ცხინვალში არაფერი იცვლება - ბიბილოვი წასვლას არ აპირებს, მას მხარი მოსკოვმა დაუჭირა
ანატოლი ბიბილოვი, რომლის გადადგომას მომიტინგეები რამდენიმე დღის განმავლობაში, 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო მოითხოვდნენ, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მოსკოვი მას არაპირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს.
იმავდროულად, ცხინვალში ცდილობენ გადაარჩინონ ძალოვნების თვითნებობის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პოლიციამ დააკავა და სიარული აღარ შეუძლია.
ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ამბავმა გაგრძელება მასთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვის საქმის სახით ჰპოვა.
როგორც მისი ადვოკატების გენერალურ პროკურორთან გაგზავნილ მიმართვაში არის მითითებული, ცხოვრებოვი სამართალდამცავებმა 23 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 28 აგვისტომდე, მოკლულ ინალ ჯაბიევთან ერთად ჰყავდათ დაკავებული, მას სცემდნენ და აწამებდნენ.
ცხოვრებოვი სასტიკად არის ნაცემი და სიარული არ შეუძლია – სავარაუდოდ, ხერხემალი აქვს დაზიანებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, არც ნათესავებს და არც მნახველებს მასთან არ უშვებდნენ.
მისი საქმის გასაჯაროების შემდეგ, 4 სექტემბრის საღამოს, ის საავადმყოფოდან ოჯახში გაუშვეს – ოღონდ მხოლოდ შაბათ-კვირით.
5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ცხოვრებოვის დედას შეხვდა და პირობა დადო, რომ ექიმების შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, მას რუსეთში სამკურნალოდ გაგზავნიან.
მიტინგი პრეზიდენტის მხარდასაჭერად
პროტესტისა და ძალოვნების თვითნებობის ახალი ფაქტების გამოვლენის მიუხედავად, ანატოლი ბიბილოვი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას შექმნილი ვითარების გამო აშკარად არ აპირებს.
4 სექტემბერს ხელისუფლების მომხრეები იმ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც პროტესტის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში გამოდიოდნენ. მათ წინაშე გამოსვლისას ბიბილოვმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც ჯაბიევის სიკვდილზეა პასუხისმგებელი, დაისჯება.
მან სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ ”ზოგიერთი ძალა ამ ტრაგედიიდან პოლიტიკას ქმნის”
”შეცდომები ადამიანის ბუნებაა, მაგრამ ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის შესაბამისად და არა პრეზიდენტს ულტიმატუმები წაუყენოს. მე ხალხმა ამირჩია და როდესაც ახალი პრეზიდენტის არჩევის დრო მოვა, ჩვენ მას ისევ ავირჩევთ”, – თქვა ბიბილოვმა.
• • პროტესტი ცხინვალში: დაკრძალვა, ცემა, „ქართული კვალი“
• მოსაზრება: პროტესტი ცხინვალში – დამნაშავეების დასჯა არასაკმარისია, სისტემა უნდა შეიცვალოს
• ცხინვალი: საბაჟოს გამო გამოწვეული სურსათის კრიზისი
28 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს, სავარაუდოდ წამების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში პროტესტი გაჩნდა, პრეზიდენტმა ბიბილოვმა თანამდებობიდან გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მთელი მთავრობა, ამ საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს.
თუმცა, მომიტინგეები და ოპოზიცია ითხოვენ პრეზიდენტისა და გენერალური პროკურორის გადადგომას, ისინი მათ დაკავებულებისა და პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტების დაფარვაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის რეაქცია
”ვუყურე პრეზიდენტის გამოსვლას დღეს გამართულ მიტინგზე. როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ძირითადი ნაწილი სკამის გამო მის წუხილს მიეძღვნა. როგორც ჩანს, ეს ახლა ყველაზე აქტუალური საკითხია და ანატოლი ბიბილოვის შეშფოთების ერთადერთი საგანია”, – ასე გამოეხმაურა ბიბილოვის გამოსვლას პარტია “ნიხასი”-ს ლიდერი, დეპუტატი დავით სანაკოევი.
სანაკოევმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სიტყვა არ უთქვამს გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის შესახებ ტრაგედიის გამო.
მისივე თქმით, გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი მთავარი დაბრკოლებაა ინციდენტის სამართლიანი გამოძიებისთვის, რადგან მან და შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ ნანიევმა ხელი დააფარეს პატიმრების ცემას ციხეში და დეპუტატებს შესაბამისი მასალების მიწოდებაზე უარი უთხრეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
ამავე დროს, ბიბილოვმა პარლამენტს დროებითი კომისიის შექმნა შესთავაზა ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამოსაძიებლად.
დავით სანაკოევმა გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტი ჯაბიევის საქმეზე – ოფიციალური პასუხი ცხინვალის საქალაქო სასამართლოდან. ამ დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება არც ჯაბიევის და არც ცხოვრებოვის დაპატიმრების შესახებ. რაც ნიშნავს, რომ მათი პატიმრობა უკანონო იყო.
რუსეთის რეაქცია
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი გახდა რუსეთის პირველი ოფიციალური პირი, ვინც ცხინვლაში მიმდინარე მოვლენებს საჯაროდ გამოეხმაურა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 4 სექტემბერს ნურგალიევმა ანატოლი ბიბილოვთან ცხინვალში შექმნილი ვითარება განიხილა.
”ჩვენ ვმუშაობთ ონლაინ-რეჟიმში… დღეს მე ვესაუბრე პრეზიდენტს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – განუცხადა ნურგალიევმა ჟურნალისტებს.
მან არ გამორიცხა, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ იგი პირადად ეწვევა საზღვრის და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.
”ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პრეზიდენტი აკონტროლებს სიტუაციას და ყველა ის საკითხი, რაც არსებობს, წყდება არა ემოციების, არამედ მუშაობის დონეზე.” – თქვა ნურგალიევმა.
ამავდროულად, ბოლო დღეებში, სოციალური ქსელების მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, ნიჟნი ზარამაგის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტიდან გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ იქ ძალოვანი ავიადანაყოფებია განთავსებული, – იუწყება “ეხო კავკაზას” კორესპონდენტი.
ამან მაშინვე წარმოშვა ეჭვი, რომ რუსული ქვედანაყოფების გადაადგილება შეიძლება დაკავშირებული იყოს რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან.