„აზერბაიჯანში კორუფციის ბრალდებით სამხედრო ჩინოვნიკები დააკავეს
აზერბაიჯანში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სამსახურებრივი გაყალბების ბრალდებით რამდენიმე მსხვილი სამხედრო ჩინოვნიკი დააკავეს. კერძოდ, ეს არის გენერალ-ლეიტენანტი აფგან ნაგიევი – სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკის დაკავების ერთ-ერთი მრავალ შემთხვევათაგანია. ხელისუფლება ამას კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლით ხსნის, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა.
- ნავთობი და კორონავირუსი – აზერბაიჯანის ეკონომიკის ორი უბედურება
- მაწანწალა ცხოველები საქართველოში: რატომ არ მცირდება მათი რიცხვი და როგორ ცხოვრობენ ისინი ეპიდემიის დროს?
- სომხეთი: „ფასეულობებისთვის“ მებრძოლები ბავშვების დაცვას ხელს ვეღარ შეუშლიან
აფგან ნაგიევი – მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის – „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“. მის დაკავებას წინ ახლახან მომხდარი შემთხვევა უძღოდა: აზერბაიჯანელი მეთევზეების ნავმა (შესაძლოა, ბრაკონიერების) როგორღაც კასპიის ზღვის აზერბაიჯანული ნაწილის მთელი აკვატორია გაიარა და ყაზახეთთან საზღვაო საზღვრამდე მიაღწია. იქ მათ ყაზახმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს, და ერთ-ერთი მეთევზე დაიღუპა. ამ ინციდენტში, სხვების გარდა, ნაგიევიც დაადანაშაულეს – ვარაუდობენ, რომ ის თავის თანამშრომლებთან ერთად მეთევზეებისგან ქრთამს იღებდა და, სანაცვლოდ, მათ ბრაკონიერობის უფლებას აძლევდა. ამ ყველაფრის შესახებ გვიამბობს 1news.
აზერბაიჯანში „კორუფციონერებზე ნადირობა“აქტიურად დაიწყო 2019 წლის დეკემბერში, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი დააპატიმრეს. მას ბრალი კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დასდეს. მის კვალდაკვალ ანალოგიური ბრალდებით კიდევ ოთხი „რაიონის პატრონი“ დააპატიმრეს, სულ ახლახან კი – კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, რომელიც არქიტექტურაზე აგებდა პასუხს. მინისტრის მოადგილე, სხვა დანარჩენის გარდა, მთავარ ბრალდებულად გამოცხადდა იმისთვისაც, რომ ბაქოში მრავალი წლის განმავლობაში ძველისძველ შენობებს ანგრევდნენ.
ხელისუფლების ვერსიით, მათ უეცრად აღმოაჩინეს, რომ მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს შორის უამრავი კორუფციონერია და მათი გეგმაზომიერი „წმენდა“ დაიწყეს. მაგრამ ხალხში ამ „უეცრად“-ის ბევრს არ სჯერა. საზოგადოებისთვის აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების კორუმპირებულობა, დიდი ხანია, აქსიომას წარმოადგენს – იმას, რასაც უნდა შეეგუო როგორც გარდაუვალ ბოროტებას. ამიტომაც ახლანდელ დაპატიმრებებს ზოგი „სპექტაკლს“ უწოდებს, სხვები კი – მთავრობის შიდა „გარჩევებს“, რასაც სამართლიანობის აღდგენასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ზოგიერთი კომენტართაგანი სოციალური ქსელებიდან:
„საგულისხმოა, რომ სასაზღვრო სამსახურის უფროსს ხელი არ ახლეს; ისევე როგორც კულტურის მინისტრს. თითქოს თვითონ კარგები არიან, გარემოცვა კი – მექრთამეები?“;
„რა ბედნიერებაა! როგორც იქნა, ახლა ყველაფერი წესრიგში გვექნება – საზღვრებზეც და კულტურაშიც! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“;
„ხელისუფლება საკუთარ თამაშს თამაშობს: გაჩუმებას აიძულებს მათ, ვინც არ ემორჩილება ან თავის რაიმე მიზანს ისახავს“.