ქოჩარიანის სასამართლოზე მსხვერპლთა ნათესავებმა უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე
სომხეთში, 2008 წლის 1 მარტის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა სამართალმემკვიდრეებმა უარი თქვეს სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის სასამართლო განხილვებზე დასწრებაზე. ამის შესახებ 7 სექტემბერს, მათმა ადვოკატმა, ტიგრან ეგორიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნათესავებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო პროცესი ფარსად გადაიქცა, „ზოგიერთი სტრუქტურა კი საქმის საბოტაჟს ეწევა და ხელს უშლის ნამდვილი დამნაშავეების გამოვლენის მცდელობებს“.
„1 მარტის საქმე“ ეხება 2008 წლის მოვლენებს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანების დემონსტრაციის წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გამოიყენეს და 10 ადამიანი დაიღუპა.
ამ საქმეზე, განსასჯელთა სკამზე ზის სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერ ქოჩარიანი, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დამხობაშია ბრალდებული.
რას ამბობენ სამართალმემკვიდრეები
ადვოკატი ტიგრან ეგორიანი, რომელიც სამართალმემკვიდრეების ინტერესებს წარმოადგენს, სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ რიგი პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა ვერ შეძლეს.
„1 მარტის საქმეზე პროკურატურამ არ მოახდინა დემონსტრირება სისტემური და თანმიმდევრული გამოძიების მიმართ ინტერესის. შედეგად, ბევრმა მათგანმა მართლმსაჯულებისგან თავის არიდება მოახერხა. როგორც ჩანს, თავმჯდომარე მოსამართლეს თავისი უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ დაზარალებულთა უფლებამონაცვლეებთან მიმართებიT შეუძლია, ამიტომ ჩვენ ამ უსაგნო ღონისძიებაში მონაწილეობას ვწყვეტთ“.
ამას გარდა, ადვოკატი საბოტაჟად მიიჩნევს 1 მარტის საქმის მასალების ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან გაქრობას. იმის შესახებ, რომ სომხეთის მთავარი სპეცსამსახურის არქივიდან დოკუმენტები გაუჩინარდა, 2019 წლის მაისში, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ნათელია, რომ მასალები ფართო სპექტრს ეხება“, – განაცხადა მაშინ პრემიერმა.
რა მოხდა 2008 წლის 1 მარტს
2008 წელს, სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ ქოჩარიანი იყო, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე არჩეული იყო ახალი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი. მაგრამ მან მოვალეობის შესრულების დაწყება ვერ მოასწრო.
2008 წლის 18 თებერვლის არჩევნების შემდეგ, იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი ხელმძღვანელობდა, არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაიმარჯვა. ათი დღის განმავლობაში, ზედიზედ, პირველ მარტამდე – ათასობით ადამიანი გამოდიოდა მოედნებზე სადღეღამისო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.
2008 წლის პირველ მარტს, საპროტესტო აქციის დარბევისას გამოიყენეს საბრძოლო შეიარაღება, დაიღუპა ათი ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი და ორი პოლიციის თანამშრომელი.
რაში ადანაშაულებენ ქოჩარიანს
რობერტ ქოჩარიანი 2018 წლის 28 ივლისს დააპატიმრეს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი კონსტიტუციური წესრიგის დამხობაშია ბრალდებული. საქმე ეხება 2008 წლის მოვლენებს.
სომხეთის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა, ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.
ქოჩარიანის ადვოკატებმა არაერთხელ მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და სამჯერ მოახერხეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობიდან გათავისუფლება. ბოლოს, ქოჩარიანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 19 ივნისს გაათავისუფლეს ორი მილიარდი დრამის (დაახლოებით 4 მილიონი დოლარის) გირაოს სანაცვლოდ.
ეს სომხეთისთვის უპრეცედენტოდ მაღალი გირაოს თანხაა. გენერალურმა პროკურატურამ გათავისუფლების გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ განუხილავთ.
სასამართლო პროცესი ე.წ. 1 მარტის საქმეზე, რომელშიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტია ბრალდებული, გრძელდება.
რატომ არის 2008 წლის 1 მარტის მოვლენები პრემიერ ფაშინიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი
2018 წლის გაზაფხულზე, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად სომხეთის ხელისუფლებაში მოსული ნიკოლ ფაშინიანი „1 მარტის“ საქმის გახსნას თანამდებობის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე უჭერდა მხარს.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. პირველი მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ოპოზიციონერი მოღვაწე წელიწადითა და ოთხი თვით იატაკქვეშ გადავიდა მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდების გამო.
2010 წლის 1 ივლისს, ის საკუთარი ნებით გამოცხადდა პროკურატურაში, დააპატიმრეს და შვიდი წლით პატიმრობა შეუფარდეს. ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ, მას ამნისტია შეეხო, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავს მიეძღვნა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე საერთაშორისო სტრუქტურების ზეწოლის გამო იძულებით წავიდა.
რობერტ ქოჩარიანმა ღიად და არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.