სომხეთში, უკვე სახლიდან გასვლა და კაფეში დასხდომაც შეგიძლიათ - საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა
კომენდატურის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან, სომხეთში, მოიხსნა შეზღუდვა მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილებაზე, ასევე, მუშაობის უფლება მიიღო ბიზნესის დიდმა ნაწილმა
ამის გამო, ქვეყნის ყველა მოქალაქეს სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, რაც საშუალებას მისცემთ, თავიდან აიცილონ დაინფიცირება და ვირუსის სხვისთვის გადაცემა.
ვიცე-პრემიერმა და საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა, ტიგრან ავინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ახლა სამსახურში და კაფეში სიარულიც კი შეიძლება, მაგრამ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კვლავ დაბრუნდება მკაცრი შეზღუდვები.
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 14 მაისამდე მოქმედებს. თუმცა, შეზღუდვების უმეტესობა საკარანტინო რეჟიმის დასრულებამდე შეწყდება.
ამავდროულად, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ზრდას აგრძელებს. ეს არ არის პირველი დღე სომხეთში, როდესაც 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 4 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 121-ით გაიზარდა და 2 507-ს მიაღწია. სულ, ამ დროისთვის, გამოჯანმრთელდა 1 071 ადამიანი, მკურნალობას აგრძელებს – 1 393. კიდევ ოთხი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უკვე 39-ია. 4 პაციენტი კი სხვა დაავადებას ემსხვერპლა.
- რას ნიშნავს გადაიტანო კორონავირუსი? გვიყვებიან ისინი, ვინც დაინფიცირდა და უკვე გამოჯანმრთელდა
- საქართველო – გვინდა თუ არა მასობრივი ტესტირება?
რა არის უკვე ნებადართული და რა არის ჯერ კიდევ აკრძალული
მოიხსნა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები გათავისუფლდნენ სახლიდან გასვლისას „გადაადგილების ანკეტის“ შევსების აუცილებლობისგან. მასში ადამიანები წერდნენ, საიდან და რომელ საათზე გავიდნენ, სად მიდიოდნენ და როდის დაბრუნდებოდნენ უკან.
რაც შეეხება ბიზნესის მუშაობას – 4 მაისიდან მოიხსნა შეზღუდვა საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე. თუკი ადრე მხოლოდ სასურსათო მაღაზიები მუშაობდა, ახლა გახსნის უფლება მიიღო ყველამ, გარდა დიდი სავაჭრო ცენტრებისა და უნივერმაღებისა.
იხსენება გადამამუშავებელი ინდუსტრიის, ტექსტილის, ავეჯისა და ფეხსაცმლის ყველა საწარმო.
მუშაობა დაიწყეს ღია სივრცეში განთავსებულმა კაფეებმა და რესტორნებმა, მაგრამ ჯერჯერობით არ შეიძლება კლიენტების მომსახურება დახურულ დაწესებულებებში.
სპორტდარბაზებიც გაიხსნება, მაგრამ მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის.
ამუშავდა ქიმწმენდები, სილამაზის სალონები, საპარიკმახეროები და ავტოსამრეცხაოები.
სრულად ამუშავდა ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფერო.
ჯერჯერობით არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს აკრძალვა შენარჩუნდება, რადგან, ეპიდემიოლოგების აზრით, „არსებობს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გარკვეული რისკები“.
იმის გათვალისწინებით, რომ 4 მაისიდან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამსახურს უბრუნდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, შესაძლოა, დიდი პრობლემა გახდეს. ფაქტობრივად, ადამიანებს სამსახურში მისვლა მოუწევთ პირადი ავტომობილებით ან კიდევ ტაქსით.
ყველა საწარმომ, რომელმაც მუშაობა განაახლა, უნდა დაიცვას კომენდატის ოფისის მიერ შემუშავებული სავალდებულო ორგანიზაციული სტანდარტები. მათი დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენებენ მკაცრ სანქციებს.
კომენდანტის თქმით, გაძლიერდება კონტროლი წესების დაცვაზე:
„შესუსტებული შეზღუდვები არ ნიშნავს, რომ პანდემიის საფრთხემ გადაიარა. ეს არის ცხოვრების ახალ პირობებთან ადაპტირების მცდელობა. ამიტომ, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური, სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა. ეს უნიკალური ტესტია იმის გასარკვევად, რამდენად დისციპლინირებულები და შეგნებულები ვართ“.
ტიგრან ავინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დაბრუნდება.
ხელისუფლება COVID-19-ის წინააღმდეგ დეცენტრალიზებულ ბრძოლაზე გადადის
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ნაბიჯები, 3 მაისს, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა და ვიცე-პრემიერმა, საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა, ტიგრან ავინიანმა.
ამ საუბრის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, პრემიერ-მინისტრის მთავარი განცხადება გაისმა:
„COVID-19-ის წინააღმდეგ დეცენტრალიზებულ ბრძოლას ვიწყებთ“.
მისი თქმით, კომენდატურა საკუთარ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა, ახლა მთელი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, თვითონ მოქალაქეებზე იქნება.
„ახალი პერიოდი, რომელშიც შევდივართ, მოქალაქეებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობაზე არის დამოკიდებული. ჩვენ ასევე გვაქვს სადამსჯელო ზომები, რომელსაც უპასუხისმგებლობის გამოვლენის შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – განაცხადა კომენდანტმა.
ჯანდაცვის მინისტრი კი ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევების რაოდენობის ზრდის საკითხს შეეხო. მისი აზრით, ეს დაკავშირებულია მოქალაქეების მობილობის გაზრდასთან, ასევე, ინფექციის კონკრეტულ კერებში გავრცელებასთან. ამავდროულად, გაიზარდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა.
„დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 65 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, 35 – უკიდურესად მძიმეში, 9 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, რაც ჯერ კიდევ არ არის დიდი დატვირთვა ჯანდაცვის სისტემისთვის“, – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.
ექსპერტული მოსაზრება
ერევნის მთავარი პათოლოგი, სომხეთის პათოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, არმენ მხითარიანი კომენდატურის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო დიდი ზრდის რისკი არსებობს. მისი აზრით, საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქების გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვირუსის პიკი უკვე გავლილი იქნებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია კი ჯერჯერობით არ არსებობს.
„ვირუსი 100%-ით გადალახული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოლექტიური იმუნური სისტემა იქნება გამომუშავებული, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულს გამოიმუშავებს… ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, სომხეთის მოსახლეობის რა პროცენტს აქვს იმუნიტეტი, იმიტომ, რომ ამისათვის მთელი მოსახლეობის ტესტირებაა საჭირო, ამისათვის კი ჯერჯერობით რესურსები არ გვაქვს“, – ამბობს ის.
მხითარიანის თქმით, კარანტინის ეფექტურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ინფიცირების შემთხვევათა ზრდა თანდათანობით ხდებოდა და არა მკვეთრად. ამან კი ჯანდაცვის სისტემას სერიოზულ შემთხვევებთან გამკლავების საშუალება მისცა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელებში, ასევე განიხილება ხელისუფლების გადაწყვეტილება შეზღუდვების მოხსნის შესახებ.
აი, რამდენიმე კომენტარი:
„ეს უნიკალური ტესტია… ვერ გაიგეთ, რომ ამ თქვენი ტესტის გარკვეული პერიოდი უბრალოდ ჩავარდა? რა აზრი ექნება სამომავლოდ რაიმეს გამკაცრებას – მორიგი ჩავარდნის შემდეგ?“.
„პოლიციას არცერთხელ არ გავუჩერებივარ და არ გადაუმოწმებია, ანკეტა მქონდა თუ არა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველა გამოდიოდა ქუჩაში, ჯგუფებად დადიოდნენ, იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს, ნარდს, მიდიოდნენ მწვადის შესაწვავად. ერთი სიტყვით – ბოლო თვეებში თქვენმა საქმიანობამ აბსოლუტურად არანაირი შედეგი არ გამოიღო. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თქვენ ძალიან სუსტები ხართ“.
„იჩქარეთ. კიდევ, რამდენიმე კვირა უნდა მოგეცადათ. ექიმები მებრალებიან“.
„უფრო სწორი იქნებოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც დაგეშვათ – სწორედ იმ საწარმოების თანამშრომლებისთვის, რომლებმაც უკვე დაიწყეს საქმიანობა. ეს ხალხი, რაღაცნაირად ხომ უნდა მივიდეს სამსახურში. ტრანსპორტი არ მუშაობს, მხოლოდ ტაქსი. სად არის ლოგიკა?“.
„ანუ თქვენ ელოდით, როდის გაიზრდებოდა ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, რათა რეჟიმი შეგემსუბუქებინათ? ბრწყინვალე ლოგიკაა! 30 დღის შემდეგ, კატასტროფა გველოდება. ის ფაქტი, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება, აჩვენებს თქვენი ორგანიზებული კარანტინის ხარისხს!“.