ფაშინიანის დენთის კასრი: რატომ არ შეუძლია სომხეთის ხელისუფლებას „ამულსარის საკითხის“ გადაჭრა
ამულსარის ოქროს საბადოს ექსპლუატაციის საკითხი შეგვიძლია ყარაბაღის კონფლიქტს გავუთანაბროთ: ორივე შემთხვევაში დადგა ყრუ „სტატუს-კვო, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ვითარება მხოლოდ უარესდება. სომხეთის ხელისუფლებას ურჩევნია, განსაკუთრებით „არ შეეხოს“ სიტუაციას, შესაძლოა, იმის იმედით, რომ ყველაფერი თავისით გადაიჭრება.
მაგრამ თუკი ყარაბაღი – ეს არის გარე მტერთან დაპირისპირება და ქვეყნის ყველა მცხოვრები ხელისუფლებასთან ერთად ერთსულოვანია, ამულსარის შემთხვევაში – პირიქით, ის ეტაპობრივად ხდება ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის „სისხლმდენი ჭრილობა“.
აქტივისტები და ეკოლოგები პრემიერს ადანაშაულებენ იმაში, რომ არ სურს საკითხის გადაჭრა. კომპანია „Lydian Armenia“, რომელმაც ოქროს მოპოვების ნებართვა მიიღო, ჯერჯერობით ხელისუფლებას ღიად არ ადანაშაულებს. მაგრამ აქ აშკარაა უკმაყოფილების ზრდა.
დაპირისპირების ახალი რაუნდი
სანამ „ზევით“ ჩუმად იყვნენ, „Lydian Armenia“-მ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გადაეჭრა საკუთარი პრობლემები და წავიდა ამ „სტატუს-კვოს“ დარღვევაზე.
მთის პერიმეტრის დიდ ნაწილზე ვაგონის სახლები დგას, რომელშიც უკვე თვეებია აქტივისტები ცხოვრობენ. მათ მთისკენ მისასვლელი ისე გადაკეტეს, რომ მძიმე ტექნიკამ ვერ შეძლოს საბადომდე მიღწევა.
კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ეს სახლები გადასწიეს და თავიანთი დადგეს. ამ ყველაფერმა მხარეების შეტაკება გამოიწვია – ჩაერია პოლიცია. ათობით მოქალაქე დააპატიმრეს. ვითარება მას შემდეგ დამშვიდდა, რაც ამ ადგილიდან წაიღეს კომპანია „Lydian Armenia“-ს სახლები.
ესკალაციის მორიგმა რაუნდმა არც ერთ მხარეს არაფერი მისცა, მაგრამ გამოაჩინა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – ამულსარისთვის ბრძოლა გრძელდება.
აქტივისტების პოზიცია
ამულსარის კონფლიქტში რამდენიმე მხარეა. საბადოს ექსპლუატაციის მოწინააღმდეგეთა ბანაკში უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებენ ეკოლოგები და მთის ახლოს მდებარე დასახლებების მცხოვრებლები. პირველ რიგში, ესენი არიან საკურორტო ქალაქ ჯემრუკის მკვიდრნი. ადგილი ცნობილია თავისი მინერალური წყლის საბადოებით, სამკურნალო გეიზერებითა და ჩანჩქერებით.
ჯემრუკი კვლავ სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. აქტივისტები ამბობენ, რომ ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ოქროს მოპოვება ხაზს გადაუსვამს ტურისტულ პოტენციალს და გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს გარემოს.
ჯემრუკის მცხოვრები, შირაკ ბუნიატიანი უკვე რამდენიმე წელია საბადოს ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. როგორც თავად უწოდებს, სახლებთან დაკავშირებული უკანასკნელი „პროვოკაციის“ შემდეგ, მან და მისმა თანამოაზრეებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, მათ შორის, ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს ჯემრუკიდან გარემოს დაცვის სამინისტრომდე. შირაკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ მოუსმენენ, ისინი ბრძოლის განსხვავებულ მეთოდებზე გადავლენ:
„ჩვენ არ დავუშვებთ ამულსარის განადგურებას. მოვუწოდებთ, რომ მოგვისმინონ. ან მსვლელობა გახდება მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის აქციის დასაწყისი.
ვუსურვებ ხელისუფლებას ამ საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკურ ნებას. ჩვენ მზად ვართ დაპირისპირებისთვის. მაგრამ სერიოზულად არ ვუყურებთ მოჩვენებით საუბრებს საბადოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რადგან ამას პერსპექტივა არ აქვს“.
სახიფათოა თუ არა საბადოს ექსპლუატაცია?
