რა ხარვეზები აქვს მეტადონის პროგრამას
მომავალ წელს საქართველოში მეტადონის პროგრამის ათი წლისთავი აღინიშნება – ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პროგრამა 2007 წელს აამოქმედა; სწორედ იმ დროიდან, როდესაც ნარკომანიის და ჰეპატიტების გავრცელების მასშტაბმა ქვეყანაში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაშინდელი სტატისტიკით, საქართველოში 275 ათასი ნარკოტიკების მომხმარებელი და 200 ათასი C ჰეპატიტით ინფიცირებული იყო.
საქართველოში წლის განმავლობაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სულ 4 ათასამდე ადამიანი სარგებლობს. ამ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა ორნაწილიანია – უფასო და ფასიანი. უფასოს გლობალური ფონდი აფინანსებს, მისი მხარდაჭერით თერაპიას 750 ბენეფიციარი გადის. პროგრამა უფასოა აივ პოზიტიური, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რაც შეეხება ფასიანი პროგრამის ბენეფიციარებს, მეტადონის ყოველდღიური კუთვნილი დოზის მისაღებად მათ თვიურად 110 ლარის გადახდა უწევთ.
სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული მეტადონის ფასიანი პროგრამა მუშაობს თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში, ზაფხულის პერიოდში – ქობულეთში. გლობალური ფონდის უფასო პროგრამა კი მოიცავს თბილისს – საბურთალოსა და გლდანის რაიონში, გორს, ბათუმს, თბილისისა და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
მეტადონის პროგრამაში ჩართვა მხოლოდ ოპიუმის ჯგუფის ნარკოსაშუალებების მომხმარებლებს შეუძლიათ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ბემონის” ბოლო კვლევით (2014 წელი), საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 50 ათასამდეა. ასეთი სტატისტიკა ექსპერტთა შეშფოთებას იწვევს – ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ წამალდამოკიდებულთა რაოდენობა 45 ათასს აღწევდა, თუმცა კუსტარული ნარკოტიკების (“ნიანგი”, “ვინტი”, “ჯეფი”) მომხმარების ხარჯზე, ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წლიდან წლამდე თავის გაიდლაინში აქტიურ რეკომენდაციას უწევს ჩანაცვლებით თერაპიას, ვინაიდან გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული მეტადონის მოხმარების სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი ყველაზე ეფექტიანია არა მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების დროს აბსტინენციის (ე.წ. “ლომკის”) მოხსნის მხრივ, არამედ სხვადასხვა გადამდები ინფექციისგან თვდაცვის თვალსაზრისითაც.
მეტადონის დაურეგულირებელი დოზის მიღება წააგავს მორფის მოქმედებას, მაგრამ მისგან განსხვავებით, მეტადონი ბლოკირებას უწევს ეიფორიის განცდას და საგრძნობლად ამცირებს ქრონიკულ დამოკიდებულებას. თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის ადეკვატური დოზა, რომელსაც მკურნალი ექიმი და პაციენტი ერთად განსაზღვრავენ. მეტადონი სინთეტიკური ნარკოტიკია და იმისათვის, რომ მასზე დამოკიდებული არ გახდე, დროის ხანგრძლივ მონაკვეთში ექიმი ფრთხილად უნდა ამცირებდეს დოზას. ხშირად ეს წლების განმავლობაში გრძელდება და წამალდამოკიდებული ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმზე გადადის. დილაობით ის აღარ იღვიძებს განწყობით, რომ ნარკოტიკისთვის ფული უნდა იშოვოს, რადგან სამედიცინო ცენტრში კუთვნილი მეტადონი ელის. მას არ სჭირდება ზიარი შპრიცის მოხმარება, შესაბამისად, ის აღარ ავრცელებს სისხლით გადამდებ დაავადებებს.
მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი აკონტროლებს საკუთარ თავს, შეუძლია საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება, საზოგადოების წევრებთან ნორმალური ურთიერთობა. მეტადონის მოქმედების ხანგრძლივობა 25-36 საათია. ამიტომ, პროგრამის ბენეფიციარი ყოველდღიურ ულუფას აკურატულად უნდა იღებდეს.
თუმცა, წამალდამოკიდებულები და ნარკოლოგები, საქართველოში მოქმედი ჩანაცვლებითი თერაპიის ბევრ სიკეთესთან ერთად, მის ხარვეზებზეც ლაპარაკობენ.
ჩვენ ვესაუბრეთ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს, რომლებმაც ჩანაცლებითი თერაპიის ხარვეზებზე გვიამბეს:
ხარვეზი 1
სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის 110 ლარის რეგულარულად გადახდა, მით უფრო, თუ ის წლების განმავლობაშია პროგრამის წევრი, შეუძლებელია. ამის გამო, ბევრი შუა გზაში წყვეტს თერაპიას და ისევ უბრუნდება ნარკოტიკების მოხმარებას. ქვეყანაში არავინ აწარმოებს ბენეფიციარების პროგრამიდან გადინების სტატისტიკას, არავინ სწავლობს ამის მიზეზს.
ხარვეზი 2
არ არსებობს პროგრამაში მონაწილე სტაბილური ბენეფიციარის წახალისების მექანიზმი. “ხუთი წელია, პროგრამის ბენეფიციარი ვარ – 120 მილიგრამი მეტადონიდან 25-მდე ჩამოვედი. პროგრამის შიდა განაწესი არასდროს დამირღვევია. მიუხედავად ამისა, მეკრძალება შაბათ-კვირას მეტადონის ულუფის სახლში გატანა. იძულებული ვარ, ნებისმიერ ამინდსა და მდგომარეობაში, ყოველდღიურად გამოვცხადდე ცენტრში და ადგილზე მივიღო კუთვნილი დოზა,”- ამბობს გიორგი მ. შაბათ-კვირის ულუფის შინ გატანების ევროპული პრაქტიკა, დიდი ხანია, არსებობს და ამით არავინ ზარალდება.
ხარვეზი 3
ზედმეტად მკაცრი მიბმულობა პროგრამაზე არა მხოლოდ ბენეფიციარს, მის ოჯახსაც უქმნის დისკომფორტს. მეტადონის პროგრამის ბენეფიციარები მეტადონს შეზღუდული დროის მონაკვეთში იღებენ – 09.00.-დან 14.00. საათამდე (უქმე დღეებში კიდევ უფრო მოკლე დროში – 13.00-მდე). რადგან ყოველდღიურად მეტადონის მისაღებად სერვის ცენტრში ასობით ადამიანი მოდის, რიგები, განსაკუთრებით დილის საათებში, დიდია. ბენეფიციარები ჩივიან, რომ ამის გამო ხშირად იგვიანებენ სამსახურში, რაც მათ ხელს უშლის საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. გარდა ამისა, ვერ ატარებენ შვებულებას ოჯახთან ერთად, რადგან ვერ მიდიან შორს იმ ადგილიდან, სადაც ცენტრი ფუნქციონირებს.
“მეტადონის პროგრამა, არც ფასიანი და არც უფასო, არ ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, სვანეთში, ისეთ ზონებში, სადაც ადამიანები ზაფხულობით ისვენებენ; მეტიც, მაგალითად, საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში, სადაც უფასო პროგრამა ასევე არ მუშაობს, ადამიანები ფასიან პროგრამაში თერჯოლიდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, ჭიათურიდან დადიან. წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად რამდენ დროს და თანხას კარგავ გზაში! როდისღა უნდა იმუშაო? სადამდე უნდა შეინარჩუნო მკურნალობის სურვილი, თუკი ისევ ოჯახის წევრების კისერზე გადავა შენი უგარანტიო თერაპიის ხარჯი?” – კითხულობს მამუკა გ.
