აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა უარი თქვა მისთვის შეთავაზებულ 250 ათას დოლარზე
ცნობილმა აზერბაიჯანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილმა უარი თქვა 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოზე ყატარის ფონდიდან, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით არის დაკავებული – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ ფონდი ყატარის ემირმა შექმნა, რომელმაც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი დაკეტა.
„გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანი საკუთარი თავის, როგორც რეფორმატორის, რეკლამას ეწევა, ყატარში ჟურნალისტიკა ისეთივე სახიფათო პროფესიაა, როგორც აზერბაიჯანში“.
ჰადიჯა ისმაილის აზრით, ფონდი პრიზებს იმის გამო გასცემს, რომ ცნობილი ჟურნალისტების თავისი გავლენის ქვეშ ყოლა სურს.
● იმისშესახებ, თუ რატომ აძლევენ სინამდვილეში ჟურნალისტებს ბინებს აზერბაიჯანში
„ისინი უკვე სამი წელია გასცემენ ამ პრიზს, მაგრამ არც ერთხელ, არც ერთი ცნობილი ჟურნალისტი არ დათანხმდა მის მიღებას – იმიტომ, რომ მსგავსი ინიციატივების ლეგიტიმიზაციას სწორედ ცნობილი ადამიანები ახდენენ.
არ მინდა თავმდაბალი არ გამოვჩნდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ჩემი სახელი სჭირდებათ. ამიტომ ვუპასუხე, რომ არ მჯერა ფონდის გულწრფელობის და საკუთარ რეპუტაციას არანაირ თანხად არ გავყიდი“.
ჰადიჯა ისმაილი დაკავებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკით. 2014 წელს ის დააპატიმრეს და 7-წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გადასახადების თავიდან არიდებისა და უკანონო ბიზნესსაქმიანობის ბრალდებით.
2016 წლის 25 მაისს, უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი პირობითი სასჯელით შეუცვალა, 3-წლინახევრის ვადით და გაათავისუფლა. ამჟამად მას ქვეყნიდან გამგზავრება ეკრძალება.
ისმაილმა განაჩენი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მის საქმეში ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის რამდენიმე მუხლი იყო დარღვეული. მეხუთე მუხლი – თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა; მეექვსე მუხლი – სამართლიანი სასამართლო განხილვა; მეათე მუხლი – გამოხატვის თავისუფლება; მეთვრამეტე მუხლი – ადამიანის უფლებების გამოყენების ფარგლების შეზღუდვა.
ამ დარღვევებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სულ ჰადიჯა ისმაილს 25 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ კომპენსაცია არ მიუღია.
22 ივლისს, აზერბაიჯანში, ეროვნული პრესის დღე აღინიშნა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე ჟურნალისტი ორდენებით დააჯილდოვა. RealTv-ის ხელმძღვანელმა, მირშაჰინ აგაევმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენი მიიღო, აზერბაიჯანის ჟურნალისტთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ელჩინ შახლიმ – მესამე ხარისხის ორდენი.
რამდენიმე ჟურნალისტი დაჯილდოვდა მედლით „თერეგი“ და „დამსახურებული ჟურნალისტის“ წოდებით.