პირველი ბზარი ოპოზიციურ ერთობაში - მოლაპარაკებებს ალეკო ელისაშვილი გამოეთიშა
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ ფორმატს გამოეთიშა – ის აღარ იღებს მონაწილეობას ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრებში, სადაც 30 ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიაზე უპირატესობის მოპოვების მიზნით მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე თანხმდება. ოპოზიციური ფორმატიდან გასვლის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ, ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ კენჭი თბილისში იყაროს.
როგორც “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, არჩევნებში მონაწილეობას ის საკუთარი პარტიით მიიღებს. პარტიას, რომელსაც ელისაშვილი ახლა ქმნის, “მოქალაქეები” ერქმევა.
რა გახდა ალეკო ელისაშვილის ოპოზიციური ფორმატიდან გამოსვლის მიზეზი? ამ კითხვაზე ელისაშვილს და ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული პასუხები აქვთ.
ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური ფორმატის დატოვების მიზეზი იქ მისთვის მიუღებელი ადამიანების ყოფნა გახდა:
“გამოვეთიშე იმიტომ, რომ იქ ძალიან დისკომფორტი მქონდა მეც, ლევან იოსელიანსაც, ვინც ვმონაწილეობდით სამოქალაქო მოძრაობიდან. იმიტომ, რომ ჩემთვის ბევრი მიუღებელი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე იმ მაგიდას. იდეოლოგიურადაც, პიროვნულადაც, პრორუსები… 98% იქ მყოფი ხალხის, “ნაციონალური მოძრაობით” დაწყებული, ბევრი პარტიით დამთავრებული, რომელთათვის პოლიტიკა არის საშოვარი. აი, პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას და 2-2 პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და ჭამენ, ხრავენ ამ საქართველოს ფულს”, – აცხადებს ელისაშვილი.
ელისაშვილის გადაწყვეტილებას და განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
“არ შეიძლება ამ კაცის მხარდაჭერა და ასეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც იდეის ტორპედირებას ახდენს. ოპოზიციური კოალიციის მთელი მუღამი რა არის? რომ ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ ივანიშვილის დამარცხება არის ამოცანა, ამიტომ კომპრომისებზე უნდა წავიდეთ,” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია.
- 120/30: ყველა მთავარი კითხვა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე
- რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
“ევროპულ საქართველოში”აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ელისაშვილის მხრიდან იდეოლოგიურ და პიროვნულ განსხვავებებზე საუბარი, რადგან ის მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებში “დიდი მოწადინებით” იყო ჩართული, უთანხმოების საგანი კი ის ფაქტი გახდა, რომ ელისაშვილი “სამოქალაქო მოძრაობისთვის” თბილისში ორ ოლქს ითხოვდა:
“ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ, ორ ადგილს ითხოვდა და ამიტომ არ მესმის, დღეს პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს. ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებით, როგორც ჩანს. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. უბრალოდ საწყენია, საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იხედება,” – ამბობს უგულავა.
ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ნინო გოგუაძეც. გოგუაძე აცხადებს, რომ ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას ითხოვდა, მთაწმინდაზე კი – ლევან იოსელიანის.
“უწესობაა, როდესაც ადამიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ მზად არის პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეთანხმებაზე დაჯდეს და საერთო კანდიდატების შეჯერებაში მიიღოს მონაწილეობა, ჯდები პარტიებთან და ლაპარაკობ შეჯერებულ კანდიდატებზე, მერე გამოდიხარ და იძახი, რომ “ის ადამიანები ვაჭრობენ, ბიუჯეტის ფულს ხრავენ და მე იქ რა მინდა”. ეს არის უწესობა, იმიტომ, რომ შენ ვერ მოივაჭრე მეორე ადგილი მთაწმინდაზე იოსელიანისთვის,” – ამბობს გოგუაძე.
“ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, რაც ძალიან კარგია. იმიტომ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია საბოლოო ჯამში იმ მოცულობითაც ვერ იქნება ამ ფონზე მომდევნო პარლამენტში წარმოდგენილი, რა ფორმითაც დღეს არის. შესაბამისად, გააგრძელონ ერთმანეთის ჭამა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია ჩვენთვის და კარგია ქვეყნისთვის,”- ასე გამოეხმაურა ოპოზიციაში გაჩენილ უთანხმოებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
გაერთიანებული ოპოზიცია, თბილისში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა.
შეთანხმების თანახმად:
ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) იყრის
მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები)
ისანში – გიორგი ვაშაძე ( თავისუფალი საქართველო)
ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია)
გლდანში – ნიკა მელია (ნაციონალური მოძრაობა)
სამგორში – ლევან ხაბეიშვილი ( ნაციონალური მოძრაობა)
თბილისის ორ ოლქში, დიდუბესა და საბურთალოზე, ოპოზიციას საერთო კანდიდატები, ჯერჯერობით, არ დაუსახელებია.
ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი თბილისში იყაროს და თუ საკუთარ კანდიდატურას მაჟორიტარად დააყენებს, ის აუცილებლად საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
მის გარდა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატურები შეიძლება დააყენონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლა უკვე ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და პარლამენტარმა ლევან კობერიძემ. ელისაშვილმა, დოლიძემ და კობერიძემ 2020 წლის 18 ივნისს ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნეს.