აგრორევოლუცია სომხეთში ორი სოფლის მაგალითზე
სომხეთში, დაიწყო მოძრაობა ხმაურიანი სახელწოდებით – აგრორევოლუცია. უკვე სამი წელია, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი უიმედო და უპერსპექტივო სომხური სოფლების გადარჩენით დაკავდნენ. ცდილობენ, ეს სოფლები თანამედროვე და წარმატებულები გახადონ. ამ მოძრაობის ინიციატორებმა მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე „რთულ“ სოფელში დაიწყეს, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს და თავისი მაგალითით უკვე სხვებიც „დააინფიცირეს“.
აგრორევოლუცია კერძო ინიციატივაა – მას არ აქვს კავშირი სომხეთში, 2018 წელს მომხდარ ხავერდოვან რევოლუციასთან. თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე უნდა მოხდეს ეკონომიკური რევოლუცია. გარკვეული წარმატებები ამ მიმართულებით უკვე შეინიშნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ფაქტობრივად ყველაფერი გაანულა.
ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდამჭერი ანტიკრიზისული პროგრამა შეიმუშავა. მასში გათვალისწინებულია სოფლების პრობლემებიც. თუმცა, სოფლის მცხოვრებთა დახმარების „სახალხო ინიციატივა“ კვლავ დღის წესრიგში დგას.
„ოცნების სოფელ“ დრახტიკზე
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, სოფელ დრახტიკში ცხოვრება შეიცვალა. ადამიანები ამბობენ, რომ ახლა სამოთხეში ცხოვრობენ, თუკი შეადარებენ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც აქ სულ ცოტა ხნის წინ იყო. ამ შედარებისკენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, ალბათ, სოფლის დასახელება უბიძგებთ – თარგმანში, „პატარა სამოთხე“.
სოფელი, ერევნიდან 80 კილომეტრში მდებარეობს, პირდაპირ სევანის ტბის სანაპიროსთან. აქ, ათასზე ცოტათი მეტი ადამიანი ცხოვრობს. ორი ათეული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდა – აგრონომი, მარკეტოლოგი, პროგრამისტი – განადგურების პირას მყოფი სოფლების გადარჩენის იდეის გარშემო გაერთიანდა. საკუთარ იდეას მათ აგრორევოლუცია დაარქვეს და გადაწყვიტეს მუშაობა ერთი კონკრეტული სოფლიდან დაეწყოთ.
თავად პროექტმა მიიღო სახელწოდება „ოცნების სოფელი დრახტიკი“. მისმა ავტორებმა ადგილობრივი მცხოვრებლების სტერეოტიპების დანგრევა დაიწყეს, მათ საკუთარი ცხოვრების და ზოგადად სოფელში ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგებდნენ.
ინიციატივა „ოცნების სოფელი დრახტიკის“ თანადამფუძნებელი, პროგრამისტი და ბიზნესმენი მაის მარგარიანი გვიყვება:
„ჩვენთვის ეს გამოწვევა იყო – დაგვენგრია სტერეოტიპები. გადავწყვიტეთ, მუშაობა რთული სოფლიდან დაგვეწყო – დაცლილი, მივიწყებული, ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილის, რომელშიც რთული ბედის ქვეშ მყოფი ადამიანები ცხოვრობდნენ“.
დრახტიკელთა უმეტესობა – გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ არწვაშენის მცხოვრებლები არიან. ეს იყო ანკლავი, სომხეთის პატარა კუნძული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 1992 წლის ზაფხულში, აზერბაიჯანულმა ჯარებმა არწვაშენი აიღეს. მისი ყველა მცხოვრები იმავე გეღარქუნიქის პროვინციის სხვა სოფლებში გადავიდნენ, მათ შორის, დრახტიკში.
მაის მარგარიანი გვიყვება, რომ სოფელს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივები ვერ ხედავდნენ და ამის მიზეზიც არ ჰქონდათ:
“აქ განუვითარებელია ინფრასტრუქტურა, მთლიანად, მთელ პროვინციაში. სოფლიდან 100-150 კილომეტრში ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურიც არ არის, არც მაღაზია. ნორმალური გზებიც არ არის. საერთოდ, სოფლები აქ ერთმანეთისგან შორი-შორს არის, მაგრამ ახლოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან. და მათ არც არავინ იხსენებს.
