ფაშინიანი გამოჯანმრთელდა და სამსახურს დაუბრუნდა
8 ივნისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა. ნიკოლ ფაშინიანის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ, ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი.
„ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჩვენი ოჯახის განმეორებითი ტესტების პასუხები (დაინფიცირებული იყო მთელი ოჯახი – JAMnews). ყველა პასუხი უარყოფითია. ვუბრუნდები სრულფასოვან მუშაობას“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნიკოლ ფაშინიანმა.
პარალელურად ცნობილი გახდა ძალოვან სტრუქტურებში ხმაურიანი გადადგომების შესახებ.
თანამდებობები დატოვეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და პოლიციის უფროსმა. და ზუსტად რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ამ პოსტებს დაიკავებენ.
ამავდროულად, ოპოზიცია გადადგომისკენ მთელ მთავრობას მოუწოდებს.
- „დარჩით სახლში, არა სასაფლაოზე“ – როგორ უმკლავდებიან ქვეყნები კორონავირუსის ახალ აფეთქებებს
- ფაშინიანი „ანტიპანდემიური მოძრაობის“ შექმნის მოწოდებით გამოდის
შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური ვაჟიშვილის ქორწილის გამო „წავიდა“?
რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ცვლილებები მოდის. ზუსტად რა ცვლილებები – მთავრობის მეთაურს არ დაუზუსტებია, თუმცა, უკვე 4 ივნისს, თანამდებობა დატოვა სომხეთის შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავიდ ანანიანმა.
8 ივნისს, გაჩნდა ცნობა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, არტაკ დავთიანის გადადგომის შესახებ.
ამას წინ უძღოდა მისი ვაჟიშვილის ქორწილთან დაკავშირებული ისტორია. 7 ივნისს, სომხურმა მედიამ დაწერა იმის შესახებ, რომ სამხედრო მაღალჩინოსანმა კომენდატურის მითითებები დაარღვია და 100-ზე მეტი სტუმრის მონაწილეობით ქორწილი გამართა.
საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში, 13 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ყველა სახის მასობრივი ღონისძიება აკრძალულია.
თავად დავთიანმა განაცხადა, რომ „ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება“:
„მოვუწოდებ ზოგიერთ პიროვნებას, პრესას, ნუ იჭრებიან ჩემ პირად და ოჯახურ სივრცეში და ნუ ცდილობენ პოლიტიკურ თამაშებში ჩემ ჩათრევას“.
ოფიციალური დასტური იმისა, თუ რა გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით არ არსებობს. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ სწორედ ქორწილთან დაკავშირებულმა სკანდალმა აიძულა დავთიანი გადადგომის შესახებ დაეწერა განცხადება.
რაც შეეხება თავად ზეიმს, პოლიციამ განაცხადა:
„პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, გააფრთხილეს შეკრებილები და შესაბამისი პროტოკოლი შეადგინეს. ღონისძიება შეწყდა“.
რატომ დატოვა პოსტი ორმა სხვა მაღალჩინოსანმა
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ედუარდ მარტიროსიანისა და პოლიციის უფროსის, არმან სარგსიანის გადადგომის ოფიციალური მიზეზი ასევე უცნობია.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ, თავად პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორსა და პოლიციის უფროსთან იმის შესახებ, რომ ძალოვანი სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ ქვეყანაში სანიტარული ნორმების დაცვას.
8 ივნისისთვის, სომხეთში, სულ 13 325 ადამიანი დაინფიცირდა. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ასობით ახალი ინფიცირების შემთხვევის შესახებ. ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს ახლიდან ამუშავებული საწარმოების შეჩერებას და მხოლოდ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ქცევის ახალი წესები და სანიტარული ნორმები.
ოპოზიცია თავად პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გადადგომა მოხდა იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია „მთავრობის 100%-ით შეცვლას ითხოვს“.
ასეთი განცხადებით, 5 ივნისს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, ამავე სახელწოდების საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი და მსხვილი ბიზნესმენი, გაგიკ ცარუკიანი გამოვიდა. მისი აზრით, 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა და სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.
ცარუკიანმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მის წინაშე დასმულ ამოცანებს ვერ გაუმკლავდებოდა:
„მე მაშინ ვამბობდი, რომ თუკი ცვლილებები სურთ, საჭიროა შემადგენლობის 97%-ის გამოცვლა. მაგრამ დღეს, ვხედავ რა მთელ ამ ჩავარდნებსა და წარუმატებლობებს, მიმაჩნია, რომ სრულად, 100%-ით უნდა შეიცვალოს მთავრობა. არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩავარდა ყველა სფერო“.
თავად ფაშინიანს ოლიგარქის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, მისმა პრესმდივანმა, მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაგიკ ცარუკიანი შეშფოთებულია, რამდენიმე სისხლის სამართლის გამოძიებით, რომელიც მის სახელს უკავშირდება.
„თუკი ბატონ ცარუკიანს მიაჩნია, რომ მისი პოლიტიკური განცხადებები დაარღვევს გამოძიების ნორმალურ მიმდინარეობას, ის ცდება გათვლებში, რადგან სომხეთში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მათ შორის, კანონის წინაშე, რომელიც უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს და აქ, ბატონ ცარუკიანს, ასევე შეიძლება ჰქონდეს ნერვიულობის მიზეზი“.
ექსპერტული მოსაზრებები
პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აირუმიანი მიიჩნევს:
„ივნისის დასაწყისიდან, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, სომხეთში, პერიოდულად ისმის მოწოდებები გადადგომის შესახებ – მინისტრის, კომენდანტის, პრემიერ-მინისტრისა და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი აღარ.
ასეთი რეაქცია სავსებით ბუნებრივია: რამდენიმეკვირიანი იზოლაციის, თავშეკავებისა და განგაშის შემდეგ, აგრესიული მოდუნების პერიოდი დგება. აშშ-ში ეს გამოიხატა მასობრივ არეულობებში, პროტესტის ტალღას პროგნოზირებენ რუსეთში… სომხეთში, ყველაფერი შეიძლება სხვანაირად იყოს და მთავრობის გადადგომა უკვე აღარ ჩანს ისეთი წარმოუდგენელი, როგორც ერთი კვირის წინ“.
პოლიტოლოგი აკოფ ბადალიანი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მოწოდებებს, ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების რეიტინგის თვალსაზრისით მიუდგა:
„საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც 2018 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე, მხოლოდ 10% მიიღო და ეს მეორე შედეგია. უმრავლესობამ, ბლოკიდან „ჩემი ნაბიჯი“ – 70% მოიპოვა.
ის, რომ 1.5 წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობის ვოტუმის ნაწილი დაკარგა, რომ გამოჩნდნენ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები, იმედგაცრუებულებიც კი, ეჭვგარეშეა. მაგრამ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ამან იმხელა მასშტაბები მიიღო, რომელიც ძალთა ბალანსის შეცვლაზე მიუთითებს“, – წერს ექსპერტი.