აფხაზეთი: რატომ არ სურთ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა
აფხაზეთში, მორიგე ექიმები არ ჰყოფნით იმ საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ. დაავადებულთა რიცხვის მკვეთრად ზრდის ფონზე, მედიკოსების დატვირთვაც გაიზარდა.
კოვიდცენტრებში მომუშავე ექიმების ცვლები ნებაყოფლობით დგება. მაგრამ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ბევრი უარს აცხადებს. ამის მიზეზად სხვადასხვა რამეს ასახელებენ – ვიღაცებს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მოქმედი სამსახური არ აძლევს საშუალებას, ვიღაცებს კი მძიმე სამუშაო პირობები და დაინფიცირების საფრთხე აშინებთ. ექიმები დაუცველები არიან – ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები.
22 ივლისის შემდეგ, აფხაზეთში, ეპიდემიის „მეორე ტალღა“ დაიწყო. თუკი მარტიდან ივლისამდე, „პირველი ტალღის“ პერიოდში, კორონავირუსით 39 ადამიანი დაინფიცირდა, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, ამ რიცხვმა 878-ს მიაღწია, მათგან 240 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
ამავდროულად, ერთადერთი განყოფილება, სადაც კორონავირუსს მკურნალობენ, გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ბაზაზეა გახსნილი. 19 სექტემბრის მონაცემებით, კოვიდცენტრში 81 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 13-ის კი საშუალო სიმძიმისად ფასდება.
• რას ყვებინ აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტები. ვიდეო
• აფხაზეთში პანდემიის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლის თავისებურებები
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომოკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
მეორე ტალღის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტრომ აფხაზ მედიკოსებს კოვიდცენტრებში სამორიგეოდ ჩაწერისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ დრომდე ვერ ხერხდება მუდმივი ბრიგადების ფორმირება. აფხაზეთის სხვადასხვა კლინიკის ექიმები იქ წერილობით მუშაობენ.
გუდაუთის საავადმყოფოში, მორიგეობა საშუალოდ შვიდ დღეს გრძელდება, ამ დროის განმავლობაში, ექიმები და მედდები საავადმყოფოს ტერიტორიას არ ტოვებენ, შემდეგ კი თვითიზოლაციაში გადადიან. თავიდან 14 დღით, ახლა კი თვითიზოლაციის ვადები ერთ კვირამდე შემცირდა – რადგან ექიმების რაოდენობა არასაკმარისია.
მორიგე ჯგუფების ფორმირება ნებაყოფლობით ხდება, იქიდან გამომდინარე, თუ რომელი ექიმია ხელმისაწვდომი და სამორიგეოდ წასვლაზე თანახმა.
ექიმები კოვიდცენტრში – „როგორც ომში“
ასტამურ გუნია – სოხუმის საქალაქო საავადმყოფოს უროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. კოვიდცენტრში სამორიგეოდ ის პირველად ორი კვირის წინ მოხვდა, ერთი კვირა იმუშავა, შემდეგ კი ერთი კვირა თვითიზოლაციაში გაატარა.
მან მოგვითხრო, თუ როგორ არის ორგანიზებული გუდაუთის საავადმყოფოს მუშაობა. მის ცვლაში, განყოფილებაში, სამი ექიმი და ორი მედდა იყო, კიდევ ორი ექიმი და სამი მედდა – რეანიმაციაში.
„იმ დროს, საავადმყოფოს განყოფილებაში 24 პაციენტი იყო და კიდევ 14 – რეანიმაციაში. ყოველ დილით იწყება შემოვლა. სადეზინფექციო ჯგუფი სპეციალურ კოსტიუმს მაცმევს, მისი სწორად ჩაცმა უნდა იცოდე. შემოვლისას ნახულობ ოცდაოთხივე პაციენტს, უმოწმებ ტემპერატურას, ჟანგბადით სისხლის გაჯერებას. ასევე, საჭიროა ყურადღების გამოჩენა, პაციენტების განწყობის გამოკეთება, ფსიქოლოგიურად ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან.
და როდესაც ისინი ასე ბევრნი არიან, ეს საკმაოდ დიდ დროს იკავებს, მინიმუმ სამი საათის განმავლობაში, ამ კოსტიუმში ხარ გამოწყობილი. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, საკმაოდ ცხელა, სუნთქვა გართულებულია, ყველაფერი ჰერმეტულად არის დაცული, კოსტიუმიც და სათვალეც მომენტალურად იორთქლება შიგნიდან, არაფერი არ ჩანს, გადაადგილდები შეგრძნებებით“.
მისი თქმით, ცვლის დროს მედდები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან – ისეც ხდება, რომ ისინი ხუთი საათი არიან სპეციალურ ფორმაში გამოწყობილები, მუდმივად ავადმყოფებით არიან დაკავებულები: „მორიგეობის დროს, მედდებს რამდენჯერმე წაუვიდათ გული, ვაფხიზლებდით და უკან, სამუშაოდ ვაბრუნებდით“. ასევე, მძიმე სამუშაო აქვთ რეანიმატოლოგებს, რომლებსაც ვერავინ ცვლის – მისი თქმით, ერთი ექიმი კოვიდცენტრში, ზედიზედ 15 დღე მუშაობდა.
