ხუთი რჩევა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველთათვის
1. სცადეთ გაცვლითი პროგრამები
გაცვლითი პროგრამა ყველაზე მარტივი გზაა იმისათვის, რომ საზღვარგარეთის რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეთ. ასეთი პროგრამების რაოდენობა არცთუ მცირეა და, ძირითადად, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის და დოქტორის ხარისხის მაძიებლებისთვისაც არსებობს. გაცვლითი პროგრამები მათთვისაა, ვისაც ზუსტად არ აქვს განსაზღრული, თუ რომელ უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. ამ არჩევანს, თქვენ ნაცვლად, პროგრამა გააკეთებს. ასეთი პროგრამა ზოგჯერ ყველა თანმდევი ტესტირების (იგულისხმება ისეთი საერთაშორისო გამოცდები, როგორებიცაა TOEFEL, GRE, SAT და ა.შ.) და გასაუბრების ორგანიზებასაც აგვარებს, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია ხოლმე. თუმცა, ამ პროგრამების მთავარი ღირსება ისაა, რომ თქვენი სწავლების დანახარჯებს სრულად ფარავს; იმ შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც თავად გიწევთ დაფინანსების (ე.წ. „სქოლარშიფის“) წყაროს მოძიება.
2. აირჩიეთ: ევროპა, თუ ამერიკა?
ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა Erasmus+. ამ ევროპული პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიარდ ევროს აჭარბებს. ყოველწლიურად „ერაზმუს+“ ევროპაში სწავლის მსურველ ასობით ათას სტუდენტს არჩევს. 2020 წლამდე Erasmus+ 2 მილიონი სტუდენტისთვის გამოყოფს გრანტებს. აღნიშნული პროგრამის შემოთავაზებების ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი. ევროპასთან შედარებით, ამერიკაში გაცვლითი პროგრამების უფრო დიდი არჩევანია. აშშ-ში არსებობს უამრავი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა მიზანია ნიჭიერი სტუდენტების მთელ მსოფლიოში მოძიება და მათთვის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შეთავაზება. ხშირად მსგავსი ინფორმაცია ამერიკისა და სხვა ქვეყნების საელჩოების ვებგვერდებზეა თავმოყრილი. მაგალითად, შეგიძლიათ აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე ასეთი პროგრამების ჩამონათვალს გაეცნოთ. აღნიშნული სიის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
3. ნუ დაივიწყებთ აზიას
სამხრეთი კორეის უნივერსიტეტები შეიძლება საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სავაჭრო ურთიერთობების, ან ტექნოლოგიების შესწავლას აპირებენ. სამხრეთი კორეის ხელისუფლება უცხოელებისთვის ყოველწლიურად გასცემს გრანტებს, რომლებიც, როგორც წესი, სრულად ფარავს სწავლის საფასურს რომელიმე კორეულ უნივერსიტეტში (სულ პროგრამის სიაში 66 კორეული უნივერსიტეტია წარმოდგენილი). შესაბმისი პროგრამა (რომელსაც Korean Government Scholarship Program (KGSP) ეწოდება) ყველა ქვეყნისათვის განსხვავებულ კვოტებს აწესებს (მაგალითად, საქართველოს კვოტა ყოველწლიურად 3 სტუდენტით განისაზღვრება). განცხადებები, რომლებშიც აპლიკანტები სასურველ უნივერსიტეტებს უთითებენ, კორეის საელჩოს გადაეცემა. საელჩოს თანამშრომლები განაცხადებს არჩევენ, გასაუბრებებს აწყობენ და ფინალისტების საბუთებს სეულში გზავნიან, სადაც მათ ის ორგანიზაცია შეისწავლის, რომელიც აკადემიური გრანტების განაწილებითაა დაკავებული. ამ სტრუქტურას National Institut for International Education (NIIN) ეწოდება. საბოლოო ეტაპი არის შერჩევა უნივერსიტეტებში. იმ შემთხვევაში, თუკი შერჩევის შედეგად ჩარიცხულმა იღბლიანმა სტუდენტმა კორეული ენა არ იცის, ის ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის და კორეულ ენას შეისწავლის.
4. პირდაპირ სცადეთ ბედი
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სულაც არ არის აუცილებელი პირობა. შეგიძლიათ უნივერსიტეტს პირდაპირ, შუამავლების გარეშე მიმართოთ განაცხადით. ეს საშუალება ყველაზე მეტად მათ გამოადგებათ, ვინც დასავლურ უნივერსიტეტებში კარგად ერკვევა და ზუსტად იცის, სად უნდა ჩაბარება და თავისი გეგმის შესასრულებლად როგორ უნდა იმოქმედოს. მას შემდეგ, რაც შერჩევის ყველა ეტაპს გაივლით და უნივერსიტეტი თქვენი მიღების სურვილს გამოთქვამს, დაფინანსების დამოუკიდებლად მოძიება მოგიწევთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლის საფასური აუცილებლად პირადი სახსრებით უნდა დაფაროთ. აკადემიურ გრანტებს ხშირად თავად უნივერსიტეტიც გასცემს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სტუდენტები საგანგებო (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) ფონდებს მიმართავენ ხოლმე.
5. მოიძიეთ დაფინანსება
ეს არც ისე რთულია,თუკი იცი,ვის მიმართო.საქართველოში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტებს ხშირად ასეთ სპონსორობას „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ უწევს. ესაა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დააფუძნა. მუშაობის პირველ წელს ცენტრმა 192 ქართველი აპლიკანტი დააფინანსა, რომლებიც ამჟამად დასავლეთის უნივერსიტეტების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. “საერთაშორისო ცენტრიდან“ დაფინანსების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 20 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით ამ ბმულზე შეუძლიათ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი აპლიკანტებისათვის არის www.progeorgia.ge _ ერთგვარი საძიებო სისტემა, რომელიც იმ დონორების მიგნებაში გვეხმარება, ვინც ჩვენს სწავლას დააფინანსებს.