გავყაროთ ბაზრიდან უცხოელები
1-ლი ნოემბრიდან აზერბაიჯანში იმპორტულ საკვებ პროდუქტებზე საბაჟო მოსაკრებელი იზრდება. ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ამ გზით ადგილობრივი მეწარმეების უცხოელი კონკურენტებისგან დაცვას ცდილობენ. უცხოური ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი, თხილი, ალკოჰოლი, საშენი მასალები, კერამიკა… ეს ყველაფერი ან გაძვირდება, ან საერთოდ გაქრება ბაზრიდან.
მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანს ყველა ამ პროდუქტით საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეუძლია და ასეც უნდა მოიქცეს. “მთელ რიგ იმპორტირებულ პროდუქტებზე საბაჟო მოსაკრებლების გაზრდა პირველ რიგში სამამულო პროდუქციის წარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს, – ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, აიდინ ალიევმა, – ჩვენ ისედაც აზერბაიჯანში წარმოებულ საკვებ პროდუქტებს ვანიჭებთ უპირატესობას. უბრალოდ, ახლა ეროვნული პროდუქტი საზღვარგარეთიდან დემპინგურ ფასებში შემოსულ საქონელს კონკურენციას გაუწევს. თუკი ქვეყანაში ქათმის ხორცი, კვერცხი და სხვა საკვები პროდუქტები იწარმოება, რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ უცხოური ვალუტა გაყინულ იმპორტულ საქონელში?!”
მოსაკრებელი აზერბაიჯანში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იზრდება. მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე დაიხურა Bank Standard, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ბანკს წარმოადგენდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომისია კი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანაში 10-12- პროცენტიანი ინფლაცია აღინიშნება.
დღემდე იმპორტულ საქონელზე დაწესებული იყო სტანდარტული მოსაკრებელი, რომელიც საქონლის ღირებულების 15 პროცენტით განისაზღვრებოდა. პროდუქცია ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან შემოდის. ამას გარდა, ქვეყანა იმპორტულ საქონელს ირანიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. საშუალოსტატისტიკური ბაქოელის სამომხმარებლო კალათში იმპორტული საქონლის წილი მთლიანი მოცულობის, სულ ცოტა, ნახევარს მაინც შეადგენს. რეგიონებში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ უცხოელების ბაზრიდან გაგდება საქმის უკუღმიდან დაწყებაა, და ბაზარზე ეროვნული პროდუქციის არარსებობის მიზეზი იმპორტული საქონლის კონკურენტუნარიანობა კი არა, ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტ-ეკონომისტი თოღრულ მაშალლი თავის “ფეისბუკგვერდზე” წერს: “აზერბაიჯანი რუსეთის კარტოფილის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი (მაგრამ არა ძირითადი) მიმწოდებელია – მაგრამ არა “სტანდარტული”, არამედ ახალი კარტოფილის (ანუ აპრილიდან ივნისის ჩათვლით). წლის დანარჩენ პერიოდში კარტოფილი არ გვაქვს, რადგან შესანახი საწყობები არ გაგვაჩნია. ამის გამო, ქართული და თურქული კარტოფილის შემოტანა გვიწევს. რუსულ კარტოფილსაც კი ვყიდულობთ (რუსები კარტოფილის ექსპორტს, პრაქტიკულად, არ ეწევიან).
სხვა მაგალითი ვაშლს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ გუბელი ფერმერები [გუბა – აზერბაიჯანული ქალაქი, რომელიც თავისი ვაშლითაა განთქმული] “სასწაულის” მომსწრენი გახდნენ – მათ დიდი მოსავალი მოიწიეს. თქვენი აზრით, რა მოხდა ამის შემდეგ? ფერმერებმა არ იცოდნენ, სად გადაეყარათ ეს ვაშლი, რადგან ამ პროდუქტის შესანახი ადგილი არ ჰქონდათ (იმ რეგიონში ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის), პირდაპირ რუსულ ბაზარზე გაშვება კი ძალიან შეამცირებდა ფასებს. და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ახალ ვაშლს ვყიდდით. სხვა პერიოდში გუბის ვაშლის შოვნა შეუძლებელია და აზერბაიჯანი იძულებულია, ვაშლი უცხო ქვეყნებიდან (ლათინური ამერიკის სახელმწიფოებიდანაც კი) შემოიტანოს.”
ცნობილი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, ნატიკ ჯაფარლი აღნიშნავს: “წინათ რაღაც იმედი მაინც არსებობდა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდოდით და აზერბაიჯანი ცივილიზებული ქვეყნების სივრცეში მოხვდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა არ სურს. მიზეზი მარტივია – არსებობს ვერსია, თითქოს აზერბაიჯანს განვითარების საკუთარი გეგმა აქვს, რაც სინამდვილეში, ქვეყნის შიდა ბაზრის მაკონტროლებელ ოლიგარქთა ჯგუფის ინტერესების დაცვისათვის საჭირო არგუმენტია.”
სოციალურ ქსელებში გავრცელებული რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ხალხს ყველაზე მეტად ფასების ზრდის პერსპექტივა აშინებს.
“ფასები შეიცვლება არა ერთი თვის შემდეგ (როდესაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა), არამედ ახლავე, როდესაც სუპერმარკეტები ფასის მაჩვენებლებზე გამოსახულ რიცხვებს შეცვლიან.”
“ამბობენ, 100 გრამ კალიაში 1500 კილოკალორიააო. მომავალ წელს ამ ინფორმაციამ, შესაძლოა, სიკვდილისგან გვიხსნას”.
“Winter is coming!”[“სამეფო თამაშების” ცნობილი ციტატა]
ელდარი, პატარა მაღაზიის მეპატრონე: “ვიდრე სხვა ღირებულების საქონელს არ მივიღებ, ფასებს არ შევცვლი. დღეს კვერცხისა და რუსული არყის მთელი მარაგი გავყიდე.”
გამოქვეყნდა: 06.10.2016