„და აი, გამოდიხარ შემოვლის შემდეგ, დეზინფექციონისტების გავლით, ისინი გამუშავებენ, შემდეგ გხდიან კოსტიუმს, თვითონ არაფერს ეხები, შხაპს იღებ და საღამოს ყველაფერი ახლიდან იწყება. თუკი ახალ პაციენტს მოიყვანენ, შეიძლება, დღეში სამჯერაც კი მოგიწიოს კოსტიუმის ჩაცმა და გახდა. საღამოს ანგარიშს ავსებ, შემდეგ სამი საათი იძინებ და დილის შემოვლაც იწყება. ტელეფონთან არც კი მივსულვარ, სანამ იქ ვიყავი, უბრალოდ ამის დრო არ მქონდა“, – გვიყვება ასტამური.
ასტამურ გუნიას თქმით, ერთ-ერთმა რეანიმატოლოგმა უარი განაცხადა მუშაობაზე, როდესაც გაიგო, რომ ექიმებს უწევთ ჟანგბადით სავსე მძიმე ბალონის თრევა – საავადმყოფოში ჯერჯერობით არ არის ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემა.
„მაგრამ ჩვენებიდან არავინ წუწუნებს, ყველას ესმის, ეს ისეა, როგორც ომში, გამოსავალი არ არსებობს, უნდა იმუშაო“, – ამბობს ასტამური.
აგვისტოში, აფხაზი ექიმების დასახმარებლად ჩამოსვლა დაიწყეს რუსმა ექიმებმა – რუსი მედიკოსების ჯგუფიც იმავე პრინციპით მუშაობს საავადმყოფოში, რომლითაც ადგილობრივები.
რატომ ამბობენ უარს ექიმები
საზოგადოებაში დიდი ხანია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ექიმებს კოვიდჰოსპიტალში სამუშაოდ წასვლა არ სურთ. მაგრამ პირველად ამ პრობლემის შესახებ საჯაროდ, საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე (პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ორგანო), 16 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ვარდანიამ ისაუბრა. მისი თქმით, მედიკოსები გუდაუთაში სამორიგეოდ წასვლაზე უარს აცხადებენ ან ასაკის, ან ოჯახური მდგომარეობის გამო.
„თუკი ჩვენ გვეყოლება არა ოთხი ჯგუფი, რომელიც თითო კვირას მუშაობს, არამედ რვა-ათი, მაშინ ჯგუფები უფრო მეტს დაისვენებენ და უფრო იშვიათად მივლენ კოვიდცენტრში“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობის საქმეში უფრო მეტი მედიკოსის ჩართვის მნიშვნელობა. თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკებები ექიმებთან წარუმატებლად დასრულდა.
ჩვენ ვერ მოვახერხეთ ისეთი ექიმის მოძებნა, რომელიც აღიარებდა, რომ არ უნდა გუდაუთაში სამორიგეოდ წასვლა და საკუთარ არგუმენტებს მოგვიყვანდა. ზოგიერთებს პრინციპში რცხვენიათ ღიად ამის თქმა, ეშინიათ კოლეგების მხრიდან განსჯის, სხვებს, შესაძლოა, არ სურთ ღიად ხელისუფლების გაკრიტიკება.
საზოგადოებრივი პალატის იმავე სხდომაზე, აფხაზი ექიმების მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ექიმი-ვეტერანი, გუნდა ჯენია. მისი თქმით, მედიკოსები თავს დაუცველად გრძნობენ და განაწყენებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და სანეპიდსადგურზე – რომლებიც მუდმივად აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა იმ დროს, როდესაც ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მან 7 აგვისტოს შემთხვევა გაიხსენა, როდესაც სოხუმის საქალაქო საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილების პაციენტმა იმის გამო, რომ დაგვიანებით აუღეს ტესტი კორონავირუსზე, საავადმყოფოს მედპერსონალი და ექიმები დააინფიცირა, მთავარი ექიმის ჩათვლით.
„როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გუდაუთაში საფრთხე არ არის, ჩვენც ვიცით, რომ ისინი კარგად არიან აღჭურვილები, მაგრამ რა პირობებში მუშაობენ ექიმები, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაინფიცირების როგორი საფრთხის ქვეშ?“, – ჰკითხა გუნდა ჯენიამ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს.
სამოქალაქო აქტივისტმა ლიანა ქვარჩელიამ კი გაიხსენა ექიმ-კარდიოლოგის შემთხვევა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თავად ეძებდა თვითიზოლაციისთვის ბინას, რადგან არავინ დაეხმარა.
„ვიღაცამ ეს საქმე უნდა გააკეთოს“
ექიმ ასტამურ გუნიას თქმით, მას გაუგია შემთხვევების შესახებ, როდესაც ექიმებმა უარი განაცხადეს სამორიგეოდ წასვლაზე, მაგრამ პირადად ასეთებს არ იცნობს. კითხვაზე, როგორი იქნებოდა მათი არგუმენტაცია, ასტამური პასუხობს, რომ ვიღაცებს არ ურჩევდნენ ასაკის გამო, ვიღაცებს ძირითად სამსახურში არ ჰყავთ შემცვლელი, ვიღაცებს კი ოჯახური მდგომარეობა არ უწყობთ ხელს. მაგალითად, ექიმ ქალებს, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ და მათ ვერავის დაუტოვებენ. ან სახლში ხანდაზმულები ჰყავთ, რომელთაც მოვლა ესაჭიროებათ.
„სხვა მიზეზები, დაინფიცირების ან მძიმე სამუშაოს შიში, მე არ მესმის. სპეციალური ფორმები, დეზინფექცია, მარშრუტი, გუდაუთაში ყველაფერი წესებით არის გაწერილი, არც ერთი მედიკოსი არ დაინფიცირებულა. დიახ, ადვილი სამუშაო არ არის, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს“, – აცხადებს ასტამურ გუნია.