2018 წელს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვის გამო. ყველა კითხვაზე პასუხი საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა გაეცა.
არჩევანი ლიბანურ კომპანია „ELARD“-ზე (Earth link & Advanced Resources Development) შეჩერდა, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა ოქროს საბადოს ექსპლუატაციის გავლენას გარემოზე.
საბოლოოდ, გამოქვეყნდა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია არ შეიცავს „გამოუსწორებელ რისკებს“ გარემოსთვის.
მაგრამ პროტესტი არ შეწყდა, დისკუსია სომხეთის ხელისუფლებასა და მკვლევრებს შორის ასევე გაგრძელდა.
და უცებ კომპანია „ელარდმა“ განაცხადა ახალი კვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
„კომპანია Lydian-ის შემოთავაზებულ წინადადებას აქვს ფაქტობრივი ხარვეზები. საჭიროა გარემოზე გავლენის შეფასების გადახედვა“, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, რიკარდო ჰურიმ.
გაირკვა, რომ საკონსულტაციო კომპანია მუშაობის პროცესში ეყრდნობოდა კვლევას, რომელიც ადრე ადგილობრივმა სტრუქტურებმა ჩაატარეს და არ ჩაუტარებია საკუთარი. რიკარდო ჰურის თქმით, ერთ-ერთი სტრუქტურის ნამუშევარში კომპანიის ექსპერტებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს.
ფაქტობრივად, „ELARD“-ის დასკვნას არ შეუტანია სინათლე საბადოს ექსპლუატაციის უსაფრთხოების საკითხში, იმ ფონზე, რომ ეს კვლევა ქვეყანას 400 ათასი დოლარი დაუჯდა. დამატებითი ჰონორარის სანაცვლოდ, კომპანიამ გამოხატა მზაობა, დაესრულებინა დოკუმენტი, მაგრამ ხელისუფლებამ აღარ გადაიხადა ახალი კვლევისთვის.
„მწვანეები“ ფიქრობენ, რომ მაინც საჭიროა ახალი ექსპერტიზის ჩატარება მულსარის ოქროს საბადოს დამუშავების ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით.
„კომპანია „ELARD“-ის დასკვნაში ნათლად არის ნათქვამი, რომ კომპანია „Lidian Armenia“-ს მიერ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუძლებელია შეფასება მიეცეს გარემოზე ამულსარის პროექტის ზემოქმედებას. შესაბამისად, საჭიროა ახალი ექსპერტიზა“, – ამბობს ეკოლოგი ლევონ გალსტიანი.
ამულსარის საბადო მდებარეობს მდინარეების არფასა და ვოროტანის ხეობაში. ეკოლოგები შიშობენ, რომ ოქროს მოპოვება ამ მდინარეებში წყალს დააბინძურებს. ეს კი, თავის მხრივ, აისახება სევანის ტბის ეკოსისტემაზე – სომხეთის ყველაზე დიდი მტკნარი ტბისა, რომელსაც ისინი უკავშირდებიან. გამოუსწორებელი ზიანი მიადგება ჯერმუკის მინერალურ წყლებსაც.
საქმე ისაა, რომ საბადოდან ძვირფასი ლითონის მისაღებად გამოიყენება ციანიდი.
ყველა მოქალაქე ექსპლუატაციის წინააღმდეგია?
სომხეთში ითვლება, რომ ჯერმუკისა და ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა ამულსარიდან ოქროს მოპოვების წინააღმდეგია. თუმცა, კომპანია „Lydian Armenia“ აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები დაფინანსებულია, აქტივისტებისა და ეკოლოგების მოქმედება კი – უკანონო.
კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ასობით ადამიანია საბადოს გახსნით დაინტერესებული, რადგან სამუშაოს საჭიროებენ.
ანა სამთო სამუშაოების შემსრულებელ ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიაში მუშაობდა. ის სოფელ გნდევაზში ცხოვრობს, საბადოს უშუალო სიახლოვეს:
„საბადო უნდა მუშაობდეს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ პროგრამის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ექსპერტიზა ჩაატარეს, რომელმაც ასევე აჩვენა, რომ ამულსარი არ არის დაკავშირებული ჯერმუკის მიწისქვეშა წყლებთან“.
ანა ამტკიცებს, რომ მათ სოფელში ბევრი ადამიანი საკუთარ თავს პოზიციის ღიად გამოხატვის უფლებას ვერ აძლევს, რადგან „შიშის ატმოსფეროა გამეფებული“.
