რა იქნება ლუკაშენკოს შემდეგ? სულ უფრო მეტი ადამიანი ბელარუსის ქუჩებში
ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ – მრავალათასიანი პროტესტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ძალოვანების უპრეცედენტო ძალადობა. რას უნდა ველოდოთ მომავალში?
შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დღეები დათვლილია? ამ შემთხვევაში, როგორი იქნება მომავალი და შეიძლება თუ არა ასეთ სიტუაციაში, რუსეთის გააქტიურებას ველოდოთ?
ექსპერტებისა და ჟურნალისტების მოსაზრებები.
რა ხდება ბელარუსში, პროტესტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში, შვიდი ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და საშინლად აწამეს, მინსკისა და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში, ყოველდღიურად 20-50 ათასი ადამიანი გამოდის.
14 აგვისტოს, მინსკში, ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა, დაახლოებით, 20-ათასიანი კოლონა მთავრობის სახლამდე მივიდა.
პირველად, ადამიანები არ დაარბიეს, სპეცრაზმი მიწაზე დაშვებული ფარებით იდგა, გოგოები მილიციონერებს ეხუტებოდნენ და ყვავილებს ჩუქნიდნენ.
ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა შემდეგ ყველა თაიგული შეაგროვა და იქვე, მოედანზე მდგარ ლენინის ძეგლთან დადო.
„ევრორადიოს“ ცნობით, ბელარუსის კა-გე-ბეს კიბეებზე მემორიალი მოაწყვეს, სიტყვებით „ბოდიში ცოტაა!“.
მშვიდობიანი აქციები გაიმართა ბელარუსის ყველა ქალაქში, ყველაზე პატარებშიც კი. დაახლოებით, 30 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ქალაქ გროდნოში გამართულ მიტინგზე.
• ბელარუსი: გავრცელდა მომიტინგეების წამებისა და ცემის კადრები, დაიწყო საყოველთაო გაფიცვა
• „ლიდერი არ გვყავს და არც გვჭირდება“ – შეტაკებები ბელარუსში. პროტესტი გრძელდება
• 20 ივნისი. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს
მთავარი მოთხოვნა – 2020 წლის 9 აგვისტოს, ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება.
შვიდი ათასი დაპატიმრებული მოქალაქიდან, დაახლოებით, ორი ათასი გაათავისუფლეს. იზოლატორებში ადამიანების წამების სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება.
15 აგვისტოს, მინსკში, დაღუპულ აქტივისტს, ალექსანდრე ტარაიკოვსკის კრძალავენ.
ათეულობით მსხვილი სახელმწიფო ქარხანა და ასევე, კერძო ბიზნესი მონაწილეობს გაფიცვაში. 14 აგვისტოს, ბელარუსში ყველაზე მსხვილი საწარმოს – მინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშებმა მარშით გაიარეს ქალაქში, ტრანსპარანტებით „ჩვენ არ ვართ არც ცხვრები, არც საქონელი, არც „ხალხუკა“, ჩვენ – მინსკის ტრაქტორის ქარხნის მუშები ვართ, და არა 20 კაცი, არამედ 16 ათასი“.
სახელმწიფო ტელეარხების და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები სამსახურებს ტოვებენ.
დევნილობაში მყოფი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად მიიჩნევენ, ლიეტუვიდან გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადასაცემად.
მან შესთავაზა, რომ საბჭოში შევიდნენ ქვეყანაში პატივსაცემი ადამიანები და საერთაშორისო საზოგადოებას, ხელისუფლების გადაცემის ორგანიზების პროცესში, დახმარების თხოვნით მიმართა.
ევროკავშირი აგრძელებს ბელარუსის ხელისუფლებისთვის დასაწესებელ სანქციებზე შეთანხმებას, მაგრამ უკვე გაცხადებულია, რომ ევროპა არ აღიარებს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
„რა, ნაგავო, ცვლილებები მოგინდა?“ – წამება და საერთაშორისო გამოძიება
სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება იზოლატორებში მომხდარის შესახებ.
