ბედნიერების 14 მიზეზი
სოფელ აიგავანში 15 წლის ავტომექანიკოს დანიელს ყველა იცნობს. 11 წლის ასაკიდან ბიჭი სოფლის ავტოსერვისცენტრის მუდმივი სტუმარი გახდა, ახლა კი სოფლის მცხოვრებნი მას “უსტას” – ანუ ოსტატს ეძახიან და თავიანთი მანქანების შესაკეთებლად სკოლაში ან სახლში აკითხავენ.
დანიელი არ ოცნებობს მეცნიერობაზე, იურისტობაზე, ან მსახიობობაზე. მას ძალიან მოსწონს ის საქმე, რომელსაც აკეთებს და ამიტომ, საკუთარ ავტოსერვისზე ოცნებობს. დაასრულებს მეცხრე კლასს და სკოლაში აღარ ივლის. ამჟამად მოზარდი დაკავებულია – მამას სახლის შენებაში ეხმარება, მაგრამ არც თანასოფლელი მძღოლების დაღალატებას აპირებს.
დანიელი ერთადერთი ბავშვი არ არის მელქონიანების ოჯახში. მასთან ერთად იზრდებიან მომავალი პრეზიდენტი, ლამაზმანი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, დიასახლისი… და ეს სრული სია არ არის – ბიჭს 10 და ჰყავს, და 3 ძმა.
მელქონიანების ისტორია 22 წლის წინათ დაიწყო, როდესაც მარტიკმა ანჟელა გაიცნო და 15 დღის შემდეგ ხელი სთხოვა. დიდხანს არ უფიქრიათ და მალევე შეუღლდნენ. დედამისს, რომელიც მისი ბიოლოგიური მშობელი არ არის, მარტიკმა აღუთქვა, რომ იმდენი შვილი ეყოლებოდა, რამდენსაც ღმერთი მისცემდა. ღმერთი გულუხვი აღმოჩნდა, მარტიკმა კი სიტყვა შეასრულა და ახლა ის და მისი მეუღლე 14 ბავშვთან ერთად უსხდებიან მაგიდას.
მისი ცოლი მოკრძალებულად იღიმება და ამბობს, რომ დიდი სიხარულით გააჩენს კიდევ ერთს. ყოველდღიურად ოცკილოგრამიანი ქვაბით 17 ადამიანის სამყოფი კერძის მოსამზადებალად და თითოეული ბავშვის პრობლემის თანაბარი მზრუნველობით გადასაწყვეტად – სინამდვილეში ძალიან კარგ მენეჯერულ უნარებს უნდა ფლობდე.
ეს ყველაფერი ანჟელამ თავის სადღეღამისო საგუშაგოზე ისწავლა – სამზარეულოდან საბავშვო ოთახამდე და – უკან. “თითოეულ ბავშვს ოჯახისთვის თავისი წილი იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს,” – ამბობს ანჟელა და ბავაკანს მორიგ დავალებას აძლევს.
ბავაკანი მელქონიანების უფროსი ქალიშვილია. ის და მისი და შუშანი დედის მთავარი დამხმარეები არიან, მაგრამ ბავაკანი ამბობს, რომ გადამწყვეტი მაინც მისი სიტყვაა. ორივე გოგონამ სკოლა დაამთავრა და სრულიად შეგნებულად თქვა უარი რაიმე პროფესიის შესწავლაზე. მათ თავად გადაწყვიტეს, საოჯახო მეურნეობას გაძღოლოდნენ.
ბავაკანი (მისი სახელი ითარგმნება, როგორც “საკმარისი”) ბებიის სახელს ატარებს და მართლაც საკმარისად სერიოზული გოგონაა; სოციალურ ქსელებში გაწევრიანებული არ არის – ამისათვის დრო არ რჩება. ბიბლიას კითხულობს და დროდადრო მეგობრებს ეურთიეთება.
იგი ბრწყინვალედ ფლობს დიასახლისის ყველა უნარს – თვალდახუჭულსაც შეუძლია მარჯვედ მოუაროს პატარებს, პურიც გამოაცხოს და თან ყურებამდე იღიმებოდეს. ამ ოჯახის პრინციპია “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის”!