„მათ, ვინც საბადოს ექსპლუატაციაზე საუბრობენ, თავს ესხმიან აქტივისტები. ლანძღავენ ქუჩაში. ისინი მუდმივად ზეწოლის ქვეშ არიან. ადამიანები, რომლებიც საბადოზე მუშაობდნენ, მაღალ ხელფასს იღებდნენ. ახლა კი უსაქმოდ სხედან“.
რატომ არის საბადო სომხეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი
„Lydian Armenia“-მ ოქროს საბადო ჯერ კიდევ 2005 წელს აღმოაჩინა. ადგილი 40 ტონა სუფთა ოქროს შეიცავს.
2012 წლამდე კომპანია ინვესტორებს ეძებდა და საბადოს დამუშავების პროგრამას ამუშავებდა. იმავე 2012 წელს, „Lydian Armenia“-მ და სომხეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამთო სამუშაოებზე და კომპანიამ საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო.
ამულსარის საბადო სომხეთის უმსხვილეს საინვესტიციო პროექტად მიიჩნევა. ზოგიერთი შეფასებით, კომპანია „Lydian“-მა უკვე მოახდინა 400 მილიონი დოლარის ინვესტირება. იმ ფონზე, რომ უშუალოდ ოქროს მოპოვება ჯერ კიდევ არ დაუწყია. თუკი პროექტი ამუშავდება, ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სომხეთის ეკონომიკაზე.
ეკონომიკის სამინისტროში დათვალეს, რომ წარმოების მოცულობა პირველ წლებში, დაახლოებით, 250 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საბადოს შეუძლია წლიური მშპ-ის 1-1.4 პროცენტით ზრდის უზრუნველყოფა.
სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ამულსარის ინვესტიცია გარედან მოდის. „Lydian Armenia“ – ოფშორში დარეგისტრირებული „Lydian International“-ის შვილობილი კომპანიაა. და თუკი საბადო არ ამუშავდება, ეს სომხეთიდან ნეგატიური სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის.
იმ პირობებში, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2018 წლიდან მცირდება, ამან შეიძლება სავალალო გავლენა მოახდინოს სომხეთის ეკონომიკაზე, დარწმუნებულია სომხეთის პარლამენტის დეპუტატი მმართველი ბლოკიდან, „ჩემი ნაბიჯი“, ბაბკენ ტუნიანი.
„ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის. თუკი საბადოს დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ სხვა ინვესტიციების შემთხვევაშიც. შეიძლება, მე უფრო ეკონომიკურ რისკებს ვხედავ. მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში ეკონომიკური რისკები გაცილებით მაღალი და პროგნოზირებადია, ვიდრე ეკოლოგიური რისკი“.
„Lydian Armenia“ უფლებას იტოვებს, საკითხი სასამართლოს წესით გადაწყვიტოს, საერთაშორისო არბიტრაჟის მეშვეობით. თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, არის თუ არა ამისათვის იურიდიული საფუძველი.
უფლებადამცველი ნაზელი ვარდანიანი ვარაუდობს, რომ კომპანიას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ის ოფშორშია დარეგისტრირებული:
„კომპანია Lydian International-ი დარეგისტრირებულია ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე და არ შეუძლია მოითხოვოს სომხეთ-ბრიტანეთის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების შესრულება, რადგან შეთანხმება არ ვრცელდება ოფშორულ ზონებზე. ამიტომ, ამულსარისკენ მიმავალი გზების გადაკეტვის შემდეგ, Lydian-მა დაარეგისტრირა ორი კომპანია ბრიტანეთსა და კანადაში, რომლის მეშვეობითაც აცნობა ხელისუფლებას საკუთარი გეგმების შესახებ. თუმცა, სარჩელის შეტანის ყველა კანონით გათვალისწინებული ვადა უკვე ამოწურულია“.
2018 წლის რევოლუციის შემდეგ, სომხეთის ხელისუფლება პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით აქტიურად დაკავდა ამულსარის საკითხის გადაწყვეტით. ისე ჩანდა, რომ მოხერხდებოდა ხანგრძლივ დავაში საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ამისათვის ხელისუფლებას საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა.
თუმცა, ორი წლის შემდეგ, ხელისუფლება დიდწილად ჩუმად არის. თუკი წლის დასაწყისში, ფაშინიანი ფრთხილად აცხადებდა მთისკენ მიმავალი გზის გახსნის აუცილებლობაზე, ახლა ამულსარის შესახებ ფაქტობრივად არ გვხვდება განცხადებები. ამ სიტუაციაში, დროდადრო, მხარეები სასწორის თავიანთ მხარეს გადახრას ცდილობენ ხოლმე.