სოფელი უპერსპექტივო იყო თავად ადგილობრივი მცხოვრებლების განწყობის გამოც. ისინი აქ მდიდარი სოფლებიდან გადმოცხოვრდნენ, ჩამოვიდნენ ყველანაირი სახსრების გარეშე, მორალურად დაზარალებულები და აღმოჩნდნენ სოფელშიც, სადაც ზამთარში მეტრანახევარი თოვლი მოდის, ამასთან, ვაშლისა და მსხლის გარდა არაფერი იზრდება. ისინი ამ დრომდე ვერ მოდიან გონს, ვერ ახერხებენ ფეხზე წამოდგომას, მით უმეტეს – სოფლის წამოყენებას. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ტრაგიკული წარსული ძალიან გვირთულებს სამუშაოს”.
„მაშველები“ პირველ რიგში შეეცადნენ, სოფელი ცნობადი გაეხადათ. ამისათვის მათ Facebook-ზე სოფლის გვერდი შექმნეს. ახლა, დრახტიკის გვერდს უკვე 5 ათასი გამომწერი ჰყავს.
შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა ლაშქრობების ორგანიზება და აგროტურიზმის განვითარება დაიწყო. ფსონი ბუნებაზე, სუფთა ჰაერსა და ადგილობრივი მცხოვრებლების სტუმართმოყვარეობაზე გააკეთეს. და, თავად დრახტიკელების გასაკვირად, საქმე დაიძრა.
“ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვისაც არ სჯეროდა. მაგრამ ვუყურებდი რა მათ მუშაობას, მივხვდი, რომ პროგრესი შესაძლებელია. შევუერთდი და მათი გუნდის წევრი გავხდი”, – აცხადებს სოფლის მცხოვრები ანდრანიკ სააკიანი.
ცვლილებები დრახტიკში
„ოცნების სოფლის“ გუნდი, მოხალისეების დახმარებით სოფლის მთელი სანაპირო ზოლის გასუფთავებასა და კეთილმოწყობას შეუდგა – დაახლოებით, 800 მეტრის. და ამან ბევრი დამთვალიერებლის ყურადღება მიიპყრო. ახლა საინიციატივო ჯგუფი აქ საწყლოსნო ტურიზმის განვითარებას ცდილობს.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, მაის მარგარიანის განცხადებით, აქ „ბანაკის ქალაქის“ მოწყობის გეგმა აქვთ:
“აქ არიან რუსი ინვესტორები, რომლებმაც სერიოზული გათვლები გააკეთეს. კორონავირუსმა, ამ კარანტინმა მათ ჩამოსვლასა და საბუთებზე ხელმოწერას ხელი შეუშალა”.
სოფელში, შვილი სასტუმრო სახლი გაჩნდა, მაგრამ მათ მოგება მოაქვთ არა მხოლოდ მეპატრონეებისთვის, რადგან, მაგალითად, საუზმეში, შედის მეზობლების მიერ გამომცხვარი პური, ვიღაც კი კარაქით, ყველითა და თაფლით ამარაგებს მათ.
კარენ გალეჩიანი ერთ-ერთია ადგილობრივებიდან, რომელიც ეჭვებისა და შიშების მიუხედავად საინიციატივო ჯგუფს შეუერთდა და საცხენოსნო სკოლა „ერამაკი“ გახსნა. ის მსურველებს ცხენოსნობას ასწავლის, ასევე სთავაზობს მთებში ღამისთევით ლაშქრობებს.
“თუკი, ამ დროის განმავლობაში, ასეთი სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაშიმ, 10 წლის შემდეგ, დრახტიკი სამყაროს ცენტრად წარმომიდგენია და თუკი ასე არ იქნება, სომხეთის ცენტრად მაინც ვაქცევთ”, – ამბობს კარენი.
სხვა სოფლებისგან განსხვავებით, დრახტიკს მოსახლეობა არ ტოვებს – აცხადებს მაის მარგარიანი:
„თუკი, სხვა სოფლებში, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება, დრახტიკში – იზრდება. 2018 წელს, 148 მოსწავლე იყო, წელს – 162. ამასთან, ახალგაზრდები აღარ მიდიან, ქორწინდებიან და აქ რჩებიან საცხოვრებლად“.
