მოსაზრება ერევნიდან: რას უნდა ველოდოთ ყარაბაღში დაპირისპირებიდან და არის თუ არა გამოსავალი
„ყველაფერი სომეხ ჯარისკაცებზეა დამოკიდებული“ – სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი JAMnews-თან ინტერვიუში, მთიან ყარაბაღში ბრძოლების შესაძლო შედეგსა და რუსეთის პოზიციებზე საუბრობს.
„ომი მიდის. მსოფლიო საკმაოდ დუნედ რეაგირებს.
ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, კოვიდინფიცირებული დონალდ ტრამპის ფონზე.
ევროპაში – ბრექსიტის შემდგომი სიტუაციაა, ევროკავშირში კრიზისის მართვის საერთო დანაკარგები და პრობლემები ამასთან არის დაკავშირებული.
რუსეთში – ბელარუსის კრიზისი, სანქციები, უკრაინის პრობლემის გაგრძელება, ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებული კითხვები.
ნატოში კრიზისი დაკავშირებულია იმასთან, რომ ფაქტობრივად თურქეთი ჩვენი რეგიონის კრიზისში მონაწილეობს.
პლუს ამ ყველაფერს, პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც ყველასთან არსებულ კოვიდ-19-ს უკავშირდება.
შესაბამისად, აგრესიისთვის მომენტი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, იდეალურად იქნა შერჩეული. ყარაბაღისთვის არავის სცალია.
• მოსაზრება: რა საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია
• ფაშინიანის მიმართვა: რა თქვა და რას ელოდნენ მისგან
• რუსი ექსპერტი: ხუთი რაიონი უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს
ამიტომ, პოლიტიკური განცხადებები, მოწოდებები ან სატელეფონო ზარები სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რომ პრობლემის გადაწყვეტა დაიწყოს.
აზერბაიჯანმა ადრევე იცოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და სხვები დაურეკავდნენ. მაგრამ ეს საერთოდ არ მუშაობს, მათ არ აქვთ ინსტრუმენტი, რომელიც სიტუაციაზე გავლენის მოხდენას შეძლებდა.
გავლენის მოხდენის სხვადასხვა საშუალებები არსებობს – ღია და დახურული. სხვა დროს, შეიძლებოდა ისე გაკეთება, რომ ომი საერთოდ არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა ასე არ არის.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს:
• ომის გაჭიანურება და ორივე მხარის გამოფიტვა, რაც საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის.
• შეიძლება საბრძოლო აქტივობის შემცირება, რის შემდეგაც ის უფრო ქვედა დონეზე დარჩება.
• შეიძლება ერთმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს.
შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტი და ის დამოკიდებულია ფრონტის ხაზზე ძალთა თანაფარდობასა და სამხედრო წარმატებებზე. ყველაფერი დანარჩენი – სხვა ძალების ჩართვა, თანათავმჯდომარეები და კიდევ სხვები – დიდად არ მუშაობს.
რუსეთის პოლიტიკა ასეთია – არ გააკეთოს არჩევანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ეს ყოველთვის ასე იყო. სომხეთიც და აზერბაიჯანის მას სხვადასხვაგვარად სჭირდება, სრულიად სხვადასხვა მოედნებზე. ორივე ქვეყანა მისთვის ფასეულია.
ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, რუსეთს ორივეს დაკარგვამდე მიიყვანს.
ამიტომ, რუსეთი ელოდება.
და მხოლოდ მაშინ, თუკი სიტუაცია კატასტროფული გახდება, თანაც, არა ჩვენთვის, სომხებისთვის და არა აზერბაიჯანელებისთვის, არამედ რუსეთის ინტერესებისთვის – მაშინ, რუსეთი ჩაერევა.
თუკი სერიოზული ომი გადმოვა სომხეთის ტერიტორიაზე, რუსეთი იძულებული იქნება ჩაერიოს, რადგან ის სომხეთთან ერთად, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის წევრია. მაშინ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს და ის უკვე ვეღარ შეძლებს რეაგირების გარეშე დატოვოს პროცესები.
მაგრამ ეს დიდად არ სურს და ჯერჯერობით ელოდება და აკვირდება სიტუაციას.
შესაბამისად, სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანი ამ დრომდე არ აკეთებს ამას (არ ეხება სომხეთის ტერიტორიას). მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება საბრძოლო მოქმედებები და ეს არის ვა-ბანკზე წასვლა.
ყველაფერ ზემოთთქმულის შეჯამების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სომეხ ჯარისკაცებზე“.