10 ადგილი ვანაძორში
მაშ ასე, მივემგზავრები ქალაქ ვანაძორში, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კიროვაკანი ერქვა, უფრო ადრე კი კარაკილისა ეწოდებოდა. ეს ქალაქი სომხეთის ჩრდილოეთში, ერევნიდან 120 კილომეტრში მდებარეობს და სიდიდით მესამე დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს ქვეყანაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ ვანაძორის ავტოსადგურზე აღმოვჩნდი. ადგილობრივებს რამდენიმე კითხვა დავუსვი და ქალაქის დასათვალიერებლად გავეშურე. აი, რისი გაკეთება შეიძლება ვანაძორში ერთი დღის განმავლობაში.
1. შეგიძლიათ, იმღეროთ
ქალაქის ცენტრი აიკის მოედანია. ქალაქისა და მთელი ლორეს ოლქის თვითმმართველობის ორგანოების შენობები სწორედ აქ არის თავმოყრილი. აქვე მდებარეობს ვანაძორის სიმბოლო – სასტუმრო “გუგარკი”. მოედანზე ყველაფერი წესრიგშია – აქ ნამდვილი ნაძვი დგას, რომელიც, ადგილობრივების თქმით, დეკემბრის ბოლოს საახალწლო ნაძვის ხედ “ინიშნება”. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ სცენაა დამონტაჟებული, რომელიც კონცერტებისა და სხვა ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი… ეს ადგილი ისეთი მელომანებისთვისაც გამოდგება, როგორიც მე ვარ (ანუ მათთვის, ვისაც ნებისმიერ სცენაზე ხმამაღლა სიმღერა უყვარს).
2. შეგიძლიათ, იმკურნალოთ
საბჭოთა პერიოდში სანატორიუმ “ვანაძორ-არმენიას” ბაღი თავად სამკურნალო დაწესებულებაზე არანაკლებ პოპულარული ყოფილა. შემოდგომამ აქაურობა უკვე შეღება… და გაყარა მომსვლელები. სანატორიუმი მხოლოდ აპრილიდან ოქტომბრამდე მუშაობს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სულ ერთი ადამიანი შემხდა – ამ დაწესებულების დირექტორი სარგის ამირიანი, რომელმაც სანატორიუმის შესახებ ქების სიტყვები არ დაიშურა. მისი თქმით, ვანაძორის გამაჯანსაღებელი ცენტრი ერთადერთია სომხეთში, რომელშიც პაციენტებს ტორფისა და მინერალური წყლების გამოყენებით კომპლექსური მკურნალობა უტარდებათ.
3. დალიეთ… მჟავე წყალი
ადგილობრივები ისე აქებენ მინერალურ წყალ “ლორეს”, რომ მისი არგასინჯვა დანაშაული იქნებოდა. ადგილობრივ მინერალურ წყალს “მჟავე წყალს” ეძახიან. ბრრ, მართლაც მჟავე და რბილი გემო აქვს – სხვა მინერალურ წყლებს არ ჰგავს. სხვათა შორის, ეს წყალი ბოთლებში არ ისხმება და მაღაზიებში არ იყიდება.
4. მოიწყვეთ კულტურული საღამო
ქალაქის სიამაყეა დრამატული თეატრი, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. სამწუხაროდ, წარმოდგენას ვერ დავესწრები. სპექტაკლი საღამოს გაიმართება, როცა მე აქ უკვე აღარ ვიქნები. თანაც, წარმოდგენები ყოველდღე არ იმართება.
თუმცა, სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეიძლება შესვლა, სადაც ათასზე მეტი ექსპონატია გამოფენილი. სამწუხაროდ, მუზეუმის დარბაზებს არ ათბობენ და ამიტომ აქ დიდხანს გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს.
კულტურის სახლი კი გარემონტებულია. აქ კონცერტებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს მართავენ. აქვეა კინოდარბაზიც. მიწისძვრის შემდეგ ეს შენობა დიდი ხნის განმავლობაში ნახევრად დანგრეული იყო. ერთხანს იმაზეც ფიქრობდნენ, რომ ასე დაეტოვებინათ – სტიქიური უბედურების სამახსოვროდ. თუმცა, შარლ აზნავურის წყალობით, კულტურის სახლი მაინც გარემონტდა და მისი სახელი ეწოდა.
5. მონაწილეობა მიიღეთ მოსავლის აღებაში
ჩვენი ცნობილი მწერალი, სტეფან ზორიანი ვანაძორში ცხოვრობდა. აქ მისი სახლმუზეუმი მდებარეობს. აქვეა მისი საყვარელი ვაშლის ბაღიც (“ვაშლის ბაღი” მწერლის ცნობილი მოთხრობაა) ყოველ წელს, შემოდგომაზე მუზეუმი მოსავლის დღესასწაულს მართავს ხოლმე. თუმცა, ვაშლის ხეებზე სულ რამდენიმე ნაყოფია შერჩენილი.
