„ჭამა გვინდა“. სოციალური ქსელების რეაქცია აფხაზეთში ტურისტული სეზონის გადადებაზე
აფხაზეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის ინფექციის აფეთქების შიშით, კიდევ ერთხელ გადადო ტურისტული სეზონის გახსნა. 15 ივლისამდე ჩაკეტილი იქნება რუსეთთან საზღვარი. ბევრი ადამიანის შემოსავალი, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობისაც კი, დაკავშირებულია ტურისტულ სფეროსთან და ყველა ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სულ, აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, 38 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ოთხი ამ დრომდე, ქალაქ გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს. 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი, 95 წლის ქალი კი, გარდაიცვალა.
გადარჩე პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში: ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა სოციალურ ქსელებში.
მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა
„რატომ არ უნდა გავხსნათ რუსეთთან საზღვარი ახლა? რატომ 15 რიცხვი? რას შეცვლის ეს დღეები? ამ დროის განმავლობაში, კორონავირუსი ნამდვილად არ გაქრება, ხალხი კი გაბოროტებული და მშიერი ზის“.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ხელისუფლებაზე არაფერია დამოკიდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასჯერ შეგვიძლია განვაცხადოთ საზღვრების გახსნაზე, მაგრამ, აქედან არაფერი გამოვა, თუკი იმავეს არ გააკეთებს რუსეთი. შეგრძნება მაქვს, რომ სანამ სოჭი არ გაივსება დამსვენებლებით, აფხაზეთთან საზღვარს არ გახსნიან და ასე ცარიელი ჩაივლის ზაფხულის სეზონი“.
„დიდი ოჯახი მყავს. ოთხი შვილი. ქმარსაც და მეც სამუშაო მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს გვაქვს. ის მწვადებს წვავს, მე კი ექსკურსიებს ვატარებ. იმას, რასაც ოთხი თვის განმავლობაში ვშოულობთ, მთელ დანარჩენ წელზე ვანაწილებთ. ბაღი არ გვაქვს, ბინაში ვცხოვრობთ და ახლა რა გავაკეთოთ, წარმოდგენაც არ გვაქვს“.
„გთხოვთ, ცალმხრივად გახსენით გზა. წავალთ და სამუშაოს იქ ვიშოვნით, სადაც კურორტია“.
„ჩემი ოჯახი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებშია. ჭამა გვინდა. არ შეიძლება საზღვრების გახსნა, ამბობენ სახიფათოაო. კარგი, მაშინ ამიხსენით, რა ვუყო ჩემს ოჯახს?“.
• ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობა: ორი ამბავი აფხაზეთიდან
• მოსაზრება: როგორ გავხდეთ პატივცემული ადამიანი აფხაზეთში
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომოკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
თუმცა, საზოგადოებაში ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ მკაცრ ზომებსაც ჰყავს მხარდამჭერები. ბევრი იხსენებს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების სახიფათო სტატისტიკას რუსეთში, მათ შორის, უშუალო მეზობელ ჩრდილოეთ კავკასიაში.
რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით და ყოველდღიურად 6-7 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. 8 ივნისის მონაცემებით დაინფიცირდა თითქმის 700 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა – 10 494. თუმცა, ექიმები და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალური სურათი გაცილებით უარესია.
„ღირს კი საზღვრის გახსნა? როდესაც ვხედავ, რა ხდება ყარაჩაი-ჩერქეზეთში, არ ვიქნები ბედნიერი, თუკი გახსნიან! და თუკი პანდემიის ასეთი ძლიერი ტალღა წამოვა, შემდეგ ვისთან ვიწუწუნებთ და ვინ გვიშველის?“.
„სანამ არ იყო ტურისტული სეზონი და პანდემიის საფრთხე იყო, ყველა ერთხმად იძახდა: დაკეტეთ საზღვარი! ახლა საპირისპიროს ძახილი დაიწყეს: გახსენით საზღვარი, ფული უნდა ვიშოვოთ. მაგრამ პანდემიის საფრთხე არავის გაუუქმებია“.