Twitter-ზე საეჭვო ქართული ანგარიშები გამოჩნდა
ანტიდასავლურმა და პროსამთავრობო ქართველმა ფეისბუკაქტორებმა, რომლებიც ფეისბუკის ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებთან კავშირში ამხილა და ანტიდასავლური და პრორუსული ინფორმაციის გავრცელების გამო ქსელიდან წაშალა, ახლა ტვიტერზე გადაინაცვლეს და საეჭვო ანგარიშები შექმნეს – ამბობს ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი.
საეჭვო ანგარიშების გამოჩენა წინ უძღვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ახლა ისინი იმ უცხოელ პოლიტიკოსებს ესხმიან თავს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ცდილობენ, საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად წარმოაჩინონ, ოპოზიცია კი სიტუაციის ხელოვნურ გაზვიადებაში დაადანაშაულონ.
რატომ ტვიტერი?
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ფეისბუკია. ტვიტერს მხოლოდ მოსახლეობის 10% იყენებს და შესაბამისად, აქამდე ამ ქსელში საეჭვო ანგარიშებიც არ აქტიურობდნენ. თუმცა, ტვიტერი ძალიან პოპულარულია ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებში, რომლებიც საკუთარ აზრს ყველაზე ხშირად სწორედ ამ პლატფორმაზე აფიქსირებენ.
ამერიკელი პოლიტიკოსები და ევროპელი ოფიციალური პირები საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს სწორედ ტვიტერის პლატფორმით ეხმიანებიან და შეშფოთებას გამოთქვამენ. მათ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობაში, აქედან მიმართავენ ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიასა და საერთაშორისო თანამეგობრობებს. ტვიტერზე გაჟღერდა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე. ასევე, აქტიურად განიხილავდნენ ფეისბუკის გადაწყვეტილებას ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების წაშლაზე.
შესაბამისად, ანტიდასავლურმა და პროსახელისუფლებო აქტორებმაც საკუთარი სტრატეგია გააფართოვეს: ახლა მათი სამიზნე ის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. მათ შორის მოხვდა რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერიც.
ქართული ანგარიშების გააქტიურება ტვიტერზე
21 იანვარს, აშშ-ს კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა ტვიტერზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მთავრობის “პოლიტიკურ მიზნებსა” და “ეკონომიკური განვითარების ტენდენციის დაცემის” შესახებ. მან აღნიშნა, რომ კონგრესის დეპუტატთა ორმხრივმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა.
ტვიტის გამოქვეყნებიდან მალევე, ანგარიშებმა, რომლებსაც ქართული სახელები ჰქონდა, კონგრესმენი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და საქართველოს ოპოზიციურ პარტიებთან კავშირში დაადანაშაულა.
ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც ამ შინაარსის ტვიტებს ავრცელებდა, წარმოდგენილი იყო, როგორც ბაქარი (ბექა) ვარდოსანიძე, რომელიც MDF-ის კვლევის თანახმად, ანტილიბერალური დაჯგუფების – ქართული მარშის წევრია და ცნობილია თავისი ანტილიბერალური განცხადებებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით.
კინზინგერი გააკრიტიკეს ანგარიშებმა, რომლებიც 2020 წლის იანვარშია შექმნილი.
ერთ-ერთმა ანგარიშმა, @Pikria99437631 შექმნიდან მხოლოდ სამჯერ დატვიტა, სამივე ტვიტი კინზინგერის კრიტიკას ეძღვნებოდა.
ხოლო მეორე, @ninonin56919210, უმეტესად ანტიოპოზიციურ და პროსახელისუფლებო კონტენტს ავრცელებს.
კინზინგერის ტვიტთან ინტერაქციის შემდეგ, ვარდოსანიძემ ანგარიშზე დაიწერა, რომ ის პლატფორმაზე კიდევ უფრო აქტიური გახდება. მისი ანგარიში 2010 წელსაა შექმნილი, თუმცა, 2020 წლის დასაწყისამდე მას აქტივობები არ ჰქონია.
DFRLab-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტვიტერის ანალიტიკის ხელსაწყომ – Tweetbeaver-მა ტვიტერზე რამდენიმე ათეული საეჭვო ანგარიში გამოავლინა. მათი დიდი ნაწილი 2020 წლის იანვარსა და თებერვალშია შექმნილი, იუზერნეიმებს კი რვანიშნა რიცხვები მოჰყვებათ, რაც ბოტებისთვის დამახასიათებელი ქცევაა. უფრო მეტიც, ტვიტერზე მათი აქტივობის მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება. ისინი სავარაუდოდ არჩევნების წინა პერიოდში გააქტიურდებიან.