სომხეთში „პოტენციური მტრის მოსაგერიებლად“ სახალხო ლაშქარი იქმნება
სომხეთში, აქტიურად განიხილება სახალხო ლაშქრის შექმნის კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ივლისის სამხედრო ესკალაციის შემდეგ, ის სპეციალურ ვებგვერდზე, e-draft.am-ზე გამოქვეყნდა, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს წინასწარ გაეცნოს და განიხილოს სამართლებრივი აქტები.
რაში მდგომარეობს „სახალხო ლაშქრის სომხური მოდელის“ შექმნის აუცილებლობა, ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გაბრიელ ბალაიანმა განუმარტა:
„შეიცვალა ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი წარმოდგენები ქვეყნის დაცვაზე, დავაგროვეთ გამოცდილება, შეიცვალა რეგიონული ვითარება“.
რამ აიძულა თავდაცვის სამინისტროს ამ სტრუქტურის შექმნა, უფრო გასაგები ხდება კანონპროექტის დასაბუთებიდან. მასში ნათქვამია:
„პოტენციური მტრის საბრძოლო მოქმედებების შესწავლა აჩვენებს, რომ საომარი მოქმედებების სიმძიმის ცენტრი, შესაძლოა, ქვეყნის სიღრმეში აღმოჩნდეს დივერსიული, ტერორისტული, დაზვერვითი და სპეციალური ოპერაციების ფართოდ გამოყენების ხარჯზე“.
ამის გამო, სახალხო ლაშქარს დაეკისრება „მტრის შესაძლო მოქმედებებისგან ტერიტორიის, მოსახლეობის, საკვანძო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მისია“.
ლაშქარში, შესაძლოა, ჩართული იყვნენ 70 წლამდე ადამიანები, მათი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით – მათ შორის ქალებიც. პერიოდულად ისინი გაივლიან საბრძოლო მომზადებას, გაწვევის შემდეგ შეეძლებათ ისარგებლონ ისეთივე სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლითაც სარგებლობენ სამხედრო მოსამსახურეები.
● სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა გააქტიურდება?
პროექტის დეტალები
სახალხო ლაშქარში, 100 ათასამდე მოქალაქის ჩართვა იგეგმება, განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გაბრიელ ბალაიანმა:
„ეს ექსკლუზიურად სომხური მოდელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დღეისათვის, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ოპტიმალურია და არ ჰგავს სხვებს. სახალხო ლაშქრის შექმნის მიზანი – ქვეყნის დაცვაში მოქალაქეების მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდაა, თუკი ამის აუცილებლობა დადგება“.
პროექტი მოქალაქეებს განსახილველად 24 აგვისტოს წარუდგინეს და უკვე გაისმა მის მიმართ კრიტიკა ექსპერტების მხრიდან. კერძოდ, მათ შეშფოთება გამოთქვეს, ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ ქალაქის ქუჩებში შეიარაღებული ადამიანები ივლიან. მინისტრის მოადგილემ მათ უპასუხა:
„არსად წერია, რომ ადამიანებისთვის იარაღის დარიგებას ვაპირებთ, რომლითაც ისინი შემდეგ ქუჩებში ისეირნებენ… რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ჩაეწერებიან ლაშქარში, გაივლიან მომზადების გარკვეულ კურსს, შეისწავლიან იარაღთან მოქცევას, მაგრამ მას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როდესაც კონკრეტულ მოქმედებებში ჩაერთვებიან“.
გაბრიელ ბალაიანმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ლაშქარში ქალების ჩართვასაც ფიქრობს, „არანაირი დისკრიმინაცია ამ მხრივ გათვალისწინებული არ არის“. მაგრამ პირველ ეტაპზე, მათ მხოლოდ „არასაბრძოლო ამოცანებს“ შესთავაზებენ.
სახალხო ლაშქრის მისია
ის შეიძლება ამოქმედდეს საზღვრის დაცვის, დივერსიულ ან სადაზვერვო ჯგუფებთან ბრძოლისას, სპეციალური ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვისას, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებისას.
ლაშქარი შედგება სამხედრო ბრიგადებისა და ბატალიონებისგან. ის შეიკრიბება და იმოქმედებს ტერიტორიული პრინციპით ანუ ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით.
ბატალიონების საერთო ხელმძღვანელობა დაევალება სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს. მათი ხელმძღვანელები მშვიდობიან და საომარ დროს იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, მაგრამ ერევანში ეს იქნება ვიცე-მერი.
მათთან, ვინც საკუთარი ნებით შეუერთდებიან ლაშქარს, გაფორმდება ხელშეკრულება. ლაშქრის წევრებზე მიმაგრებული იქნება იარაღი, მათზე გაიცემა სპეციალური ფორმა, ისინი დაინიშნებიან გარკვეულ თანამდებობებზე და გაივლიან შესაბამის მომზადებას.
„სახალხო ლაშქრის შექმნა არ არის განპირობებული მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის შიშით. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საზოგადოების მზაობა, უპასუხოს სხვადასხვა საბრძოლო გამოწვევებსა და საფრთხეებს“, – განმარტა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა.