როცა სუნთქვა საფრთხეა
ბოლო რამდენიმე დღეა, ქართულენოვან ფეისბუკზე ყველაზე ხშირად გაზიარებად პოსტად ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვლევა იქცა. ამ საგანგაშო კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით (100 000 მოსახლეზე გათვლით).
ამ დოკუმენტის მეთდოლოგია და დასკვნები, შესაძლოა, დავის საგანი იყოს (და გახდა კიდეც – ფესბუკზე ბევრი წერდა, – ვერ დავიჯერებთ, რომ საქართველოში უფრო დაბინძურებული ჰაერია, ვიდრე ინდოეთშიო).
თუმცა, დავუჯერებთ ამ კონკრეტულ რეიტინგს თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი სხვა რამეა – თითქმის ყველა თანხმდება, რომ ჰაერის დაბინძურება საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს.
ასე ფიქრობს სულ უფრო მეტი მოქალაქე. მაგალითად, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2015 წლის აგვისტოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მონაწილეებმა გარემოს დაბინძურება მათი ქალაქის/სოფლისთვის/ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დაასახელეს (თბილისის მასშტაბით კი ამ საკითხმა სულაც პირველი ადგილი დაიკავა).
ფაქტია ისიც, რომ ეს პრობლემა უბრალო დისკომფორტის ფარგლებს გასცდა და ამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც მოწმობს, რომელთა თანახმად, 2000-2012 წლებში საქართველოში დაახლოებით 3,5-ჯერ გაიზარდა სასუნთქი სისტემის დაავადებათა სიხშირე.
იმავე დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის დაბიძნურების ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია.
რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ მდგომარეობის გამოსასწორებლად?
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პოლიტიკოსების უპირველესი სამიზნე სწორედ ავტომობილები უნდა გახდეს. აქ შეიძლება გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი მიზანი, რომლის მიღწევაც აუცილებელია ვითარების გამოსასწორებლად:
- ჩვენ ქალაქებში მოძრავმა თითეულმა ავტომობილმა ნაკლებად დააბინძუროს ჰაერი.
- შემცირდეს ქალაქებში მოძრავი ავტომობილების რიცხვი (ან, სულ მცირე, შეჩერდეს ან შენელდეს ამ რიცხვის სწრაფი მატება, რაც დღეს სახეზე გვაქვს).
თუ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე ვისაუბრებთ, უნდა გამოვყოთ რამდენიმე გადაუდებელი ღონისძიება:
ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
დღეს საქართველოში ავტომობილებს არავინ ამოწმებს. ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მნიშვნელოვანია მავნე გამონაბლქვის შემცირების თვალსაზრისით. ტექდათვალიერების შემოღებაზე საქართველოში, დიდი ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა მისი აღსრულება რამდენჯერმე გადაიდო. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, მძიმე სოციალური მდგომარეობა (ტექდათვალიერება დამატებით ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის მძღოლებს) და მეორე მხრივ, თავად მთავრობის მოუმზადებლობა – ტექდათვალიერების სისტემა არ არსებობს.
ავტომობილის ტექნიკური გამართულობის სტანდარტის დამკვიდრება იოლი არ იქნება საზოგადოებაში, რომელიც ასეთი სტანდარტის არსებობას მიჩვეული არ არის. თუმცა, ამ უკიდურესად მნიშვნელოვანი რეფორმის უსასრულოდ გადადება პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. კომპრომისის სახით, შესაძლებელია სტანდარტების ეტაპობრივი შემოღება და გამკაცრება, რაც ბევრად ჯობს სრულ უმოქმედობას, რასაც უკვე წლებია, ვხედავთ.
საწვავის ხარისხის კონტროლი
ავტომობილისგან ჰაერის დაბინძურებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწვავის ხარისხი და მასში სხვადასხვა ნივთიერების (მაგ. გოგირდის, ბენზოლის, ტყვიის) შემცველობა. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – გამკაცრდა საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნები. თუმცა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ სტანდარტის აღსრულებასთან დაკავშირებით. რეალურად იცავენ, კი საწვავის იმპორტითა და გაყიდვით დაკავებული კომპანიები ამ სტანდარტს?
შეზღუდვები ავტომობილების იმპორტსა და მოძრაობაზე
ჰაერს ყველა ავტომობილი ერთნაირად არ აბინძურებს. მაგალითად, ძველი ნაწილებითა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები მეტ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფენ. შესაბამისად, შეიძლება შეიზღუდოს ამ კატეგორიების ავტომობილების იმპორტი ან მათი გადაადგილება ქალაქის ზოგიერთ (როგორც წესი, ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ) რაიონში, რისი გამოცდილებაც ევროპის ქალაქებში უკვე არსებობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება
თუმცა, როგორც არ უნდა ვიზრუნოთ ცალკეული ავტომობილის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შემცირებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერს ნებისმიერი ავტომობილი აბინძურებს. ამიტომაც, ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, ზოგადად, ავტომობილებით სარგებლობის მაჩვენებლის შემცირება უნდა იყოს. ამის უმთავრესი პირობაა გადაადგილების ალტერნატიური საშუალებების გამოყენების წახალისება – პირველ რიგში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.
ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა ისეთია, რომ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც ამის ფინანსური საშუალება აქვს, ავტობუსით თუ მეტროთი მგზავრობას, კერძო ავტომობილით გადაადგილებას არჩევენ. შედეგად, ქალაქი ყოველწლიურად სულ უფრო იტვირთება ავტომობილებით, სოციალური ქსელები კი, სავსეა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხით უკმაყოფილო ადამიანების კომენტარებით. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლება სრულ უყურადღებობას იჩენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ და ამ სფეროს განვითარებაში სათანადო ინვესტირებას არ ახდენდა.
ფეხით სიარულის წახალისება
ფეხით სიარული გადაადგილების ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ფორმაა. გარდა ამისა, ქალაქში ფეხით სიარულის კომფორტულობა პირდაპირ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ავტობუსით ნაკლები ადამიანი იმგზავრებს, თუ ავტობუსის გაჩერებიდან სახლამდე ფეხით მისვლა ძნელი ან შეუძლებელია. იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო მეტი იარონ ფეხით, აუცილებელია, რომ ფეხით სიარული უფრო უსაფრთხო, კომფორტული, სასიამოვნო და საინტერესო იყოს. ეს ურბანული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ უმკლავდება.
ზრუნვა მწვანე საფარზე
ხეებს არ შეუძლიათ ჰაერზე ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედების მთლიანად განეიტრალება, ამიტომ ქალაქის გამწვანება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული ზემოჩამოთვლილი ზომების ალტერნატივა. თუმცა, ვინაიდან ხეები ნაწილობრივ მაინც ასუფთავებს ჰაერს ავტომობილების მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებებისგან, მწვანე საფარის შენარჩუნება ქალქში ჯანსაღი გარემოს შექმნის კომპლექსური პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი უნდა იყოს.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს ორი რამ:
- ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სარგებელი, პირველ რიგში, დიდ ხეებს მოაქვთ. ამდენად, ქალაქის გამწვანების პოლიტიკის უპირველესი მიზანი სწორედ ათწლეულების წინ დარგული ხეების შენარჩუნება უნდა იყოს (რადგანაც დღეს დარგული ხე იგივე ეფექტს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მოგვცემს).
- ქალაქის გამწვანებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ბევრი მანქანა მოძრაობს. ცხადია, მისასალმებელია ნებისმიერი ტერიტორიის გამწვანება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ქალაქგარეთ ტრიალ მინდორში დარგული ხე ვერ გაანეიტრალებს, მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გამონაბოლქვის ლოკალურ უარყოფით ეფექტს. ჩვენი ფინანსური რესურსები მწირია და ისინი იქით უნდა მივმართოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება.
გამოქვეყნებილია: 30.06.2016