როდესაც ლაპარაკი იმაზე ჩამოვარდება, რომ ოჯახს შესაფერისი სახლი სჭირდება, მელქონიანების ოჯახის ყველა ბავშვი მაშინვე მოწიფულ ადამიანს ემსგავსება. დიდიდან პატარამდე – თითოეული მათგანი საიმედო ჭერზე ოცნებობს; ხოლო რაიმე ამოცანის გადასაწყვეტად ყველა რომ გაერთიანდება ხოლმე, შედეგიც არ აყოვნებს.
ამის დასტურია ის, რომ გასულ წელს ხელისუფლებამ მელქონიანების ოჯახს 7,5 მილიონი დრამი (დაახლოებით 15 ათასი დოლარი) გამოუყო, და 16 ადამიანის ოცნება ნაწილობრივ ასრულდა. ყოველ შემთხვევაში, ოთხ დას ორ საწოლზე აღარ სძინავს. და მთელი ოჯახი მეგობრულად შეუდგა უწინდელი 46 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებლის გაფართოებას და გალამაზებას. თუმცა, ამით ყველა ფინანსური პრობლემა არ მოგვარებულა.
მამისათვის (მესამე ჯგუფის ინვალიდისთვის) განკუთვნილი შემწეობა, ბებიის პენსია და ბავშვებისთვის დაწესებული დახმარება მთლიანობაში 150 ათას დრამს (300 დოლარზე ოდნავ მეტს) შეადგენს. არადა, მარტიკის გათვლებით, ნორმალური ცხოვრებისათვის, სულ ცოტა, ორჯერ მეტია საჭირო. სხვათა შორის, თითოეულ ბავშვზე ოჯახი 7500 დრამს (დაახლოებით 15 დოლარს) იღებს, საბავშვო ბაღის ყოველთვიური გადასახადი კი 8 ათასი დრამია.
მარტიკი არ მუშაობს. მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება არ შეუძლია. კონკრეტული სპეციალობაც არ აქვს. სახლის გვერდით ნაკვეთი აქვთ, მაგრამ მისი დამუშავებაც მის ძალებს აღემატება. არც ანჟელას უმუშავია არასდროს. ქორწინებამდე ჭრა-კერვას სწავლობდა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ნასწავლი აღარ ახსოვს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “იურისტებისა და ფსიქოლოგების საერთაშორისო ასოციაციის” ხელმძღვანელი, ხაჩატურ მაროზიანი მელქონიანებს 2011 წლიდან იცნობს.
მისი აზრით, აუცილებელიალად უნდა გადაიხედოს შემწეობის გაცემის მექანიზმი, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაჩნდეს სამუშაო ადგილები, და შეიქმნას სათანადო პირობები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მცირე ბიზნესი წამოსაწყებად. ეს მისია კი საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფომ უნდა ითავოს.
გარდა ამისა, მაროზიანს აქვს ასეთი ინიციატივაც, რომ საკანონმდებლო დონეზე, იმ მეწარმეებს, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების წევრებს დაასაქმებენ, საგადასახადო და სხვა სახის პრივილეგიები მიეცეთ. მისი აზრით, ეს სიახლე დამსაქმებლებს დააინტერესებდათ.
მაგრამ სახელმწიფომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება რომ ვერც შეძლოს, მელქოიანები მაინც ხალისით გააგრძელებენ თავიანთი პატარა კუთხის მორთვასა და კეთილმოწყობას. ამის იმედს მარტიკის ოპტიმიზმი და ანჟელას ცისფერი თვალების სიღრმეში ჩამალული გასაოცარი ქალური ძალა გვაძლევს.
მოსახლეობის აღწერა სომხეთში ბოლოს 2011 წელს ჩატარდა. მაშინ სომხეთში ოთხი და მეტი ბავშვის მყოლი 13658 ოჯახი აღინიშნა. ზემოაღნიშნულის შესახებ ახალი მონაცემები არ არსებობს.
გამოქვეყნდა: 18.06.2016