სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების ესკალაციის მეექვსე დღეს, შედარებით სიმშვიდეა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ხუთდღიანი აქტიური სროლების შემდეგ, რომელშიც მძიმე არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.
თუმცა, დაძაბულობა ორივე საზოგადოებაში შენარჩუნებულია. აზერბაიჯანის 8500-მა მოქალაქემ სამხედრო სამსახურში მიღება მოითხოვა. სომხეთში კი მსჯელობენ, რომ აზერბაიჯანმა, შესაძლოა, სომხეთის ატომური სადგური დაბომბოს.
სტატიის გამოქვეყნების მომენტში, სომხური მხრიდან დაიღუპა 4 სამხედრო მოსამსახურე, 36 – დაიჭრა.
აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა 13 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, რამდენიმე ოფიცერი, დაჭრილთა რაოდენობის შესახებ კი ოფიციალური მონაცემები არ ვრცელდება.
დეტალურად ყველაფრის შესახებ.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაში, საზღვარზე გამწვავებული ვითარება, 17 ივლისსაც მთავარი თემა იყო.
აზერბაიჯანის 8500-მა მოქალაქემ, სამხედრო სამსახურში მიღება მოითხოვა.
მაგრამ 17 ივლისის საღამოს, სოციალურ ქსელებში, უკვე აღარ განიხილებოდა ისე აქტიურად სომხეთისთვის ომის გამოცხადების მოთხოვნა. დიდი დისკუსია გამოიწვია ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის კიდევ ორი კვირით გაგრძელების შესახებ. ასევე, განხილვის ცენტრშია ბაქოში, 15 ივლისს გამართულ მიტინგზე, სამი ჟურნალისტის დაკავების საკითხი. რამდენიმე ათასი ადამიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებას მოითხოვდა, შემდეგ, ხალხის ტალღა პარლამენტში შეიჭრა. პროტესტი უხეშად დაშალა პოლიციამ.
გენპროკურატურამ განაცხადა, რომ „სომხეთმა ჩაიდინა დანაშაული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, დაბომბა რა, მჭიდროდ დასახლებული რაიონები კონფლიქტის გამწვავების მიზნით“.
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სომეხი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იმის გამო, რომ 16 ივლისის სროლის შედეგად, თოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშჩუს მცხოვრების სახლი დაინგრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში, „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე, 97-ჯერ დაარღვია“.
ასეთი შეტყობინებები უკვე მრავალი წელია რეგულარულად ჩნდება ორივე ქვეყნის მედიაში.
ამავდროულად, პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია „შედარებითი სიმშვიდის შესახებ, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, თოვუზის რაიონის მიმართულებით“.
„ჩვენი დასახლებული პუნქტები არ იბომბება, მაგრამ მთლიანობაში, დაძაბულობა ნარჩუნდება“, – განაცხადა პრესსამსახურმა.
თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანს. თურქეთის პარლამენტმა შესაბამისი განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა, ისმაილ დემირმა კი Twitter-ზე დაწერა:
„ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია: უპილოტო საფრენი აპარატები, შეიარაღება, საბრძოლო მასალები და რაკეტები, ელექტრონულ სამხედრო სისტემებში, ტექნოლოგიებში ჩვენი შესაძლებლობები – ყოველთვის აზერბაიჯანის განკარგულებაშია“.
ინფორმაცია ერევნიდან
მთავარი ამბავი, რომელსაც სომხეთში განიხილავენ, გახდა აზერბაიჯანის მუქარა, სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმის მიყენების შესახებ. ასეთი გაფრთხილებით, 16 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ვაგიფ დარგიახლი გამოვიდა.
„სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია, თავისუფლად შეუძლია დარტყმა მიაყენოს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის კატასტროფა იქნება“.
ეს განცხადება იყო პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სომხეთმა დარტყმა მიაყენოს მინგეჩაურის წყალსაცავს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია აზერბაიჯანის ეკოსისტემისთვის.
ერევანში, კატეგორიულად უარყვეს სომხური მხარის მსგავსი განზრახვები.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ ატომური სადგურის დაბომბვის მუქარა „მოწმობს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სასოწარკვეთილებისა და კრიზისის ხარისხზე“.
„მსგავსი მუქარა სახელმწიფო ტერორიზმის პირდაპირი გამოვლინებაა (…) აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მსგავსი განცხადებები საფრთხეს წარმოადგენს რეგიონის ყველა ხალხისთვის, მათ შორის მათივე მოქალაქეებისთვის“.
ატომური სადგური ახლოსაა თურქეთის საზღვართან. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ნებისმიერი სერიოზული ინციდენტი, კატასტროფად გადაიქცევა არა მხოლოდ თვითონ სომხეთისთვის, არამედ მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 17 ივლისის ღამეს და მთელი დღის განმავლობაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, შედარებით სიმშვიდეა.
სამხედრო ექსპერტი არცრუნ ოვანისიანი იტყობინება, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაახლოებით, 120-ჯერ დაარღვიეს – სასაზღვრო მონაკვეთზე, სოფელ ტავუშთან, სადაც 12 ივლისს დაიწყო ესკალაცია და ასევე, სოფელ გეღარქუნის მახლობლად.
„არტილერია არ გამოუყენებიათ, აზერბაიჯანი იყენებდა სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს… თუ გავითვალისწინებთ დარღვევების რაოდენობასა და იარაღის ტიპებს, შეგვიძლია ვისაუბროთ ვითარების საგრძნობ დეესკალაციაზე“, – განაცხადა ექსპერტმა.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლა იყო ყარაბაღშიც, მაგრამ, საერთო ჯამში, იქ დაძაბულობა არ არის.