თუმცა, ინიციატივის ავტორებს არ მიაჩნიათ, რომ ეს მთლიანად მათი დამსახურებაა. ისინი მოკრძალებით აფასებენ საკუთარი ძალისხმევის შედეგებს და მიაჩნიათ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ სოფლის მცხოვრებთა მესამედის ცხოვრების შეცვლა შეძლეს.
და ეს მათ მხოლოდ ძალისხმევის გაძლიერებისკენ უბიძგებს, რადგან მიზანია – სრულად გამოსწორდეს სიტუაცია სოფელში, რათა ყველამ შეძლოს საკუთარი თავის დაკმაყოფილება და არავინ არ იფიქროს წასვლაზე.
პროგრამები ბავშვებისთვის
ერთი წლის წინ, დრახტიკში, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა „გრადარაკი“ გაიხსნა. ეს ამავე სახელწოდების მქონე ორგანიზაციის პროექტია და ის მსგავს ბიბლიოთეკებს ხსნის ქვეყნის სხვადასხვა სოფლებში. აქ ბავშვები არა მხოლოდ წიგნებს კითხულობენ. მათთვის იმართება შემეცნებითი თამაშები, უჩვენებენ ფილმებს, აწყობენ დისკუსიებს და შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან.
სოფელში, საინჟინრო ლაბორატორია „არმატიც“ გამოჩნდა. ის აქ ინფორმაციულ ტექნოლოგიათა კავშირმა დააარსა. 2014 წლიდან, ორგანიზაცია მსგავსი ინიციატივით გამოდის სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში. აქ ბავშვები უფასოდ სწავლობენ პროგრამირებასა და რობოტექნიკას.
«სოფელში არიან ბავშვები, რომელთაც მიდრეკილება აქვთ მათემატიკისკენ, ისინი ინფორმაციული ტექნოლოგიებით ინტერესდებიან. მაგრამ ოჯახებს მათი ქალაქში გაგზავნის შესაძლებლობა არ აქვთ, სადაც ისინი უფრო დიდ ცოდნას შეიძენენ. აი, ამიტომ „არმატი“ თვითონ მიდის ბავშვებთან», – გვიხსნის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჟენია კირაკოსიანი.
„ოცნების სოფლის“ გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი – „აზროვნების რევოლუციაა“.
მაის მარგარიანი განმარტავს: გუნდი სოფლის განვითარებაში ფულს არ დებს. საინიციატივო ჯგუფის წევრებს მთელი ენერგია და შეზღუდული რესურსები ახალგაზრდებისკენ აქვთ მიმართული:
“ისინი იმსახურებენ, რომ განვითარდნენ, გაიცნონ მსოფლიო, მაგრამ ამავდროულად მათ საკუთარ მაგალითზე ვაჩვენებთ, რომ სოფელში ცხოვრება – მშვენიერია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მათ მიიღონ პროფესიები, ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, მოქნილობა დროსა და სივრცეში, მაგრამ არ დატოვონ სოფელი”.
სახელმწიფო მიდგომა
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის საკითხებში, რობერ გუკასიანი მთელმა სომხეთმა გაიცნო ასეთივე ინიციატივის გამო, რომელიც მან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, სხვა სოფელში – კალავანში განახორციელა.
რობერტ გუკასიანი დარწმუნებულია: ასეთი მოძრაობები ძალიან მნიშვნელოვანია პატარა სოფლებისთვის, მაგრამ თუ უკვე დაწყებულ საქმეს, რაღაც მომენტში სახელმწიფო არ შეუერთდება, არ დაუჭერს მხარს, მაშინ ისინი დროთა განმავლობაში გაქრება. ამბობს, რომ საბოლოოდ, სოფლებში ჩნდება პრობლემები, რომელიც შეუძლია და უნდა გადაჭრას სწორედ სახელმწიფომ.
“ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენი თანამედროვე სომხური სოფლის კონცეფციისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება დავიწყეთ. დოკუმენტი მალე მზად იქნება, მასში გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი: როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სოფლებში ღირსეულად იცხოვრონ, როგორ შევქმნათ წრე, რომელში ცხოვრებასაც ადამიანები მოინდომებენ”.
განვითარების პროგრამები
მეორე წელია, დრახტიკში ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყეს, არემონტებენ სოფლისკენ მიმავალ გზას.
