კორონავირუსის უცნაური სტატისტიკა რუსეთში: კარგი მედიცინა თუ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი?
რუსეთში, კორონავირუსის სტატისტიკა ძალიან განსხვავდება მსოფლიო ტენდენციისგან. იმ დროს, როდესაც COVID-19-ისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე 300-დან 500 ადამიანამდე იღუპება, რუსეთში ეს მაჩვენებელი 16-ია. რა არის ასეთი უცნაური შეუსაბამობის მიზეზი?
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი – კარგი მედიცინა და ფართო მასების ტესტირებაა. მაგრამ ბევრს, რუსულ და საერთაშორისო მედიაში, ასევე ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსულ ოპტიმისტურ სტატისტიკას შეიძლება ვენდოთ და ამ რიცხვებში, პირველ რიგში, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ.
პოპულარულია ვერსია იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას 2020 წლის ივნისისთვის პოზიტიური სტატისტიკა სჭირდება, რათა გაინაღდოს მოსახლეობის მხარდაჭერა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე, რომელიც ვლადიმირ პუტინს, ფაქტობრივად, სამუდამოდ დატოვებს ხელისუფლებაში.
- „37.5 მაქვს, რა გავაკეთო?“ – მოსკოვში, კორონავირუსის სამკურნალოდ – ფული და კავშირებია საჭირო
- პოლიტიკოსები კორონავირუსის შესახებ. რატომ აღმოჩნდა სომხეთი რეგიონული ლიდერი ინფიცირებულთა რიცხვით?
- საქართველო: პანდემია, როგორც რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შანსი
- მსოფლიო კარანტინიდან გამოდის: რობოტები ადამიანებს სიცხეს უზომავენ და პარკებს აკონტროლებენ
მსოფლიოსა და რუსეთში ინფიცირებისა და გარდაცვალების შედარებითი მონაცემები
რუსეთში, 15 მაისისთვის, 260 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. მათგან 2 418 გარდაიცვალა.
ესპანეთში: 270 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 27 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
დიდ ბრიტანეთში: 230 ათასზე მეტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 33 ათასზე მეტი.
სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვანაირად ითვლიან კორონავირუსით გარდაცვლილებს.
ზოგიერთ ქვეყანაში, ამ რიცხვში ხვდება ყველა, ვისაც კორონავირუსი გამოუვლინდა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამ გამოიწვია საბოლოოდ სიკვდილი. სხვა ქვეყნებში, ამ სტატისტიკას ყოფენ. ამის მიუხედავად, არსად არ არსებობს ისეთი საოცარი განსხვავება, როგორც რუსეთში.
The New York Times გვთავაზობს საკმაოდ ზუსტ გზას COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რეალური დონის დასადგენად – შევადაროთ ერთმანეთს 2020 წლისა და გასული წლების ერთსა და იმავე თვეში გარდაცვლილთა საერთო სტატისტიკა.
შედეგად, ირკვევა, რომ სიკვდილიანობის საერთო დონე ევროპის 17 ქვეყანაში, ასევე თურქეთსა და ნიუ-იორკში, მკვეთრად გაიზარდა 2020 წლის მარტ-აპრილში, გასული წლის იმავე თვეებთან შედარებით.
მაგრამ არა რუსეთში.
„თუკი ერთ საავადმყოფოში დღეში ერთი პაციენტი იღუპება – მთელ ქვეყანაში ასეულები უნდა იყოს“
რუსული გამოცემა „მედუზა“ მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი COVID-ცენტრის ექიმის ციტირებას ახდენს (ანონიმური ინტერვიუ):
„მორგი გადავსებულია. ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ახლად გარდაცვლილი პაციენტების სხეული სასწრაფოდ უნდა გავგზავნოთ (გამოსაკვლევად) კომუნარკაში (საავადმყოფო). ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება ყალბი სტატისტიკის, რომელსაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ. და უნებლიეთ ვხდებით სიცრუის თანამონაწილე.
საშუალოდ, ერთი მორიგეობისას, ჩემს განყოფილებაში, ერთი პაციენტი იღუპება. თუკი ჩემთან ერთი კვდება, მაშინ, მთელ ქვეყანაში, ასეულობით უნდა იყოს“.
როდესაც ყოველდღიური სტატისტიკა არ იცვლება – ეს რას ნიშნავს?
რუსეთში, პანდემიის მიმდინარეობის სტატისტიკა სპეციალისტებში ეჭვს იწვევს თავისი უჩვეულო სტაბილურობითაც.
ასე მაგალითად, კრასნოდარის მხარეში, ვირუსის მატარებელთა გამოვლენის ახალი შემთხვევები ფაქტობრივად არ შეცვლილა 4 მაისიდან მოყოლებული, როდესაც 96 ადამიანი შეადგინა. მას შემდეგ, ეს რიცხვი ერთ ადგილზე გაიყინა: 97 ახალი შემთხვევა, 99, შემდეგ 98, შემდეგ ისევ 99, შემდეგ ისევ 98.
ასეთივე სტაბილური რიცხვები ვრცელდება სხვა რეგიონებსა და მოსკოვშიც, რომელიც პანდემიის ეპიცენტრად იქცა: დღე-ღამეში არა უმეტეს 11 000 ახალი შემთხვევისა და არა უმეტეს 56 გარდაცვლილისა და ასე გრძელდება უკვე დიდი ხანია.
მოსახლეობა რომ არ შეაწუხონ
პოლიტიკური გეოგრაფიის სპეციალისტმა, სერგეი სპილკინმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საეჭვოდ „სტაბილური“ რეგიონების გრაფიკებს არ ჰყოფნის მონაცემების მინიმალური დაშლა ანუ რყევები, რაც დამახასიათებელი იქნებოდა რეალური სტატისტიკისთვის.
მისი ვერსიით, მონაცემთა შესაძლო მანიპულირების მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ არ განაცხადონ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი მატების შესახებ.
ამის ნაცვლად, ჩინოვნიკებს, რომლებიც მონაცემებს აგროვებენ, შეუძლიათ თანდათან „გაწელონ“ დაგროვებული ინფიცირებულთა რაოდენობა – მაგალითად, ამან რაც შეიძლება დიდხანს რომ არ გადააჭარბოს 100 შემთხვევას დღეში, როგორც ეს კრასნოდარის მხარეში ხდება.
კენჭისყრა პანდემიის ფონზე
რუსეთის ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებზე, რომლის ავტორებიც ჰყვებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უთხრეს მათ ან მათ ნათესავებს უარი კორონავირუსზე ტესტირებაზე.
არის ასევე უამრავი პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ მართალია, კორონავირუსის დიაგნოზი დაისვა – გარდაცვალების დასკვნაში სხვა დიაგნოზს წერენ გარდაცვალების მიზეზად.
ისინი პირველად მხოლოდ Financial Times-ის პუბლიკაციას გამოეხმაურნენ, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის სტატისტიკა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა შესახებ, 70 პროცენტით არის შემცირებული.
ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ მაშინვე პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუსული სტატისტიკა ზუსტია და არანაირი მანიპულაცია არ ხდება.
დაბალი სიკვდილიანობა – ბრწყინვალე პროფილაქტიკური სამუშაოების შედეგია, განაცხადა გოლიკოვამ.
დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ექსპერტები რუსულ „ბრწყინვალე“ სტატისტიკას განსხვავებულად განმარტავენ – ხელისუფლების პოლიტიკური გეგმებით.
22 აპრილს იყო დანიშნული ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების კენჭისყრა, რომლის მიზანიც იყო, სამუდამო გამხდარიყო ვლადიმირ პუტინის მმართველობა.
პანდემიის გამო კენჭისყრა გადაიდო. ახლა, ხელისუფლება მის გამართვას ივნისში გეგმავს. მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება.
11 მაისს, ვლადიმირ პუტინმა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის თაობაზე განაცხადა. 12 მაისს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურში გავიდა.
უკვე ორი დღის შემდეგ კი, რუსულ სტატისტიკაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა.