საიდან იღებს გალი საქონელს
გალის ბაზარი სოხუმუს ბაზრისგან თითქმის არაფრით განსხვავდება – დიდი, ცოცხალი დ თავისებურია. ალბათ, ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს, არის ფასები. გალში ბაზრის საქონელი ბევრად უფრო იაფია. და თან, ამას გარდა, აქ უფრო წყნარი ხალხი ცხოვრობს.
ისტორია
გალის ბაზარს დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ დაწესებულების დირექტორის, დავით ბერაძეს თქმით, ბაზრის ისტორია პატარა სავაჭრო დუქნით დაიწყო, რომელიც 1920 წელს ადგილობრივმა მოსახლემ, წვრილვაჭარმა ჩონჩორ მარღანიამ (მაანმა) გახსნა.
მისი დუქანი იმ ტერიტორიაზე იყო განთავსებული, რომელზეც ამჟამად რაიონის კულტურის სახლი მდებარეობს.
მარღანი ძირითადად სიმინდით, ბურღულეულით, ხის თვითნაკეთი კოვზებით, რკინის ლურსმნებითა და თუჯის ქვაბებით ვაჭრობდა.
მალე მას სხვებმაც მიბაძეს და ამ ადგილზე ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდა დუქნები. ბაზარი იზრდებოდა.
1925 წელს გალში შეიქმნა “ვაჭრობის მუშაკთა საბჭო”, რომელსაც სათავეში ადგილობრივი მცხოვრები, ერიმე მილორავა ჩაუდგა. იმავე პერიოდში გალმა ქალაქისა და რაიონული ცენტრის სტატუსი მიიღო. დაიწყო კულტურის სახლის მშენებლობა, რის გამოც, 1930 წელს ქალაქის ბაზრის სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი ბაზარი უფრო დიდი და კარგად დაგეგმარებული იყო. მას “გალის რაიონის ცენტრალური ბაზარი” უწოდეს. მას შემდეგ ამ დაწესებულებას ადგილმდებარეობა არ შეუცვლია.
გალური რეკეტი და აინშტაინი
ფქვილის ბეღლის გვერდით მამაკაცები დგანან და რაღაცაზე გამალებით საუბრობენ. ერთ-ერთმა მათგანმა დამინახა და ჩემი ყურადღების მისაქცევად ხელების ქნევა დაიწყო.
– სურათი გადაგვიღე, – მომმართა მან , – ჩვენ გალის ფქვილის რეკეტი ვართ. მე აფხაზი ვარ. ეს კი მეგრელია.
კამერის წინ პოზირება დაიწყეს, შემდეგ კი უამრავი შეკითხვა დამაყარეს – თან მყიდველებზე ეჭირათ თვალი.
მათი ბიზნესი ფქვილთანაა კავშირში. ამბობენ, რომ ადრე საქონლის შესაძენად ზუგდიდში ჩადიოდნენ, მაგრამ ლარი და დოლარი გამყარდა და პროდუქციის ზუგდიდში შეძენა ხელსაყრელი აღარაა. ამიტომ ბოლო დროს ფქვილი რუსეთიდან შემოაქვთ.
– ადრე 100 რუბლში ხუთ ლარს იძლეოდნენ, ახლა კი – სამ-ნახევარს, – ამბობს ის, ვინც “აფხაზად” გამეცნო. – შეკვეთას აქვე მოიტანენ. საქართველომდე ჩასვლის შემთხვევაში კი ტრანსპორტის შეკვეთა მომიწევს, რაც დამატებით ხარჯებთან და გარჯასთანაა დაკავშირებული.
– ჩვენი აინშტაინი ნანახი გყავს? – აწყვეტინებს მას ის, რომელიც “მეგრელია”.
ბეღლიდან ჭაღარა მამაკაცი გამოდის, რომელიც გენიალურ ფიზიკოსს ჰგავს. იგი ფქვილის ორი ტომრით დატვირთულ ურიკას ეზიდება.
– ეს ჩვენი გალელი აინშტაინია, – ღიმილით აღნიშნავს გამყიდველი – ზუგდიდი გალელების ხარჯზე ცხოვრობს. ყველაფერს, რასაც იქ ყიდიან, ჩვენ ვყიდულობთ. მაგრამ თუკი ასე განვითარდება მოვლენები, საქონლის რუსეთიდან შემოტანა მოგვიწევს.
