გალინა პეტრიაშვილი, თბილისი
თავის დროზე ‘ახალი რუსის’ ფენომენმა საქართველოს გვერდი აუარა. სამხრეთ კავკასიაში იშვიათად წააწყდებოდით ჟოლოსფერ პიჯაკებსა და ‘მაგარ’ ყოჩებს. რუსული დიასპორა აქ ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ტექნიკოსებითა და ‘ბოტანიკოსებით’. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ისინი საწარმოებსა და კულტურულ თუ სამეცნიერო დაწესებულებებში მუშაობდნენ. მოკრძალებული დიასპორა იყო და თავისი ადგილი იცოდა – სახელოვან ნაციას გზაზე არ ეღობებოდა, არც არსად ‘ეჩრებოდა’, თუმცა… მაშინ ისედაც ვინ სად ‘ეჩრებოდა’? – მხოლოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში, და იქაც მხოლოდ მუშათა კლასისთვის იყო გზა ხსნილი.
90-იან წლებში სათვისტომოს დაბერება და შეთხელება დაეტყო; ალბათ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, ეროვნულ-პატრიოტული მღელვარების ფონზე, მორალური თუ რელური ალიყურების მონელება გაუჭირდათ. წავიდა ყველა, ვისაც კი სადმე წაესვლებოდა. რუსულენოვანი ახალგაზრდობა სასწავლებლად გაიქცა; უცხო ენების მცოდნე ადამიანებმა ევროპასა და ამერიკას მიაშურეს. საუკუნეების განმავლობაში ინდიფერენტული დუხობორებიც კი გაემგზავრნენ. ისინი ჩრდილოელმა მსტოვრებმა შეაცდინეს – წერილებს სწერდნენ, ხიბლავდნენ… ბოლოს კი აწეწილ და მთვრალ რუსეთში უპატრონოდ დაყარეს.
საქარეთველოში მხოლოდ სრულიად ‘არაახალი’, გნებავთ, ყველაზე უპერსპექტივო რუსები (და ამ სტრიქონების ავტორიც მათ შორისაა) დარჩნენ. მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ისინიც ‘კერასინკებით’ თბებოდნენ და ლობიოთი და მშრალი ორცხობილებით გაჰქონდათ თავი. მოსახლეობის სლავური ნაწილი სულ უფრო მცირდებოდა. რაღაც დროის განმავლობაში თითქმის აღარც ვჩანდით. და აი, – ‘რუსული ბუმი’ საქართველოში! აქ ადამიანების ფართო ჯგუფს ვგულისხმობ – არამხოლოდ სლავებს, არამედ ყველა იმ რუსულენოვან ადამიანს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
რამ მოიყვანა ისინი აქ?
არც ისე უმნიშვნელო მიზეზია პოლიტიკური აციება ჩრდილოეთში. სამხრეთ კავკასიას ოდითგანვე ორი პარადოქსული მიზნისთვის იყენებდნენ – დასასჯელად და თავისუფლების მოსაპოვებლად. გარდა იმისა, რომ აქ იძულებით ასახლებდნენ ადამიანებს, ამ რეგიონში ბევრი საკუთარი ინიციატივითაც გამორბოდა თავისუფლებისა და ჯანსაღი ურთიერთობების ძიებაში. მათთვის ჩრდილოეთი ცივილიზაციის მარწუხებსა და პოლიტიკური ზეწოლასთან იყო გაიგივებული, სადაც მაღალი საზოგადოების ფარისევლობა სუფევდა; კავკასიონის ქედის იქით კი მენტალურად ჯანმრთელი ‘მთის შვილები’ ცხოვრობდნენ, რომლებიც შემწყნარებლობითა და გულუბრყვილო ჰუმანიზმით გამოირჩეოდნენ.
პოლიტიკური მიზეზები დღესაც აქტუალურია. საქართველოში ჯერ კიდევ მორბიან დევნილები – არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ უფრო ახლო სამეზობლოდანაც. თბილისში თავშესაფარს პოულობენ აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები და უფლებადამცველები. ზოგიერთი დიდხანს რჩება, სხვები კი გავლით არიან.
ეს ტენდენცია სრულად შენარჩუნებულია რუსეთთან მიმართებაში. ცალმხრივი სავიზო რეჟიმი, მიმზიდველი პირობები ბიზნესისთვის, ბევრად უფრო ფართო ფანჯარა ევროპისკენ – ყველა ეს ფაქტორი სულ უფრო ხალხმრავალს ხდის მოძრაობას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაჭრილ გზაზე. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ომმაც თავისი როლი შეასრულა. ჩვენთან ჩამოდიან ის ადამიანები, ვისაც ამ კონფლიქტში მონაწილეობის მიღება არ სურს, ვინც სახლი დაკარგა – ადამიანები, რომლებსაც პროპაგანდამ კონფლიქტის მეორე მხარეს დარჩენილ ნათესავებთან ურთიერთობა გაუფუჭა.