ონლაინგამოცემა Tut.by-მ გამოაქვეყნა საშინელი ფოტოები მინსკის საავადმყოფოდან, რომლებიც პაციენტების ნებართვით გადაიღეს. ადამიანები აღშფოთებულები არიან იმით, რომ მათთან არ მიდიან სასამართლოს სამედიცინო ექსპერტები, რათა ოფიციალურად დააფიქსირონ დაზიანებები და დაიწყოს გამოძიება.
აქტივისტს რუსეთიდან, იგორ როგოვს ქალა-ტვინის ტრავმა დაუფიქსირეს. მან თქვა, რომ ასეთი სიტყვების თანხლებით ურტყამდნენ: „რა, ნაგავო, ცვლილებები მოგინდა?“.
გროდნოელ ჟურნალისტს, რუსლან კულევიჩს ორივე ხელი მოტეხეს.
გამოცემა „ბელსატის“ ჟურნალისტი ელენა დუბოვიკი მინსკის იზოლატორში სამი დღე-ღამის განმავლობაში ცემის შემდეგ, საკვერცხის გახეთქვის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში.
ოფიციალური მონაცემებით, სავადმყოფოებში 150 ადამიანი იმყოფება.
ლუკაშენკო „ზარმაცი ალკოჰოლიკების“ შესახებ საუბრობს და დახმარებისთვის პუტინს მიმართავს
14 აგვისტოს, ბელარუსში, არ შეუშვეს ევროპარლამენტის დეპუტატები, რობერტ ბიედრონი და პეტრას აუშტრევიჩუსი. მათ ძალოვანების ძალადობის შედეგად დაზარალებულებსა და ჟურნალისტებთან შეხვედრა სურდათ.
იმავე დღეს, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ „ხალხი უცხოეთიდან“ ბელარუსში პროტესტის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
„მოვიდნენ აქ პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან და ამ ნავალნის „ღია რუსეთიდან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ხუმრობენ და ამბობენ, რომ ლუკაშენკომ პროტესტის მონაწილეთა წრე გააფართოვა – აქამდე ის აცხადებდა, რომ ქუჩაში მხოლოდ „ზარმაცი ალკოჰოლიკები“ გამოდიან.
მუშების უკმაყოფილება მან აღწერა, როგორც „20 ზარმაცი კაცის ბუნტი“.
აღიძრა 90 სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის, მათ შორის, პროტესტის დღეებში სუპერპოპულარული ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებლის, სტეპან პუტილოს წინააღმდეგ. ის პოლონეთში ცხოვრობს და 15 წლით პატიმრობა ემუქრება, თუკი ბელარუსში ჩავა.
15 აგვისტოს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით, პუტინს დაუკავშირდება. მისი თქმით, თუკი რეჟიმი მის ქვეყანაში „ვერ დადგება“, მაშინ, „ტალღა მოედება“ მოკავშირე სახელმწიფოების მთელ სივრცეს.
ძალოვანების უკანონობის ამსახველი უამრავი ფოტოსა და ვიდეოს შესახებ კი განაცხადა, რომ ეს დადგმული და ყალბი კადრებია.
„ჩვენ არ გვჭირდება მშვიდობიანი აქციებისა და დემონსტრაციების გაძევება. ვხედავთ, რა ხდება სიღრმეებში. ამას ძალიან კარგად ვხედავთ. და შემდეგ, ჩვენ ვკითხულობდით ფერადი რევოლუციების სახელმძღვანელოებს“.
რა იქნება მომავალში? ანალიზი
ლუკაშენკოს დღეები დათვლილია?
ესკალაცია დასრულდა და ის, რაც ახლა ხდება – ეს უკვე სახალხო ზეიმის დასაწყისია. ბელარუსი, შეიძლება ითქვას, რომ აცილებს ალექსანდრე ლუკაშენკოს, – მიაჩნია პოლიტოლოგ დმიტრი ბოლკუნეცს.
„გასაგებია, რომ უკვე აღარ წავა ძალადობრივ სცენარზე, მიხვდა, რომ ეს ის სცენარი არ არის, რომელსაც ბელარუსული საზოგადოება იღებს… ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, კვირებში – იმედია, ეს მოხდება – ლუკაშენკო იძულებული იქნება დატოვოს თავისი პოსტი, იმიტომ რომ ადამიანების ტალღას უკვე ვეღარ გააჩერებს, გააჩუმებს. ადამიანები მისგან დაიღალნენ, ხალხს ცვლილებები უნდა.
