ახალი ამბები, რეპორტაჟი: 12 ოქტომბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
„ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“ - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ზოგრაბ მნაცაკანიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხი, რუს კოლეგასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა.
„სომხეთი იყო და რჩება მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტად, რომლისთვისაც, დღეს მიმდინარე პროცესები – არსებობის საკითხია“, – განაცხადა ზოგრაბ მნაცაკანიანმა რუს კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
აი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის მთავარი თეზისები:
•სომხეთი იყო და რჩება მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად
•აზერბაიჯანის გენოციდის პოლიტიკა მიზნად ისახავს სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას
•აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და რუსეთის როლი ამ საკითხში, განსაკუთრებით დიდია
•კონფლიქტში თურქეთის ჩართულობამ და რეგიონში სირიიდან მებრძოლი ტერორისტების გადასროლამ, ძალიან გააღრმავა ყარაბაღის მოსახლეობის წინაშე მდგარი საფრთხე.
-
განახლებული მონაცემები აზერბაიჯანელ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 41 ადამიანი, დაიჭრა – 207.
გამოუსადეგარ მდგომარეობაშია 148 სამოქალაქო ობიექტი, 1 185 საცხოვრებელი სახლი და 57 მრავალბინიანი სახლი.
-
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი რაიონი იბომბება - სასწრაფო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან
„ამ წუთებში, სომხეთის შეიარაღებული ძალები გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რაიონებს“ ბომბავს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც დართული აქვს ნიშანი – „სასწრაფო“.
-
12 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
ყარაბაღში, ბრძოლების დაწყებიდან მე-16 დღე
• ზავის მიუხედავად, რომელიც რუსეთის შუამავლობით 10 ოქტომბერს გაფორმდა, დასახლებული პუნქტების მასირებული დაბომბვა ორივე მხრიდან გრძელდება.
• აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, ცხრა ადამიანი დაიღუპა და ორმოცზე მეტი დაიჭრა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, რომელსაც სომეხმა მებრძოლებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს.
• სომხური მხარის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე – ირანის საზღვრის მხარეს. იქ ყარაბაღის მოსაზღვრე ფუზულისა და ჯებრაილის რაიონები მდებარეობს, რომლებსაც 1990-იანი წლების დასაწყისის ომის შემდეგ, ყარაბაღის ხელისუფლება აკონტროლებს.
• აზერბაიჯანი და სომხეთი აგრძელებენ დავას იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს ყარაბაღში, ქალაქ ჰადრუთს. ორივე მხარემ არგუმენტების მთელი სერია წარმოადგინა თავის სასარგებლოდ. 11 ოქტომბრის საღამოს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჰადრუთშია გადაღებული.
• ზავი დიდწილად იმის გამო დაიდო, რომ მხარეებმა საკუთარი დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაიტანონ. მაგრამ პროცესი ვერ დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხეთის ოფისში განაცხადეს, რომ „არ დაიწყებენ ჰუმანიტარულ პროცედურებს, სანამ ორივე მხარე არ შეწყვეტს სროლას“.
• მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველი დიდი პრესკონფერენცია გამართა. მან მიმდინარე პროცესებს უწოდა „ყარაბაღელი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდი“ და თქვა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს, არამედ ისრაელსაც, რომელიც იარაღით ამარაგებს აზერბაიჯანს. „არცახი არასოდეს იქნება აზერბაიჯანის ნაწილი“, – განაცხადა არუთუნიანმა.
• 12 ოქტომბერს, მოსკოვში, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 11 ოქტომბერი, 2020