ეკონომიკური მიზეზებიც არსებობს – თბილისი საკმაოდ ‘ძვირია’, მაგრამ, მოსკოვთან და პეტერბურგთან შედარებით, აქ თავის გატანა ბევრად იოლია – თუნდაც კლიმატის გამო. ხოლო თუ ბინას იქ გააქირავებთ და აქ იქირავებთ… მოკლედ მიმიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.
აი, რამდენიმე სიუჟეტი
სასტუმროს მენეჯერი ნოვოსიბირსკიდან. არავითარი პოლიტიკა – პირადული მოტივებით ჩამოვიდა. გრძნობები გაქრა და ურთიერთობამ თავი ამოწურა, მაგრამ მენეჯერმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო. ახალი ‘მოტივები’ და მეგობრები შეიძინა, სამუშაო იშოვა და ბინა იყიდა. სოციალურად აქტიური, წარმატებული და ბედნიერი ქალია.
რეიკის (იგულისხმება იაპონური არატრადიციული მედიცინა) მასწავლებელი დონეცკიდან. ჯერ კიდევ ომამდე დატოვა მშობლიური ქალაქი. უკან დასაბრუნებელი არც აქვს. სკოლა გახსნა. მუშაობს და მოქალაქეობის მიღებას აპირებს. ამ სიუჟეტს შეგვიძლია ასეთი რუბრიკა მოვარგოთ: ‘უნარების გაცვლა’. ეს ადამიანები იოგას, ტრანსცენდენტურ მედიტაციას, ციგუნს, სუნთქვის ტექნიკას და სხვა მრავალ თეორიას, ფილოსოფიასა და ხელოვნებას გვასწავლიან. მათ საკუთარი ცოდნა მოაქვთ. თუმცა, ბევრია ისეთიც, ვისაც ჩვენი ხელოვნების, ტექნოლოგიისა და უნარების შესწავლა სურს. ეთნოგრაფები, მეღვინეები, ალპინისტები, პოლიფონიისა და მინანქრის მოყვარულები… ჩვენთან სასწავლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოდიან.
არაფერს ვიტყვი სხვა მიგრაციულ ჯგუფებზე – ავსტრალიელ ფერმერებზე, ჩინელ მცირე მეწარმეებსა და აფრიკელ ახალგაზრდებზე, რადგან აქ პირობით ‘რუსებზე’, რუსულენოვან ადამიანებზე ვლაპარაკობთ. ჩვენს ქვაბში ეტყობა რაღაც ძალიან საინტერესო იხარშება. ძნელია დაბეჯითებით თქვა, კონკრეტულად – რა, მაგრამ ცხადია, რომ სოციალური ცხოვრება გამრავალფეროვნდა, უფრო გამოცოცხლდა, გაიზარდა სამოქალაქო თანამონაწილეობის სპექტრი – უფრო მეტი აქცია და ფლეშმობი ეწყობა. გაფართოვდა ანდერგრაუნდი.
აი, ასე ვცხოვრობთ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ სტრიქონების ავტორს მოსწონს. მიზეზები? რამდენიმე მიზეზია და მათ შორის ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორები ყველაზე აშკარაა. სტუმრებს ახალი ბიზნესიდეები მოაქვთ. ახალი მოქალაქეები გენოფონდს ამდიდრებენ, რაც არც ისე მრავალრიცხოვანი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა, უფრო ფაქიზი ვითარებაც აღსანიშნავია – ჩამოსულები ჩვენდამი იმთავითვე ინტერესითა და სიმპათიით არიან განწყობილნი. ეს ძალიან სერიოზული იმპულსია, რომელიც, შესაძლოა, განვითარების განმსაზღვრელი გახდეს. სიყვარულით მოსულს სიყვარული უკანვე უბრუნდება, შემდეგ ამრავლებს მას, სხვაგანაც ავრცელებს და თავს თავისუფალ, ‘ნაფერებ’ ადამიანად გრძნობს.
საქართველო ყოველთვის უანგაროდ სტუმართმოყვარე ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს სულ უფრო უკეთ აცნობიერებს სტუმრიანობით მიღებული მრავალმხრივი სარგებლის არსს. მასპინძლობის ტურიზმი თანდათანობით ეკონომიკურ იდეად გვექცევა, მიგრაციის პოლიტიკა კი სულ უფრო ლიბერალური ხდება. დღეისთვის ეს მთავარი პოზიტიური ტენდენციაა. და რაც უფრო ფართო და მრავალფეროვანია სპექტრი, მით უფრო შორსაა საზოგადოება დიქტატისგან. ძალიან გვინდა, ამის გვჯეროდეს.
გამოქვეყნდა : 19.05.2016