ხარვეზი 4:
მეტადონის მიღების დროს მნიშვნელოვანია პრეპარატის ადეკვატური დოზა, რომელსაც მკურნალი ექიმი და პაციენტი ერთად უნდა განსაზღვრავდნენ. მეტადონზე დამოკიდებული რომ არ გახდე, ხანგრძლივ დროში დოზა მიკროსკოპულად უნდა შემცირდეს, მაგრამ როგორც კი ჩვენთან დოზის შემცირების სურვილს გამოთქვამ, რომ თერაპია დაასრულო და მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდე, ექიმი გეუბნება, – “თვითონ დაიჭირე დოზა”. ამით ის თითქოს იხსნის პასუხისმგებლობას. მიზეზი კი ის არის, რომ ექიმებს დოზის დარეგულირების ცოდნა უბრალოდ არ აქვთ და არ სურთ ამის აღიარება. ექიმის დაბალი კომპეტენცია იწვევს იმას, რომ ბენეფიციარი, მეტადონის პარალელურად, სტიმულატორებისა და საძილე აბების მიღებას იწყებს, რაც მის ჯამრთელობასაც ვნებს და პროგრამიდან გარიცხვის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
ხარვეზი 5
წესით, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპია არ გულისხმობს მხოლოდ მეტადონის ჭიქაში ჩამოსხმას. ბენეფიციარს ექიმის ფსიქოლოგიური თანადგომაც სჭირდება. წამალდამოკიდებულები კი ხშირად უდიერ მოპყრობას სწორედ სამედიცინო პერსონალისგან აწყდებიან. ისინი მათ უხეშად მიმართავენ, თუ ბენეფიციარმა რაიმე პრეტენზია გამოთქვა. “რამდენიმე წუთით თუ დაიგვიანე პროგრამაში მისვლა, შეიძლება კარი ცხვირწინ მოგიკეტონ. მათ ნაკლებად აინტერესებთ, როგორ უნდა მიაღწიო მეორე დღემდე; ანდა კარს გაგიღებენ და ათას საყვედურს მოაყოლებენ,” – ამბობს გიორგი მ.
ხარვეზი 6
მეტადონის პროგრამაში ცოტა ქალია ჩართული. დამოუკიდებელ ნარკოექსპერტთა შეფასებით, მათი ჩართულობა პროგრამაში 2%-საც არ შეადგენს. ქალი ნარკოტიკების მომხმარებლების ნარკოლოგიურ კლინიკებს იშვიათად მიმართავენ. ამის მიზეზია სოციალური სტიგმა, სირცხვილი, შიში, რომ საზოგადოებაში არ გამჟღავნდეს მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. მეტადონის გამცემ ცენტრებში არ იცავენ ქალების ანონიმურობას.
ხარვეზი 7
ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარისთვის იკრძალება მართვის მოწმობით სარგებლობა არა მხოლოდ პროგრამაში ყოფნის პერიოდში, არამედ პროგრამიდან გასვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. ბენეფიციართა უმრავლესობისთვის შემოსავლის წყაროს სწორედ ავტომანქანაა (დისტრიბუციის სფერო, ტაქსის მძღოლობა და ა.შ.). სახელმწიფო არ გთავაზობს დასაქმების ალტერნატივას. გამოდის, რომ პროგრამიდან გასვლის შემდეგაც შეზღუდული გაქვს ისედაც მწირი დასაქმების პერსპექტივა. “რომელ სოციალიზაციაზეა საუბარი?.. უმუშევრობისთვის და გარიყულობისთვის ვართ განწირულები,” – ამბობს გელა ს.
ხარვეზი 8
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზია მისი ბუნდოვანი მომავალი. ღიად რჩება მეტადონის პროგრამის დაფინანსების საკითხი 2018 წლიდან, როდესაც გლობალური ფონდის საქართველოს დატოვებს. შეძლებს თუ არა სახელმწიფო გლობალური ფონდის ფარგლებში არსებული პროგრამების დაფინანსების გაგრძელებას – ამაზე არც ერთ უწყებას პასუხი არ აქვს.