ბაზარი, ინდაურები და “გალსკვიჩები”
ბაზარი გალში კვირის მხოლოდ სამ დღესაა ხოლმე აქტიური – ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. სამუშაო დღე დილის ექვს საათზე იწყება და ნაშუადღევის სამ საათზე სრულდება. ზოგჯერ უფრო ადრეც, იმიტომ, რომ ზოგიერთ საქონელს – მაგალითად, ხორცს – 1-1,5 საათის განმავლობში ასაღებენ.
ერთმა ადგილობრივმა თქვა, რომ ერთხელ საყასბოში დილის რვის თხუთმეტ წუთზე მივიდა და ძლივს მოასწრო ორი კილოგრამი კარგი ღორის ხორცის ყიდვა.
სხვა პროდუქტების შოვნა უფრო მარტივია, მაგრამ გამოცდილი ადამიანები ყოველთვის ადრე მოდიან ხოლმე.
საინტერესოა, რომ გალის ბაზარში ისეთი ხმაური არაა, როგორც დედაქალაქის ბაზარში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ აქაურ ფარდულებიდან გამაყრუებელი მუსიკა არ ისმის. ამას გარდა, არც გამყიდველები უხმობენ მუშტრებს ხმამაღალი ყვირილით. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ აქ ურიკების დამტარებელიც ნაკლებად აწუხებენ გარშემომყოფებს.
ამას გარდა, გალის ბაზარი უფრო სუფთაცაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე სოხუმის ბაზარში. მაგრამ ადგილობრივები უცხო ადამიანებს უნდობლობით უყურებენ. თუკი ძირითადი მასისგან გამოირჩევით, შეიძლება ვინმე მოგიახლოვდეთ და გკითხოთ, თუ ვინ ხართ და აქ რა გესაქმებათ.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა თქვა, რომ დაახლოებით 15 წლის წინათ, როდესაც ბაზარზე მოულოდნელად უცნობი მანქანა ჩნდებოდა, ყველა სხვადასხვა მხარეს გარბოდა. ეშინოდათ, რომ სროლაში მოყვებოდნენ. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, თუმცა ახალი სახეების გამოჩენა აქ მაინც უკვირთ ხოლმე.
გალელი გამყიდველების თქმით, აქ მყიდველები მთელი აფხაზეთიდან (ფსოუდან ენგურამდე) ჩამოდიან – ძირითადად ქათმების, ინდაურების, ღორების, თხებისა და ცხვრებისათვის.
ქორწილის, დაბადების დღისა და ნებისმიერი სხვა დღესასწაულის მოსამზადებელ დღეებში ხალხი გალისკენ მოეშურება ხოლმე. სადღესასწაულო სუფრისთვის საჭირო საქონელი აქ უფრო იაფია. მაგალითად, ინდაური 1500 რუბლი [დაახლოებით $25] ღირს, ინდაურის ჭუკებს თუ იყიდით (იმისთვის, რომ თავად გაზარდოთ), მხოლოდ 450 რუბლის [დაახლოებით $7] გადახდა მოგიწევთ თითოში.
ადგილობრივები გოჭებს “გალსკვიჩებს” უწოდებენ და თითოს ორ-სამ ათას რუბლად [დაახლოებით $35] ყიდიან. ფასი წონაზეა დამოკიდებული. ეს სულ ადგილობრივი პროდუქციაა. ცხვრები კი საქართველოდან შემოჰყავთ და 6-8 ათას რუბლად[დაახლოებით $100] ყიდიან.
ამერიკული “მილიტარი” და ზუგდიდური ცხვარი
თუკი ამ ბაზარში გაივლით, აღმოაჩენთ, რომ აქ წარმოდგრნილი საქონლის წარმოშობის გეოგრაფია” საკმაოდ ფართოა.
მაგალითად, აქ იყიდება:
• ამერიკული და გერმანული სამხედრი ფორმა ბათუმიდან;
• საზამთრო და ნესვი პრიმორსკიდან;
• სუნელები და აჯიკა სვანეთიდან;
• კიტრი და პომიდორი ოჩამჩირედან.
საერთოდ, საქონელი გალში ძირითადად ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან შეაქვთ.
ზოგიერთ შემთხვევაში ფასებს შორის სხვაობა აშკარა და თვალშისაცემია. ზამთრის სანადირო კოსტუმის შეძენა აქ 2500 რუბლადაც [დაახლოებით $40] შეიძლება. ასეთი ტანსაცმელი სოჭში სულ ცოტა 10 ათას რუბლი დაგიჯდებათ.
მაგრამ გალის ბაზარში არსებული ყველა საქონელი ასე იაფი როდია. აქ წარმოდგენილი ზოგიერთი საქონლის ფასი ადვილად გაუწევს კონკურენციას დედაქალაქის ბაზარზე არსებულ ფასებს.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო