საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ყველა დეტალი ახალ საარჩევნო სისტემაზე
117 ხმით სამის წინააღმდეგ – საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული წესით ჩატარდება – პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო მოდელით.
ეს საკონსტიტუციო ცვლილება 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგია.
ახალი მოდელი პრინციპულად ცვლის საარჩევნო პროცესს, უფრო სამართლიანს ხდის მას და მეტ შანსს აძლევს ოპოზიციას ხელისუფლებასთან ბრძოლაში.
რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებებში. სამი მნიშვნელოვანი ცვლილება:
პირველი – ახალი ცვლილებების თანახმად, პარლამენტში კვლავ 150 დეპუტატი იქნება, თუმცა, იცვლება მათი არჩევის წესი – 120 დეპუტატს ამომრჩეველი პროპორციული წესით ანუ პარტიული სიით აირჩევს და მხოლოდ 30 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული წესით.
აქამდე არსებული წესი ასეთი იყო: 150 დეპუტატიდან 77-ს პარტიული სიით ირჩევდნენ, ხოლო 73 დეპუტატს – მაჟორიტარული წესით.
ანუ თუ აქამდე ქვეყანაში 73 მაჟორიტარული ოლქი იყო, ახლა 30 გახდა.
● 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
მეორე – იცვლება კიდევ ერთი რამე – საარჩევნო ბარიერი, იგი ერთპროცენტიანი იქნება.
ანუ, თუ აქამდე პარლამეტში მოსახვედრად სამი პროცენტი მხარდაჭერა იყო აუცილებელი, ახლა ერთი პროცენტიც საკმარისი იქნება, რომ პარლამენტში პარტიამ თავის წარმომადგენელი შეიყვანოს.
და მესამე – ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება – გაჩნდება ე. წ. “ჩამკეტი”. პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ამომრჩევლის 40 პროცენტზე ნაკლები დაუჭერს მხარს, ერთპარტიული მთავრობის დაკომპლექტების უფლება აღარ ექნება.
- 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
ეს საარჩევნო მოდელი მუდმივი არ არის – 2024 წლამდე იმოქმედებს.
უკვე 2024 წლიდან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება ანუ ის 30 მაჟორიტარიც აღარ იქნება.
საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
ვინ დაუჭირა მხარი ცვლილებებს
საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას არ ესწრებოდა ორი მსხვილი ოპოზიციური პარტია – “ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელთა მოთხოვნაც იყო ეს ცვლილები.
საქმე იმაშია, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ შეთანხმებაში საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა კიდევ ერთი პუნქტი იყო – დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს (ამ სიტყვას ხმარობენ ასევე ამერიკელი სენატორებიც თავიანთ კრიტიკულ წერილებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ). სულ ოთხ პატიმარზე იყო საუბარი მათგან სამი (გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, მესიკ თამლიანი) გათავისუფლდნენ, თუმცა პატიმრობაში ჯერ კიდევ რჩება ოპოზიციური ტელევიზიის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა. რურუას საკითხი მუდმივად დგას საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დღის წესრიგშიც. მათ არაერთხელ მოითხოვეს მისი გათავისუფლება საჯარო განცხადებებით.
როგორ მოხერხდა ეს ცვლილებები და რატომ არის მნიშვნელოვანი
ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგია.
8 მარტს, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა საარჩევნო მოდელით ჩატარდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
ამ შეთანხმებამ, რომელსაც მედიაში “ისტორიულსაც” უწოდებდნენ, დაასრულა რამდენიმეთვიანი ოპოზიციური პროტესტი – მთელი გასული წლის განმავლობაში თბილისში მიმდინარე პერმანენტულ ქუჩის აქციებზე ოპოზიცია სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვდა.
მაჟორიტარული სისტემას საქართველოში მუდმივად აკრიტიკებს ყველა ოპოზიციური პარტია, ვიდრე ხელისუფლებაში მოვა. მიზეზი ის არის, რომ ტრადიციულად, მაჟორიტარული წესით არჩევნებში სახელისუფლებო ან ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებს, რადგან ხელისუფლება არჩევნებზე მძლავრად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რომელთან გამკლავებაც ფინანსურად და ორგანიზაციულად ოპოზიციას უჭირს.
თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არავინ ჩქარობს ამ წესის შეცვლას, სწორეს იმის გამო, რომ ის მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია.
ასე იყო “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც – ეს პარტია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა, თუმცა უკვე თითქმის 8 წელია, რაც ქვეყნის სათავეშია და ამ წესს ვერ შეელია და დათმობაზე მხოლოდ დიდი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ წავიდა.