ტურიზმის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც საფეხმავლო მარშრუტებს ამუშავებენ, უახლოეს მომავალში გააკეთებენ 16-კოლომეტრიან მარშრუტს დრახტიკიდან კალავანამდე. მთელ გზაზე განათავსებენ მაჩვენებლებს, რომლებიც ტურისტებს დაეხმარებათ არ დაიკარგონ და მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია ახლოს მდებარე სოფლის შესახებ.
თავად მაის მარგარიანიც საკუთარ მომავალს დრახტიკს უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ დაიბადა და მთელი ცხოვრება ქალაქში გაატარა:
“დაინტერესებული ვარ აქ საკუთარი ბიზნესის დაწყებით. სამწლიანი პიარის, ხმაურის, ამდენი ცვლილების შემდეგ, უკვე შეგიძლია მიიღო საკუთარი შრომის ნაყოფი. ბიზნესი – სოფლის განვითარების კიდევ ერთი გზაა, შესაძლოა, უფრო წარმატებული გზაც”, – ამბობს ის.
სოფელ სემიონოვკას შესახებ
„ოცნების სოფლის“ მაგალითს მიბაძეს სემიონოვკაშიც. ამ სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 2 114 მეტრზეა განლაგებული, ცდილობენ საკუთარი უპირატესობების მონახვასა და განვითარების საკუთარი მოდელის შემუშავებას.
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ახალმა სემიონოვკამ“ ასევე სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები გააერთიანა. ისინი უკვე 26 არიან. მთელი გუნდიდან, მხოლოდ სევადა აზიზიანია სემიონოვკას მცხოვრები.
«სოფელში რევოლუციის მოწყობას ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა – აზროვნებაში. ვცდილობთ, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამებში, ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებას, რათა უზრუნველვყოთ ტურისტების ნაკადი წელიწადის ნებისმიერ დროს», – ამბობს სევადა.
სემიონოვკის საინიციატივო ჯგუფიც ავრცელებს სოფლის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე, ჰყვებიან პრობლემების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს. სოფლისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ გაჩნდნენ ახალი მცხოვრებლები – ადამიანებმა სემიონოვკაში იყიდეს სახლები და საცხოვრებლად გადმოვიდნენ.
შარშან, აქეთ ტურისტები წამოვიდნენ და სოფლის მცხოვრებმა, გოარ პეტროსიანმა საკუთარი სახლის ნაწილის სტუმრებზე გაქირავება დაიწყო. ისინი იყვნენ ჩინეთიდან და რუსეთიდან, ასევე, ადგილობრივი ველოსიპედისტები და ლაშქრობების მოყვარულები.
“ქვეყანაში შემოსულ ველოსიპედისტებსა და საფეხმავლო ტურების მონაწილეებს ალტერნატივა არ აქვთ. მოსწონთ თუ არა, ისინი იძულებული არიან ჩვენი სოფელი გაიარონ. დღეს, მათთვის მომსახურების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს ველოსიპედების სახელოსნო, კვების ობიექტი, სასტუმრო სახლი. არ შეიძლება ამ შანსის დაკარგვა. სხვა შემთხვევაში, ტურისტები ჩვენი წყაროდან მხოლოდ წყალს დალევენ და წავლენ”, – ამბობს გოარი.
სევადას თქმით, სომხეთში ზამთარი იწყება და მთავრდება სემიონოვკაში და ეს აქ ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის უნდა გამოიყენონ. უკვე გამოჩნდნენ დაინტერესებული ტურისტული კომპანიები, რამდენიმე ასეთ ტურს უკვე გაუკეთეს ორგანიზება.
“სომხეთში, ზამთრის ტურიზმისთვის შესაფერისია წახკაძორი და ჯერმუკი, მაგრამ ამ უკანასკნელში ზამთრის ტურიზმი ჯერჯერობით არც ისე განვითარებულია, წახკაძორში კი ძალიან მაღალი ფასებია. ჩვენ ვაპირებთ გავატაროთ „რბილი“ ფასების პოლიტიკა, შევეცდებით, ყველასათვის ხელმისაწვდომი ვიყოთ. ვფიქრობთ, აქ საბაგირო ავაშენოთ. თვითონ გავაკეთებთ ინვესტიციას, თვითონ ვიმუშავებთ, რათა დანაკარგები ნაკლები იყოს და მივიღებთ საჭირო რეზულტატს”, – ფიქრობს სევადა.
„მედიაქსელის“ მხარდაჭერით