სახლმუზეუმის დირექტორი ლენა ანტარამიანი ამბობს, რომ დამაგვიანდა.
6. ეწვიეთ ბაზარს
ვაშლი მომინდა! წავალ ე.წ. “ლაჩინის დერეფანში” (სინამდვილეში, ლაჩინის დერეფანი ის ტერიტორიაა, რომლითაც სომხეთი ყარაბაღს უკავშირდება) აქ ყველაფერს შეიძლება წააწყდეთ – ახალი თევზით დაწყებული, ნახმარი მაგნიტოფონით დასრულებული, მრავალნაირი ყველს თუ ათასნაირ საკეტს. ამას გარდა, აქ ვაშლი და სხვა სახის ხილიც დაგხვდებათ.
7. გადაიღეთ “სელფი” ქანდაკებებთან
მტვრიანი და ხმაურიანი ქუჩის სიახლოვეს ვანაძორის ყველაზე საინტერესო ძეგლები დგას. ერთ-ერთი ასეთი ქანდაკებაა დუდუკის ძეგლი, რომელიც ცნობილ ვანაძორელ მუსიკოსს, ოსტატ ატოს ეძღვნება. სხვათა შორის, აქ დუდუკის ხმაც ისმის.
აქვეა კოცნის ძეგლიც. დიდხანს მომიწია ამ კომპოზიციის თვალიერება, რომ კოცნა დამენახა.
ამ შემოდგომაზე ვანაძორის მთავარი ქუჩის ტროტუარზე კიდევ ერთი ძეგლი გაჩნდა, რომელიც გენოციდის ასი წლისთავს ეძღვნება. როგორ არ გადამეღო “სელფი” სპილენძის ხმლით ხელში?
8. მონაწილეობა მიიღეთ მიტინგში
“არცახის სკვერში” ახლად შეღებილ სკამზე ჩამოვჯექი, რომ ბუტერბროდი მეჭამა. ეს ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ნაწილია. შორიახლოს ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობს და ამიტომ აქ ბევრი ახალგაზრდა იყრის თავს. მოხუცმა ქალბატონმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, აღნიშნა, რომ ვანაძორში სწორედ ადგილას ტარდება ყველა მიტინგი. უნდა ითქვას, რომ ახლად შეღებილი სკამების მიუხედავად, სკვერი მოუვლელია და არ იქნებოდა ურიგო, მისთვის ვინმეს ყურადღება მიექცია.
9. ეწვიეთ ტაძარს
სომხური ქალაქი ეკლესიის გარეშე წარმოუდგენელია. ვანაძორში კი 6 ეკლესიაა (მათ შორის – რუსული მართლმადიდებლური ტაძარიც) ამას გარდა, ერევნიდან მომავალმა გზაზე კოტრაცის ეკლესიის ნანგრევებიც შევნიშნე. სწორედ ამ ეკლესიის შავი ქვებიდან მომდინარეობს ვანაძორის პირველი სახელი (კარაკილისა – შავი ეკლესია).
ვანაძორელები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად წმინდა ღვთისმშობლის ძველი ეკლესია უყვართ.
ძველი ეკლესიიდან რამდენიმე წუთში გრიგორ ნარეკაცის ტაძრამდე მივედი. ეს ეკლესია შედარებით ახალია. სომხები ტაძრების მშენებლობას აგძელებენ, მაგრამ ძველი ეკლესიები უფრო უყვართ.
10. შეაბით ხიდს ბოქლომი
მდიდარი მეღვინის, ვასილი ტაიროვის რეზიდენციის ეზოში კიდევ ერთი ტაძარი დგას (რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ააგეს) სხვათა შორის, 1999 წლიდან ტაიროვების სახლს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის გუგარის ეპარქიის ადმინისტრაციული შენობის ფუნქცია აქვს მინიჭებული. მივაღწიე ამ შენობასაც. და შემდეგ? ამის შემდეგ ჩემ თვალწინ გაყვითლებულ ფოთლებში ჩაძირული საოცარი ბაღი გადაიშალა. გზად მწვანე ხიდი უნდა გადავიარო, რომლის მოაჯირებზე შეყვარებულები, ურღვევი სიყვარულის ნიშნად, ბოქლომებს ამაგრებენ ხოლმე. ამ ბოქლომებს ჩემიც შეემატა!
გამოქვეყნდა: 09.10.2016