მოსაზრება: აფხაზეთს რეფორმები სჭირდება. მშიერი დრო შესაფერისი პერიოდია გასარისკად
კორონავირუსის პანდემიამ აფხაზეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი, ისევე როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ძალიან არის დამოკიდებული ასობით ათას რუს ტურისტზე, რომლებიც ტრადიციულად ჩამოდიან ხოლმე აფხაზეთში დასასვენებლად ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზე.
მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილმა საზღვრებმა ტურისტული სეზონი შეაფერხა.
ასტამურ კაკალია – კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. მას მიაჩნია, რომ ამ კრიზისმა, ბოლოს და ბოლოს უნდა აიძულოს აფხაზეთი, გაატაროს ნანატრი სრულმასშტაბიანი რეფორმები.
რუსეთთან საზღვარი დაკეტილია პანდემიის გამო, მაგრამ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.
ყოველ შემთხვევაში, შიმშილი არ შეგვაწუხებს.
მე ვემხრობი მოსაზრებას, რომ პირიქით, რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების არარსებობა, ხელს შეუწყობს რეფორმების დაწყებას.
ეს ისევეა, როგორც ნარკოდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში: არ იქნება ახალი დოზა – მოგიწევთ ნემსის გაკეთებისთვის თავის დანებება.
რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში
დიდი ხანია დროა, შევამციროთ უზარმაზარი და არაეფექტური ბიუროკრატიული აპარატი.
სისასტიკეა? სრულებითაც არა. ეს ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საკუთარ მეგობრებსა და ოჯახებთან ერთად, ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული. დროა, მათ ნამდვილი მუშაობა ისწავლონ და არა იმიტაციის შექმნა, რომ მუშაობენ.
• „ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
• ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობა: ორი ამბავი აფხაზეთიდან
ის, რაც ეკონომიკას ემართება – სამართლიანია. მთელი ეს წლები ვერ ვამჩნევდი, რომ ჩინოვნიკებს მცირე ბიზნესისა და მეწარმეების ბედი ანაღვლებდათ.
ახლა, ბოროტების გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, ვინერვიულოთ ადამიანების ხელფასებსა და ბონუსებზე, რომლებიც არანაირ რეალურ პროდუქტს არ ქმნიან.
დიახ, თავიდან მტკივნეული იქნება. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ კეთილი სიტყვით მოვიგონებთ კორონავირუსს, რომელმაც ხელისუფლებას არაპოპულარული ზომების მიღებისკენ უბიძგა ბიუროკრატიული აპარატის გასაუმჯობესებლად.
კატასტროფა, რომელიც უნდა დაგვეხმაროს
ანთროპოლოგების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ საშინელმა კატაკლიზმებმა – წყალდიდობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში – აიძულა თავის დროზე ადამიანისებრი პრიმატი, სრულად წამომდგარიყო უკანა ფეხებზე.
სწორედ ასეთი საშინელი კატაკლიზმები, როგორც წესი, ან ანადგურებს სახეობას, ან აუმჯობესებს მას და აჰყავს ახალ, უფრო მაღალ ცხოვრების დონეზე. სწორედ სირთულემ, შიშმა, უკეთესი წილისთვის ბრძოლამ შეამცირა კაცობრიობა.
დარვინის თანახმად, ევოლუციურ ბრძოლაში იმარჯვებს არა უძლიერესი, არა! ევოლუციის თეორიის თანახმად, იმარჯვებს ის, ვისაც შეუძლია მოერგოს ცხოვრების ახალ პირობებს.
ამ თითქმის ევოლუციურ (დაუნდობელ) ბრძოლაში გაიმარჯვეს არა უძლიერესებმა, არამედ სწორედ მათ, ვინც სწრაფად შეძლეს სწავლა, ვისაც სხვა ერებთან მეგობრობა უფრო მეტად შეეძლოთ (მოკავშირეობა), მათ, ვინც წინა პლანზე წამოსწიეს არა ძალისა და სისასტიკის კულტი, არამედ გონება და მეგობრობა.
ახალი დროება და ახალი რეალობა დადგა. ისინი, ვინც ვერ შეძლებენ გადაწყობას – როგორც დინოზავრები, გადაშენდებიან. ისინი კი, ვინც გარდაქმნას დაიწყებენ – გადარჩებიან და მემკვიდრეობით მიიღებენ დედამიწას.
გაშეშება, შაბლონურობა, შენელებული აზროვნება უკვე აღარ არის სიმდიდრისა და სიღარიბის საკითხი – ეს მთელი ქვეყნის გადარჩენის საკითხია.
ჩემი აზრით, სწორედ გარისკვის და სიღრმისეული გარდაქმნების დაწყების დროა. ჩვენ შემთხვევაში, რისკზე არწასვლა, გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავს.
ნახევრად საბჭოთა – ნახევრად ფეოდალური საფუძვლების დარღვევა, რა თქმა უნდა, უმტკივნეულო არ იქნება. მაგრამ ხალხი გაიგებს და დაგვეხმარება.
საჭიროა რეალური რეფორმების დაწყება და არა მხოლოდ საკადრო გადაადგილებები, რომელიც რატომღაც რეფორმად ითვლება ათწლეულების განმავლობაში.
უკვე პანდემიაც კი უბიძგებს ადამიანებს სწორი მიმართულებით.