრო მარტივი პროცედურები სჭირდებათ, ვიდრე – ევროპაში.
საქართველოში ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს.
საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ასეთ პროცედურას გადის: იგი მიმართავს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებით და გადის რეგისტრაციას.
შემდეგი ეტაპი სპეციალური კითხვარის შევსება და გასაუბრებაა. საბუთების განხილვა, შესაძლოა, 6-დან 21 თვემდე გაგრძელდეს.
საქართველოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს მისცეს საერთაშორისო დაცვის სამი სტატუსი – ლტოლვილის სტატუსი; ჰუმანიტარული სტატუსი და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის სტატუსი.
თუ დადგინდება, რომ ადამიანი საკუთარ ქვეყანაში რასის, რელიგიის, ეროვნების, სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა, საქართველოს არ აქვს უფლება უარი უთხრას მას ლტოლვილის სტატუსზე.
ჰუმანიტარული სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ არ იდევნებოდნენ, მაგრამ მათ ქვეყანაში ომი ან განურჩეველი ძალადობაა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნას, უცხოელს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა როგორც საქართველოში შემოსვლისას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას.
როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი ადამიანები სახელმწიფოსგან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ.
საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები სამწლიან საიდენტიფიკაციო მოწმობას იღებენ, რომელიც ავტომატურად გრძელდება. ჰუმანიტარული სტატუსის შემთხვევაში კი, მისი გადახედვა ყოველწლიურად თავიდან ხდება.
შსს- გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში და ვიდრე დავა სასამართლოშია, თავშესაფრის მაძიებელ პირს უფლება აქვს კანონიერად ცხოვრობდეს საქართველოში – ისარგებლოს შესაბამისი სერვისებით, ისწავლოს, იმუშაოს და ა. შ.
რა დახმარებას იღებენ საქართველოსგან?
ქვეყანაში მყოფი ყველა ლტოლვილი თუ ჰუმანიტარული სტატუსის მატარებელი, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45 ლარს იღებს.
სტატუსის მქონე ადამიანები ასევე სარგებლობენ დასაქმებისა და განათლების იმავე უფლებებით, როგორც საქართველოს მოქალქეები.
ასევე აქვთ საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტიც, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. მათ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც.
განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს სახელმწიფო გარკვეული თანხის ფარგლებში (თანხას სპეციალური კომისია განსაზღვრავს) ბინის ქირასაც უხდის.
სტატუსის მიღებამდე, თავშესაფრის მაძიებლებს სახელმწიფო დროებით საცხოვრებელს სთავაზობს.
საუბარია თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრზე, რომელიც მარტყოფში მდებარეობს და დაახლოებით 120 ადამიანზეა გათვლილი.
თავშესაფრის მაძიებლები სხვა რაიმე სახის დახმარებას, მათ შორის არც სამედიცინოს, არ იღებენ.
ზაფხულში ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანი იმ ზიანის შემცირებაა, რომელიც პანდემია მოაქვს ადამიანებისთვის. თუმცა, ამ გეგმის ბენეფიციართა შორის ვერ მოხვდნენ ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები.
როგორ მუშაობს კანონი?
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა საქართველოში მოქნილია და საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს შეესაბამება, პრაქტიკაში საქმე სხვაგვარადაა, ამბობენ უფლებადამცველები.
„სახელმწიფო ცდილობს ხელოვნური ბარიერებით გაცხრილოს საქმეები, რასაც ხშირად დისკრიმინაციამდე მივყავართ – საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემაზე უარი, მაშინ როცა კანონი ამის უფლებას იძლევა, უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე საქმეების დაბლოკვა, საქმის განხილვის ვადების გაჭიანურება და ა.შ. მსგავსი რამ თავშესაფრის მაძიებელ პირებთან დაკავშირებით ხშირად ხდება,“ – ამბობს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტი რუსუდან მჭედლიშვილი.
ის რომ უარის თქმის სტატისტიკა გაზრდილია, გვეუბნება სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ბექა ჯავახაძეც.
“რაც შეეხება უარის თქმის მიზეზს, ერთ-ერთი არის უსაფრთხოების მიმართულება. პირს შეიძლება ეკუთვნოდეს თავშესაფარი, თუმცა უსაფრთხოების არგუმენტიდან გამომდინარე, მას შესაძლოა ეს სტატუსი არ მიენიჭოს”.
რაც შეეხება დისკრიმინაციას, ჯავახაძე ამბობს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას და სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს საზოგადოებაში ტოლერანტული განწყობების გასაღვივებლად და არ უნდა მოექცეს ულტრამემარჯვენეთა გავლენის ქვეშ:
“სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოახდინოს ამ საკითხის შესწავლა, რამდენად სისტემურია ეს პრობლემა და ამის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაგეგმოს საზოგადოებაში ტოლერანტული მიდგომის აღმოცენება. ეს ადამიანები გამოექცნენ ომს ან დევნას – აუცილებელია საზოგადოებამდე სწორი მესიჯის მიტანა”, – ამბობს ბექა ჯავახაძე.
_____________________________________
ოლა იასირი ამბობს, რომ დისკრიმინაციასა და ბულინგს საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში უფრო გრძნობდა.
“ქართველების უმეტესობა კეთილგანწყობილია, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონთ არაბები. მაგალითად, როდესაც ვქირაობდით ბინას, ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ არაბებს ბინას არ მივაქირავებო.
ასევე, ერთხელ ეზოში ვაყენებდით მანქანას და ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ უნდა წავსულიყავით საქართველოდან, რადგან ეს ჩვენი ქვეყანა არ იყო. ასეთი სიტუაციები ხდებოდა ხოლმე. მათ არ იციან მე ლტოლვილი ვარ თუ რა ვარ – უბრალოდ არ უყვართ უცხოელები”, – ამბობს ოლა იასირი.
* სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მხარდაჭერით.