ლუკაშენკო აღარ არის ის ლიდერი, რომელიც ერის კონსოლიდაციას შეძლებს, მისადმი აღარანაირი ნდობა არ არსებობს, მან სრულად დაკარგა ნდობა. მიმაჩნია, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ნაბიჯი იქნება – თანამდებობიდან გადადგეს“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
რუსეთი არ ერევა მხოლოდ მანამდე, სანამ ბელარუსში მის ინტერესებს არ ეხება საქმე
„რუსეთი დაუყოვნებლივ ჩაერევა, თუკი საფრთხე დაემუქრება მოკავშირე სახელმწიფოს“, – მიაჩნია კომენტარის ავტორს პოპულარულ ანალიტიკურ ტელეგრამ-არხზე, „Кремлёвский безБашенник“.
„მოსკოვისთვის ყველაზე არახელსაყრელი სცენარია – თუკი ლუკაშენკოს უკრაინული ვარიანტით დაამხობენ. ამის გამო, ბელარუსის ხელისუფლება, მართლაც, მუდმივად კონსულტაციებს გადის რუს კოლეგებთან, მათ შორის, პროტესტის მონაწილეებზე ზეწოლის შემსუბუქების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
მომავალში, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ლუკაშენკომ, შეიძლება, სრული თანხმობა განაცხადოს ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის საგზაო რუკის შეთანხმებაზე. ამის შემდეგ, მოკავშირე სახელმწიფო კიდევ უფრო მჭიდრო დიალოგს დაიწყებს, რუსეთი კი სულ უფრო და უფრო ინტენსიურ მონაწილეობას მიიღებს ბელარუსის მოსახლეობის ეკონომიკურ მხარდაჭერაში“.
„რუსეთისთვის ახლა ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს ლუკაშენკოს. შეწყვიტოს სპეკულაციები „მეხუთე კოლონისა“ და დასავლეთის ინტრიგების შესახებ და ჩაერთოს ამ ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის შესახებ მოლაპარაკების პროცესში“, – მიაჩნია პოლიტოლოგ დმიტრი დრიზეს.
ლუკაშენკოსთვის თამაში დასრულებულია, ის დამარცხდა, – მიაჩნია რუს პოლიტოლოგ ლილია შევცოვას. ის ფიქრობს, რომ რუსეთი მისი მხარდაჭერით დაინტერესებული არ არის:
„მხოლოდ რუსეთის იმედზე ყოფნა დარჩა, რომელსაც შეუძლია, სამაშველო რგოლი გადაუგდოს ან ჩაიძიროს.
მაგრამ რაში სჭირდება ლუკაშენკო მოსკოვს? პირველ რიგში, მისი რეჟიმის დაფინანსება – რუსეთის ბიუჯეტისთვის ტვირთია. მეორეც – უზურპატორის მხარდაჭერით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა ბელარუსში პრორუსული განწყობები გაამყაროს. მესამეც – ლუკაშენკოს გადარჩენა აზარალებს პუტინის დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შანსებს. მეოთხეც – მოუწევს გამოემშვიდობოს მოკავშირე სახელმწიფოს იდეას. საეჭვოა, კრემლმა გარისკოს, რომ ერთი სახელმწიფოს საზღვრებში ჰყავდეს მოსახლეობა, რომელიც ტყვიას უშვერს თავს. ანკი, როგორღა შერეკავ ახლა ბელარუსებს სადგომში?!
ლუკაშენკო ვეღარ შეძლებს თავის ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. რუსეთი გვერდით დენთის კასრს მიიღებს. კრემლმა უნდა იფიქროს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანთან, რომელმაც ხელისუფლება მოიპარა და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, კრემლის ხელს უკბინოს. დასუსტებული და გაცხოველებული ლუკაშენკო, რომელმაც ხალხის მხარდაჭერა დაკარგა, მოსკოვისთვის – თავის ტკივილია“.